ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი საიმონ ვუდსის ახალ ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ახალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს. იგი რეჟისორ საიმონ ვუდსის ახალ სურათში - The Worst - ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახეს განასახიერებს. ფილმის გადაღებები ამჟამად სამხრეთ საფრანგეთში, კერძოდ პროვანსში მიმდინარეობს.
ამავე პროექტში მთავარ როლებს მსოფლიო კინოს ვარსკვლავები: ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი ასრულებენ. სამსახიობო ქასთში მათთან ერთად ასევე არიან ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი და ანა მაქსველ-მარტინი.
როგორც თავად მსახიობი იხსენებს, ყველაფერი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როდესაც მას ნატალია ჯუღელი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროექტის ქასთინგის რეჟისორი, დიქსი ჩესი, მისი კანდიდატურით დაინტერესდა.

„კასტინგის ვიდეოს გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში როლზე დამამტკიცეს. პროვანსში 27 მაისიდან ვიმყოფებით. ყოველდღე საკუთარ თავს ვჩქმეტ, რომ დავრწმუნდე, ეს ყველაფერი სიზმარი არ არის და რეალურად მემართება“, - აღნიშნავს ეკა ჩავლეიშვილი. იგი ასევე ხაზს უსვამს გადასაღებ მოედანზე არსებულ უმაღლესი დონის სამუშაო გარემოს და ამბობს, რომ 12-კაციანი სამსახიობო გუნდის თითოეული წევრი საოცარი პროფესიონალიზმითა და თბილი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით გამოირჩევა.
აღნიშნულ წარმატებას დიდ მიღწევად მიიჩნევს ნატალია ჯუღელიც. მისი თქმით, დიქსი ჩესის ინტერესი ქართული სამსახიობო სფეროს მიმართ ჯერ კიდევ 2024 წელს გაჩნდა, როდესაც ის კინოდაჯილდოება „ელისოს“ ჟიურის შემადგენლობაში მუშაობდა.

„ჩვენი სურვილიც ეს იყო - მას აღმოეჩინა ქართველი მსახიობები და ეს მიზანი მიღწეულია. ვიცი, რომ დიქსი ჩესი სხვადასხვა როლებზე ხშირად განიხილავს ქართველ არტისტებს. ძალიან მიხარია, რომ ეკა ამ ფანტასტიკური პროექტის ნაწილი გახდა. სცენარის წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ეს პერსონაჟი ზუსტად მისთვის იყო შექმნილი. ვულოცავ მას ამ დიდ აღიარებას და წინ კიდევ ბევრ საინტერესო თავგადასავალს ვუსურვებ“, - აცხადებს ნატალია ჯუღელი.
შეგახსენებთ, რომ ეკა ჩავლეიშვილმა ფართო საერთაშორისო აღიარება ელენე ნავერიანის ფილმში - „შაშვი შაშვი მაყვალი“ - შესრულებული ეთეროს როლით მოიპოვა, რისთვისაც მან არაერთი პრესტიჟული კინოჯილდო და ნომინაცია დაიმსახურა.