მარიამ გაფრინდაშვილiს ინტერვიუ დედობაზე და იმ ტრაგედიაზე, რაც მის თავს დატრიალდა: "ამას არც ერთი მშობელი არ იმსახურებს. ახლაც მეშინია ჩემი თავის" - Marao

მარიამ გაფრინდაშვილის ინტერვიუ დედობაზე და იმ ტრაგედიაზე, რაც მის თავს დატრიალდა: "ამას არც ერთი მშობელი არ იმსახურებს. ახლაც მეშინია ჩემი თავის"

2026-06-29 11:35:55+04:00

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას ვაჟი ,ლუკა მიქაია შეეძინა. მარიამი ვიკა ბუკიას გადაცემის, „ვიკასთან“, სტუმარი იყო და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის დედობაზე, ასევე იმ დიდ ტრაგედიაზე, რომელიც მის ოჯახში დატრიალდა. აღსანიშნავია, რომ გადაცემა მანამდეა ჩაწერილი, სანამ მარიამი დედა გახდებოდა. 

მარიამ გაფრინდაშვილის ინტერვიუ

დედობის მოლოდინში

- პატარას ძალიან ველოდები, ახლა მით უმეტეს. ამ ამბავს ჩემს ცხოვრებაში, და არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ დედა ვხდები. თან, ცოტა არ იყოს, ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე ეს მდგომარეობა. გუშინ დავიწყე დეკრეტული შვებულება, აქამდე მოედანზე ვიყავი. გარკვეული ფაქტორების ფონზე, მოლოდინი კიდევ უფრო დიდი მაქვს, არა მარტო მე, არამედ ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო. ჯერ არაფერი მაქვს ნაყიდი, დიდი მზადება არ დამიწყია.

ძალიან მეშინია პირველი შეხვედრის და შემდეგ უკვე, ზრუნვის მომენტის. ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა საკუთარი თავის მეშინია: რამდენად მოვახერხებ მასზე დამოუკიდებლად ზრუნვას. როგორ არ მიხარია, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვასწარი ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ რამეს შეცვლის და მას ბევრი ადამიანი ელოდება.

mariam-gaprindashvili

  • "სულ რამდენიმე საათში ახალი ცხოვრება იწყება“ - მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა: რა დაარქვეს პატარას? 

მარიამის ოჯახის ტრაგედია

- სულ მაქვს განცდა, რომ დრო ვერ დავუთმე, ან ზარს არ ვუპასუხე, ან არ შევხვდი, როცა მას უნდოდა. დღესაც, აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, ამაზე საუბარი რომ მომიწევდა, და არ მინდა, რომ ისევ ვერ ვიპოვო მისთვის დრო. ახლა დრო რომ დავაბრუნო, ყველა ზარს ვუპასუხებდი, თუნდაც დარბევის დროს. გიჟი იყო, შუა დარბევის დროს მირეკავდა.

ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, ჩემ გარშემო ადამიანები მეუბნებოდნენ და მახსენებდნენ ჩემს მდგომარეობას. თავზარდამცემი და დაუჯერებელი ამბავი იყო, ჩემი ეს მდგომარეობა საერთოდ დამავიწყდა. ცოტა უპასუხისმგებლოც ვიყავი, რადგან არ მახსოვდა, რომ ახალ სიცოცხლეს ვატარებდი. ამ ამბავს დღემდე ვერ ვიგებ - ჩემი ტვინი ბლოკავს.

ვერ სწავლობ ცხოვრებას. სამსახურში გავედი თვე-ნახევარში, მაგრამ წარმოუდგენელია, როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენ ხუთი და-ძმა ვართ, 24 საათი ერთად ვიყავით და შეგრძნება გვაქვს, თითქოს დავცოტავდით, მთლიანობა დაირღვა და, ამასთან ერთად, ცხოვრების სწავლა რთულია. ეს ისეთი აუწონელი ტკივილია, რომ მერე რაღაცებზე დანაშაულის შეგრძნება გაქვს.

ირმა მე არ მგავდა, ძალიან კეთილი იყო. მან იმდენი სიკეთე დატოვა, რომ ჩვენც არ ვიცოდით. ჩვენთან მოდიან ადამიანები და ისტორიებს გვიყვებიან; მე ამდენი ისტორია მასზე არ ვიცოდი. სახლში „შინაგან საქმეთა მინისტრს“ ვეძახდით. საინფორმაციოს ყურება რომ მეზარებოდა და მეორე დღეს ეთერში ვიყავი, ირმა უყურებდა და ყველა დეტალს მიყვებოდა. ირმა პოლიტიკურ ამბებში იყო ჩართული და, მგონი, ჭიათურაში ერთადერთი სახლი იყო, სადაც უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ერთად ეკიდა.

