ანჯელინა ჯოლის ახალმა როლმა საკუთარი ცხოვრების გადაფასება აიძულა.
ფილმში „Couture“ (ოტ კუტიური), 51 წლის მსახიობი მაქსინ უოლკერის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი რეჟისორია, რომელიც პარიზში ყოფნისას, მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის პარალელურად, ახალ სიყვარულს პოულობს.
ამ როლმა ჯოლის პირადი ცხოვრებისადმი მიდგომა შეუცვალა. შეგახსენებთ, რომ მსახიობის დედა, მარშელინ ბერტრანი, 2007 წელს საკვერცხისა და მკერდის კიბოთი გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

„მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ ქმარს დავშორდი, პაემანზე არავისთან ვყოფილვარ და არც არავის შევხვედრივარ, ხომ ასეა?“ - განაცხადა მან Yahoo Entertainment-თან ინტერვიუში, როდესაც ბრედ პიტთან 2016 წლის განქორწინებაზე საუბრობდა. „გონებაში რაღაცნაირად ჩავბეჭდე, რომ თუკი მთელ ყურადღებას შვილებსა და ოჯახს ვუთმობდი, ცხოვრების ეს ასპექტი ჩემთვის მთავარი აღარ უნდა ყოფილიყო“.
თუმცა, მაქსინის სახის შესაქმნელად ჯოლის საკუთარი შეხედულებების გადაფასება დასჭირდა.
„დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ქალს შეუძლია უყვარდეს თავისი ქალიშვილი, მისი ერთგული იყოს და, ამავდროულად, სჭირდებოდეს და იღებდეს კიდეც სითბოს, როგორც ქალი. მივხვდი, რომ ეს მისთვის, შესაძლოა, ერთგვარი განკურნებაც კი ყოფილიყო“, - აღნიშნა ჯოლიმ.
ოსკაროსანმა ვარსკვლავმა იქვე დასძინა: „ცხოვრებამ ცოტათი გამტეხა, მაგრამ კვლავ უნდა დავიწყო ცხოვრება და ისევ თავისუფალი გავხდე“.
მისივე თქმით, წინსვლისკენ მისმა სამმა ქალიშვილმა - 21 წლის ზაჰარამ, 20 წლის შილომ და 17 წლის ვივიენმა უბიძგეს.
„ისინი უკვე დიდები არიან, როგორც ზრდასრულ ქალებს, ისე ველაპარაკები და ზუსტად ვხედავ, რა მომავალი მინდა მათთვის. ვხედავ, რა თვისებები არ უნდა დაკარგონ და რას უნდა ჩაეჭიდონ. ამ ყველაფერმა კი შემახსენა ის, რაც, შესაძლოა, თავად დავკარგე“.

ექვსი შვილის დედა აღნიშნავს, რომ ქალიშვილები მას „ძველ მე-სთან“ აბრუნებენ.
„მგონია, მათაც უნდათ, რომ მხოლოდ ‘დედა’ არ ვიყო. ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სივრცე იმისთვის, რომ კვლავ ვიპოვო ჩემში ქალი და არა მხოლოდ მშობელი“.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ჯოლიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი: „ვგრძნობ, რომ ისევ უნდა ვიცოცხლო და თავისუფლება დავიბრუნო“.
ბრედ პიტთან დაშორებიდან გასული ათი წლის განმავლობაში, ჯოლი ძირითადად ექვსი შვილის (მედოქსის, პაქსის, ზაჰარას, შილოს, ნოქსისა და ვივიენის) აღზრდით იყო დაკავებული და კინოშიც მხოლოდ გამორჩეულ როლებს თანხმდებოდა. კარიერას აქტიურად აგრძელებს ბრედ პიტიც, რომელიც პირად ცხოვრებაში, 2022 წლიდან, ინეს დე რამონს ხვდება.

განქორწინებიდან ათი წლის შემდეგაც კი, ყოფილი მეუღლეები სასამართლოში კვლავ ფრანგული შატოსა და ვენახის, Château Miraval-ის გამო დავობენ, სადაც გასულ კვირას პიტმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია.
ჯოლის ადვოკატმა 25 ივნისს გამოცემა PEOPLE-ს განუცხადა, რომ ამ შუალედურ გადაწყვეტილებებს საქმის არსებით მხარეზე გავლენა არ მოუხდენია: „ჯოლი უბრალოდ მოუთმენლად ელის მომავალ წელს დაგეგმილ სასამართლო პროცესს, რათა ეს საქმე საბოლოოდ მოიგოს და ოჯახმა წინსვლასა და მშვიდ ცხოვრებაზე გადაიტანოს ყურადღება“.