ზაფხულის მოსვლასთან ერთად, საქართველო ჯადოსნური ქორწილების ნამდვილ ეპიცენტრად იქცევა - იწყება სეზონი, როდესაც სიყვარულის დღესასწაულები ღია ცის ქვეშ, ულამაზეს ლოკაციებზე ინაცვლებს. ქართული ქორწილი ხომ დიდი ხანია გასცდა უბრალო ტრადიციულ რიტუალს; ის ნამდვილ ესთეტიკურ სანახაობად იქცა, სადაც საუკუნოვანი კულტურა, თანამედროვე მაღალი მოდა და დახვეწილი დიზაინი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
მთაში, ზღვის სანაპიროზე თუ ქალაქის ულამაზეს პანორამებზე, თითოეული წყვილი საკუთარ, ინდივიდუალურ და კინემატოგრაფიულ ისტორიას ქმნის. წელს ზაფხულის ქორწილების სეზონი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ვიზუალური კონცეფციებით გამოირჩევა. სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები მთლიანად მოიცვა ცნობილი ქართველი მეიქაფ არტისტისა და ინფლუენსერის, თინა შალიკაშვილის ქორწილმა. მან და მისმა რჩეულმა, გიორგი სიგუამ, დაუვიწყარი მოგონებები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ეგეოსის ზღვის ნამდვილ მარგალიტზე - მზითა და თეთრი არქიტექტურით განთქმულ კუნძულ სანტორინიზე შექმნეს. კუნძულის თეთრ-ცისფერ პალიტრას იდეალურად შეერწყა წყვილის სადა, თუმცა მდიდრული და დახვეწილი ესთეტიკა.
მანამდე კი, გასულ სეზონებზე, თავიანთი გამორჩეული წვეულებებით თავი დაგვამახსოვრეს გვანცა მაჭარაძემ და ბაჩო არაბულმა, გური გიორბელიძემ და თეკლა დვალიშვილმა, ლუკა ჭანიშვილმა და ელენე ნაჭყებიამ, ქეთი ხადურმა და გიორგი ხვისტანმა, ნინი გელხაურმა და ლევან ახვლედიანმა და სხვებმა.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ, გამორჩეულ და ემოციებით სავსე დღესასწაულზე უნდა გიამბოთ, რომელმაც არა მხოლოდ წყვილისა და სტუმრების გულები დაიპყრო, არამედ მიმდინარე სეზონის მთავარ შთაგონებადაც იქცა.
თაკო მიღდისელის ზღაპრული ქორწილი
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ულამაზესი პატარძლის კადრები ტრიალებს, კომენტარებში კი ხშირად შეხვდებით კითხვას - „ქართველია?“

თაკო მიღდისელი ახალგაზრდა ქართველი მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც განსაკუთრებით აქტიური Instagram-ისა და Tiktok-ის პლატფორმებზეა. მას 30 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს - თაკო მათ აქტიურად უზიარებს სასარგებლო რჩევებს ონლაინ შოპინგისა თუ თავის მოვლის მიმართულებით. გარდა ამისა, ის ფოტომოდელია და სხვადასხვა ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებებშიც ხშირად მონაწილეობს.


თაკო მიღდისელმა ქორწილში თეთრი, უსახელო კაბა მოირგო, რომელიც ხაზს უსვამს მის ფიგურას და ქმნის სუფთა, მინიმალისტურ იერს, ხოლო მაქმანებიანი ხელთათმანები მას რომანტიკულ და ქალურ შტრიხებს მატებდა.


აღსანიშნავია, რომ საქორწინო ფოტოები Nano - Visual artist-ს ეკუთვნის, მშვენიერ პატარძალს კი მაკიაჟი თინა შალიკაშვილმა გაუკეთა, რომლის შთამბეჭდავი ბერძნული ქორწილის შესახებ ცოტა ხნის წინ მოგიყევით.
