„არყოფნა - ყოფნის უმაღლესი ფორმაა“ - წერს სოციალურ ქსელში ნინი ნებიერიძე, ბიზნესმენ თემურ უგულავას მეუღლე და ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოები წლების მანძილზე მათი ოჯახის ისტორიას ჰყვება - წყვილს ორი შვილი, თემო და ტოკიო ჰყავს.






თემურ უგულავა - განვლილი გზა
თემურ უგულავა ქართველი ბიზნესმენი, XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
თემურ უგულავამ სამეწარმეო საქმიანობა 2003 წელს დაიწყო სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედი კომპანიით AdjaraBet, რომელიც 2019 წელს გაყიდა. 2010 წელს დააფუძნა Adjara Group, სტუმართმოყვარეობის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია. ჯგუფის დაარსებულია ქართული სასტუმროების ბრენდი Rooms Hotels, სასტუმრო „სტამბა“, მულტიფუნქციური კომპლექსი „ფაბრიკა“. ჯგუფი ასევე მართავს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს და თბილისის სპორტის სასახლეს.
უგულავას პროექტების დიდი ნაწილი მიტოვებული საბჭოთა ინდუსტრიული სივრცეების შემოქმედებით რეკონსტრუქციას და თანამედროვე ურბანული კულტურის ცენტრებად გარდაქმნას ეფუძნებოდა. მის სხვა საქმიან წამოწყებებს შორის იყო საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი Setanta Sports, ონლაინმარკეტი Veli Store და ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი Scroll. 2026 წელს უმდიდრეს ქართველ მეწარმეთა „ფორბსის“ სიაში უგულავა 41-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება შეადგენდა 282 მილიონ ლარს.
თემურ უგულავამ სამჯერ იქორწინა, პირველად - თეო ფერაძეზე და შეეძინათ ორი შვილი, მეორედ - ბაია დავითაიაზე და ერთი ვაჟი შეეძინათ, მესამედ კი - ნინი ნებიერიძეზე - მათ ორი შვილი ჰყავთ. თემურ უგულავას და ეკა ნიჟარაძეს ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა მათ ჰყავთ ერთი ვაჟი.
თემურ უგულავა გარდაიცვალა 2026 წელს, 56 წლის ასაკში მძიმე სენით, საზღვარგარეთ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.