შუა დარბევის დროს მირეკავდა და მთხოვდა, რომ წავსულიყავი. გონება რომ დავკარგე, ეს მისთვის ძალიან ემოციური იყო. როცა ოჯახის წევრებს დავურეკე, ის უკვე გზაში იყო და მოდიოდა. არ ვიცი, ცხოვრება როგორ გრძელდება, მაგრამ ვიცი, რომ მისი შვილები ჩემთან ერთად არიან.

mariam-gaprindashvili

  • "ერთი ტირილი მთელი ცხოვრების აზრს ცვლის" - მარიამ გაფრინდაშვილისა და ნიკო მიქაიას პირველი ფოტოები შვილთან ერთად 

მას ჰყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. უფროსზე, ლევანიკოზე, სულ მეუბნებოდა, შენ გაჩუქეო. ისე მოხდა, რომ ყველას საჩუქარი დაგვიტოვა. ლევანიკო 23 წლისაა, სანდრო 17 წლის. ორივე ირმას საჩუქარია. ძალიან მძიმედ გადაიტანეს, ჯერ ამ ყველაფრის მიმღებლობა არ აქვთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში უკიდურესად გვაკლიან.

მე ღმერთზე გავბრაზდი. ვცდილობდი ამ ყველაფრის ახსნას, მაგრამ უსამართლობის განცდა მქონდა. დიდი უსამართლობაა, ამას არავინ იმსახურებს. არ მაქვს იმ ადამიანების მიმღებლობა, ვინც ამბობს, რომ ღმერთს საუკეთესოები მიჰყავს. ახლა უფრო ვუფრთხილდები ჩემს თავსა და და-ძმებს. მე ვერაფრით ვეტყვი დედაჩემს, რომ ირმა გარდაიცვალა და იქ უფრო კარგად არის. თან ისე მოხდა, რომ ვერ ახსნი, სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში. ნასვამი საჭესთან არავინ უნდა დაჯდეს. ადამიანმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. მკვლელობაა, როცა ნასვამი ჯდები საჭესთან. მას მხოლოდ კილომეტრნახევარი ჰქონდა გასავლელი. მთვრალი რომ არ ყოფილიყო, იმ ტრაგედიაში არ იქნებოდა ის ადამიანი და, შესაძლოა, ჩემი დაც ცოცხალი ყოფილიყო. დედასა და მამას ვეუბნები, რომ სანდროსა და ლევანიკოსთვის უნდა გააგრძელონ ცხოვრება.

ამ ტრაგედიამდე ირმას რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრეთ. სახლში შვილისთვის მოჰქონდა რაღაცები და მას სანდრო ელოდებოდა. როდესაც მე ჭიათურაში ჩავედი და გავარკვიეთ, რა მოხდა, ჩემმა მშობლებმა, ჩემი აზრით, უდიდესი დიდსულოვნება გამოიჩინეს და საჩივარი არ დაუწერიათ. მე არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი. ეს ბიჭი იყო ნასვამი და არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თუმცა ის ადგილზე დააკავეს; ჩემი და კი ადგილზე გარდაიცვალა. ჩემი და თავადაც მედიკოსი იყო და შველაც ვერ ითხოვა. ჩემი მშობლების პოზიციაა, რომ კანონი გადაწყვეტს ყველაფერს - მათ მისი დასჯა არ მოუთხოვიათ. მე ვთვლი, რომ ის ისედაც დასჯილია, რადგან ეს ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს. ის ირმას ძალიან კარგად იცნობდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და, როგორც ვიცი, განაჩენს ელოდება.

ეს სრულიად შემთხვევით მოხდა და ჩაუჯდა მანქანაში, ჩვენს უბანში ცხოვრობდა ეს ბიჭიც. როდესაც ნახა, რომ ეს ადამიანი ნასვამი იყო, პირველად არ ჩაუჯდა, თუმცა წუთ-ნახევარში მეგობარს უთხრა: მთვრალი როგორ უნდა გავუშვა, პატარა ბიჭია, შვილის ტოლაო, და მერე ჩაუჯდა. 30 წამში ისეთი მანევრი შეასრულა, რომ ირმა ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში კიდევ ორი ადამიანი იყო, საბედნიეროდ, მათ არაფერი დაშავებიათ. ირმა წინ იჯდა, ღვედი არ ეკეთა. ფეხით რომ წამოსულიყო, სახლში ხუთ წუთში იქნებოდა. ამის გააზრება კიდევ უფრო რთულია.

ჩემი მშობლებისთვის ძალიან რთულია, თან ირმა ჭიათურაში იყო და ისინიც იქ ცხოვრობენ. ორივეს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ჰქონდა. ამას არც ერთი მშობელი არ იმსახურებს. ახლაც მეშინია ჩემი თავის , არის შემთხვევები, რომ არანაირი რეაქცია არ მაქვს.