არველაძეების ოჯახი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად ყურადღების ცენტრში ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენელი, უმცროსი რეზი არველაძე მოექცა.
რეზი, რომელიც მსახიობ ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ვაჟია, სოციალურ ქსელებში უკვე პოპულარულია. მისი ფოტოები მუდმივად იქცევს გამომწერების ყურადღებას და უამრავ თბილ კომენტარს იმსახურებს.
ცოტა ხნის წინ ქეთიმ სოციალურ ქსელში უმცროსი რეზისა და ტყუპების, შოთი და აჩი არველაძეების ფოტოები გააზიარა.

ქეთი წიქვაძის ოჯახი
ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.
ქეთი წიქვაძე პირველად 22 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი ვაჟი, გიორგია და ილია შეეძინა. ქეთის მეუღლეს მალევე დაშორდა და პირადი ცხოვრების შესახებაც იშვიათად საუბრობდა.
ორი ბიჭი მყავს, შვილები ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან, ძალიან მოსწონთ ის ფაქტი, რომ ქუჩაში მცნობენ, ამით ამაყობენ", - ამბობდა ქეთი.

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთი წიქვაძე ნიკა არველაძეზე იყო შეყვარებული. ნიკა არველაძე ასევე ცნობილი მშობლების, რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟია. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს.
"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ", - ამბობდა ქეთი.
ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე 2025 წელს ვაჟის მშობლები გახდნენ, რომელსაც ცნობილი ბაბუის, რეზის სახელი დაარქვეს.