ქართული კულტურის ისტორიაში არსებობენ ფიგურები, რომელთა სახელიც დიდებასთან, ნიჭსა და თავდაუზოგავ შრომასთან ასოცირდება. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ნინო რამიშვილია, ქალი, რომელმაც ილიკო სუხიშვილთან ერთად შექმნა ეპოქა და ქართული ცეკვა მსოფლიოს გააცნო.

ნინო რამიშვილი 1910 წელს, ქალაქ ბაქოში დაიბადა. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. 12 წლის ასაკიდან სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა და ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.
1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
"იცით, რით ვარ ბედნიერი? დავიბადე არაჩვეულებრივ დღეს, ნათლისღებას. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო და ჩვენ სოფელში წავედით, მაგრამ რამდენი ხანი ვიქნებოდით იმ სოფელში? როცა ქალაქში დავბრუნდით, სახლში აღარ შეგვიშვეს, იქ ვიღაც ბოლშევიკი შებრძანდა და ერთი სკამი და სინიც კი არ დაუბრუნებია. მას შემდეგ კეცხოველის ქუჩაზე ვცხოვრობდი", - ამბობდა ნინო რამიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის "ჰოპლას“ ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ ლეგენდარულ ნინო რამიშვილს მიეძღვნა, სადაც "სუხიშვილების“ ძველი თაობის მოცეკვავეებმა ის დიდი სიყვარულით გაიხსენეს. მათი მოგონებებიდან ჩანს, თუ რა უჯდებოდა დასს ის სრულყოფილება, რომელსაც მაყურებელი სცენაზე ხედავდა.
"რამდენ დროსაც საჭიროდ თვლიდა ნინო, იმდენ დროს ვანდომებდით რეპეტიციებს და ზოგჯერ ეს იყო ჯოჯოხეთური და დამქანცველი რეპეტიციები. სხვათა შორის, ბევრი ვერ უძლებდა და ჩვენ, ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, არ მოგვწონდა ასეთი ხანგრძლივი რეპეტიციები, მაგრამ როცა საზღვარგარეთ დავდიოდით და ასეულობით კონცერტზე ვცეკვავდით, გვიადვილდებოდა და ერთი ამოსუნთქვით ვაკეთებდით. ამ დროს ვხვდებოდით, რომ ეს იყო შედეგი ნინო რამიშვილის უკომპრომისო რეპეტიციების და მომთხოვნობის," - ამბობდა თენგიზ უთმელიძე, სუხიშვილების მოცეკვავე.
"თავისი საქმის მიმართ იყო უკომპრომისო; შეეძლო ისეთი რამ ეთქვა, ადგილზე გაეშეშებინე. იმდენად ვენდობოდით და ვხედავდით მის დამოკიდებულებას საქმისადმი, ვგრძნობდით, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები და ჩვენ გვეკუთვნოდა ეს, რადგან ის პატარა დეტალსაც არ გაპატიებდა. მაგრამ საკმარისი იყო დარბაზიდან გასულიყო - მით უმეტეს, სახლში ხომ გამორიცხულია, სულ სხვა ადამიანი ხდებოდა.
არასდროს მოდუნდებოდა და მოეშვებოდა, ყოველთვის საოცრად ელეგანტური იყო და ყოველთვის ქმნიდა განწყობას. როცა ხედავდი, რომ ამ ასაკის ქალბატონი ასეთ ფორმასა და ხასიათზეა, შენ რა უფლება გქონდა, მოშვებულიყავი? ბუნებრივია, ყველა ვუსწორდებოდით მას. არავის გვქონდა წუწუნის სურვილი, იმიტომ რომ ვუყურებდით ერთ უძლიერეს ადამიანს," - იხსენებდა მანანა აბაზაძე.