ყველა ცნობილი პატარძალი, რომელსაც ქორწილის დღეს Dior-ის კაბა ეცვა - Marao

ყველა ცნობილი პატარძალი, რომელსაც ქორწილის დღეს Dior-ის კაბა ეცვა

2026-07-10 11:31:37+04:00

Dior-ის საქორწილო კაბები ათწლეულების განმავლობაში ელეგანტურობის, რომანტიკისა და მაღალი მოდის სიმბოლოდ ითვლება. ფრანგულმა მოდის სახლმა არაერთი ისტორიული და საკულტო საქორწილო ლუქი შექმნა, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა მსახიობებმა, სუპერმოდელებმა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა მოირგეს.

რიტა ჰეივორთი, 1949

როდესაც ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი რიტა ჰეივორთი 1949 წელს სამხრეთ საფრანგეთში, მდიდრულ შატოში გამართულ ცერემონიაზე პრინც ალი ხანზე დაქორწინდა, მან ტრადიციას გადაუხვია და კლასიკური თეთრი საქორწილო კაბის ნაცვლად Dior-ის ღია ცისფერი კაბა მოირგო.

V-ფორმის დეკოლტეთი, გრძელი სახელოებითა და ნაკეცებიანი ქვედაბოლოთი გაფორმებულმა კაბამ მოდის ექსპერტებში განხილვა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ დუა ლიპას მიერ ცოტა ხნის წინ შერჩეული Schiaparelli-ის ღია ცისფერი კოსტიუმიც სწორედ ჰეივორთის ამ ლეგენდარული ლუქით იყო შთაგონებული, მით უფრო, რომ ორივემ ფართოფარფლებიანი ქუდი შეარჩია.

Rita-Hayworth

  • მერილინის "შიშველი" კაბა და ლოურენსის "ოსკარის" ჩაცმულობა: ყველაზე ძვირადღირებული კაბები 

ირანის დედოფალი სორაია, 1951

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული საქორწილო კაბა ირანის დედოფალ სორაიას ეკუთვნოდა. Christian Dior-ის მიერ შექმნილ კაბაში გამოყენებული იყო 37 იარდი ვერცხლისფერი ლამე, 6 000 ბრილიანტი და 20 000 მარაბუს ბუმბული.

კაბა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი შლეიფი შუაღამისას შეამოკლეს. უსახელო მოდელს თან ახლდა შესაბამისი ჟაკეტი და ფატა, რომლებიც დედოფალს საქორწილო ცერემონიაზე ეცვა, ხოლო საღამოს მიღების წინ მოიხსნა.

იმის გამო, რომ სასახლე არ თბებოდა, სორაიას თეთრი მოსასხამი ეცვა, ხოლო გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ – მატყლის წინდებიც, რომლებიც სრულიად შეუმჩნეველი იყო.

Queen-Soraya

ოლივია დე ჰევილენდი, 1955

„ქარწაღებულნის“ ვარსკვლავი ოლივია დე ჰევილენდი 1955 წელს, საფრანგეთის სოფელ ივუა-ლე-მარონში, ფრანგ ჟურნალისტ პიერ გალანტზე დაქორწინდა. ისინი ორი წლით ადრე კანის კინოფესტივალზე შეხვდნენ. საფრანგეთისადმი პატივისცემის ნიშნად, ოსკარის ორგზის ლაურეატმა Dior-ზე შეაჩერა აირჩია და დიზაინერის 1955 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ელეგანტური კოსტიუმი მოირგო.

დე ჰევილენდი და კრისტიან დიორი ახლო მეგობრები იყვნენ, თავად დიზაინერიც სტუმრობდა ქორწილს. უკვე მომდევნო წელს მსახიობმა Dior-ის საქორწილო კაბა ეკრანზეც მოირგო ფილმში The Ambassador's Wife.

Olivia-de-Havilland

  • ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები ისტორიაში - ვინ იყვნენ ყველაზე იღბლიანი ქალები 

შვედეთის დედოფალი სილვია, 1976

1970-იან და 1980-იან წლებში სამეფო პატარძლებს შორის პოპულარული გახდა Marc Bohan-ის მიერ Dior-ისთვის შექმნილი საქორწილო კაბები. ამ ტენდენციას საფუძველი შვედეთის მომავალმა დედოფალმა სილვიამ 1976 წელს ჩაუყარა.

სპილოსძვლისფერი, დუშესის აბრეშუმის ატლასის კაბას მაღალი საყელო, გრძელი სახელოები და მოსახსნელი 3-4-მეტრიანი შლეიფი ჰქონდა, რომელიც მანამდე მეფის დებს – პრინცესა ბირგიტასა და პრინცესა დეზირეეს – ეკუთვნოდათ.

