"ახლაც კი, როდესაც ხმა აღარ მაქვს, მაგრამ როიალთან ვჯდები და იმ ძველ სიმღერებს ვმღერი ..." - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ - Marao

"ახლაც კი, როდესაც ხმა აღარ მაქვს, მაგრამ როიალთან ვჯდები და იმ ძველ სიმღერებს ვმღერი..." - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ

2026-07-01 14:01:15+04:00

ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე, თიკო ნებიერიძის გადაცემას სტუმრობდა. მომღერალმა გულახდილად ისაუბრა თავის განცდებზე, იმაზე, თუ რას გრძნობს სცენაზე დადგომისას, როგორ არჩევს სამოსს და როგორ იცვლებოდა მისი მუსიკალური გზა წლების განმავლობაში.

nani-bregvadze

  • "ზოგჯერ ვამბობ, რომ კარგად ვარ, მაგრამ რეალურად არ ვარ კარგად" - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ 

ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ

  • სამოსის შერჩევა

- არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ, აი, ამ კაბას კიდევ ერთხელ ჩავიცვამ ან გავიმეორებ-მეთქი. ეს ძალიან რთულია, იცით? დღესაც კი, როდესაც სადმე გამოსვლა მაქვს, სულ იმაზე ვფიქრობ, რა ჩავიცვა. თუმცა, დღეს ისეთი ფართო არჩევანი და საშუალებებია, რომ ეს ნამდვილი ბედნიერებაა.

ადრე, საზღვარგარეთ ყოფნისას, ძალიან ცოტა ფულს გვაძლევდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი ხოლმე ერთი მზა კაბის ყიდვას. თუმცა, აქ სხვა მომენტიც არის: შეიძლება ძალიან ლამაზი კაბა გეცვას, გახვიდე სცენაზე და თქვა, რომ მას აღარასოდეს ჩაიცვამ, იმიტომ რომ შენი არ არის. სამოსში თავი კომფორტულად უნდა იგრძნო - ეს შინაგანი განცდაა. მოძრაობისას, ხელის აწევისას არაფერმა უნდა შეგიშალოს ხელი.

როცა სცენაზე დგახარ, ყველაფერი ალბათ მაინც ღვთის წყალობაა, იქიდან მოდის. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვარ განწყობილი. შინაგანი ხმა სულ მიკარნახობს ხოლმე: „არა, ეს არა, ახლა ეს არ გააკეთო“. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თავისუფალი არ ვარ, - როგორ არა, თავისუფალი ვარ, მაგრამ საკუთარ თავს ვაკონტროლებ.

როდესაც კაბას მიკერავენ, ან მზას ვიცვამ, აუცილებლად უნდა შევხედო, მიხდება თუ არა. ამ დროს მხოლოდ ჩემს აზრს არ ვეყრდნობი. არავითარ შემთხვევაში! აუცილებლად ვითვალისწინებ იმ ადამიანების აზრს, ვისი შეხედულებაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვეკითხები მათ, ღირს თუ არა ამა თუ იმ კაბის აღება ან ყიდვა.

  • "სწორედ იმიტომ დამტოვა, რომ მომცა თავისუფლება. მითხრა, მე შენ ხელს გიშლიო" - ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ 

nani-bregvadze

  • მუსიკა და თვითკრიტიკა

- ყველა ხელოვანი, რომელიც გაჩერდება და ჩათვლის, რომ მის მიღმა აღარაფერია, მართლაც დაკარგავს ყველაფერს. ის წინ უნდა მიდიოდეს. ჩემი სიმღერა... აი, ახლა რაღაც სიმღერას ძლივს ვმღერი და ვლაპარაკობ... მაგრამ მე წინ უნდა წავსულიყავი. იმ ეპოქაში ჩემი სიმღერა მიღებული იყო, მაგრამ მე მაინც რაღაც არ მომწონდა და არც ვიცოდი, კონკრეტულად რა, რადგან არასწორი დამოკიდებულება თუ სიღრმე მქონდა - ახალგაზრდა ხარ და ვერ ხვდები... ხმაც სხვანაირი იყო.

  • „ნანი, რა სისულელეებს მელაპარაკებიო, ჭკუას მასწავლიდა..." - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ 

არ გაგიკვირდეთ და 50 წლის რომ გავხდი, მხოლოდ მაშინ ვთქვი, რომ უკვე შემდგარი მომღერალი ვარ. აი, ახლაც კი, როდესაც ხმა აღარ მაქვს, მაგრამ როიალთან ვჯდები და იმ ძველ სიმღერებს ვმღერი - იცით, რამდენი ახალი ფრაზა და ახალი განწყობა მოდის? გული მწყდება ხოლმე... ამას ღმერთი გაძლევს.

შენ თვითონაც არ იცი, ამ დროს რატომ აკეთებ ამას... მე ვოკალის პედაგოგი არ მყოლია, ხმა ბუნებრივად მქონდა დამუშავებული და სწორად ვმღეროდი. ყელთან დაკავშირებული პრობლემა არასოდეს მქონია, თუ არ გავცივდებოდი. სწორი, ძალიან ღრმა სუნთქვა მქონდა და შემეძლო ხმა დიდხანს გამეჩერებინა. ვაიმე, იცით რა? ძალიან რთულია ამის გადმოცემა. პროფესიონალმა, კლასიკურმა ვოკალისტებმა ეს უკეთ იციან. მე შემთხვევითი ვარ.