დიზაინზე საუბრისას მარკ ბოანმა აღნიშნა - „არ მინდოდა შემექმნა რაიმე რთული ან მოდური. მინდოდა, შემექმნა მარტივი კაბა, რომელიც მომავალი დედოფლის პიროვნებას შეეფერებოდა.“

Queen-Silvia

მონაკოს პრინცესა კაროლინა, 1978

Marc Bohan-ის მრავალწლიანი მეგობარი და Dior-ის ერთგული თაყვანისმცემელი, მონაკოს პრინცესა კაროლინა, გრეის კელის უფროსი ქალიშვილი, 1978 წელს პირველ ქორწილშიც სწორედ მის მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდა.

სამოქალაქო ცერემონიაზე მას ღია ცისფერი კაბა, შესაბამისი პატარა ქუდი და ხელთათმანები ეცვა, ხოლო საეკლესიო ქორწილში – სპილოსძვლისფერი, მრავალფენიანი რომანტიკული კაბა, გაფართოებული სახელოებითა და ყვავილოვანი მაქმანით.

Princess-Caroline

იორდანიის დედოფალი ნური, 1978

1978 წელი მარკ ბოანისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. იმავე წელს მან იორდანიის დედოფალ ნურის საქორწილო კაბაც შექმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალმა დედოფალმა დიზაინერს თავისი საყვარელი Yves Saint Laurent-ის ბოჰემური სტილის კაბა აჩვენა და მსგავსი განწყობის, თუმცა საქორწილო ვერსიის შექმნა სთხოვა.

შედეგად შეიქმნა აბრეშუმის კრეპისგან დამზადებული სადა კაბა, გრძელი, ზარის ფორმის სახელოებითა და მაღალი საყელოთი, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მის ტრადიციულ ისლამურ ღირებულებებს.

Queen-Noor

  • TOP 7 ყველაზე ცნობილი საქორწილო კაბა, რომლებიც დღემდე შთააგონებენ დიზაინერებს 

გვენ სტეფანი, 2002

გვენ სტეფანი 2002 წელს Bush-ის სოლისტ გევინ როსდეილზე დაქორწინდა. მისი საქორწილო კაბა Dior-ის მაშინდელმა კრეატიულმა დირექტორმა ჯონ გალიანომ შექმნა.

კორსეტიანი, მოცულობითი ქვედაბოლოს მქონე კაბას დეკონსტრუქციული იერი ჰქონდა, თითქოს ხელით იყო გარდაქმნილი.

ყველაზე გამორჩეული დეტალი კი ხელით დატანილი მაგენტასფერი გრადიენტი იყო, რომელიც კაბის ქვედა ნაწილს ომბრეს ეფექტს ანიჭებდა. მკერდთან ვარდისფერი  პატარა ბაფთა ამ ფერთა გადასვლას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.

სტეფანიმ ლუქი თავისი საფირმო წითელი ტუჩსაცხით, პლატინისფერი აწყობილი ვარცხნილობითა და ანტიკური მაქმანის ფატით დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი ლონდონსა და ლოს-ანჯელესში ორ ცალკეულ ცერემონიად გაიმართა, მას კაბა იმდენად მოეწონა, რომ ორივე ღონისძიებაზე სწორედ ის ჩაიცვა.

Gwen-Stefani

მირანდა კერი, 2017

ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი გახდა პირველი ცნობილი პატარძალი, რომლის საქორწილო კაბაც Dior-ში მარია გრაცია კიურიმ შექმნა.

People-თან ინტერვიუში კერმა აღნიშნა, რომ კაბის მთავარი შთაგონება გრეის კელის საქორწილო კაბა იყო, რომელიც მას 1956 წელს, მონაკოს პრინც რენიეზე დაქორწინებისას ეცვა.

„კაბა, რომელიც მთლიანად გფარავს, სიწმინდისა და იდუმალების განსაკუთრებულ შეგრძნებას ქმნის,“ - განაცხადა მოდელმა.

მისი თქმით, წარსულში უფრო თავისუფალი, ბოჰემური სტილი იზიდავდა, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო დახვეწილ და კლასიკურ ესთეტიკას ანიჭებს უპირატესობას.

კაბას მაღალი საყელო, გრძელი სახელოები, ფართო ქვედაბოლო და ხელით დამუშავებული აპლიკაციური ყვავილები ამშვენებდა. ლუქი მარგალიტებით გაფორმებული თავსაბურავით დაასრულა, რომელიც სტივენ ჯონსმა შექმნა.

Miranda-Kerr