"კიბო მხოლოდ სხეულს არ ცვლის" - უელსის პრინცესა კიბოსთან ბრძოლისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს - Marao

"კიბო მხოლოდ სხეულს არ ცვლის" - უელსის პრინცესა კიბოსთან ბრძოლისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს

2026-07-15 14:22:30+04:00

უელსის პრინცესა, 44 წლის ქეით მიდლტონი, რომელიც კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობის შემდეგ რემისიაში იმყოფება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გულწრფელი გზავნილით მიმართავს. ის ამბობს, რომ კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური დაავადების დამარცხება არ არის - ეს პროცესი ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობაზეც აისახება.

პრინცესამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი ისმენს დიაგნოზს, რომელიც მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას.

"კიბო მხოლოდ სხეულზე არ მოქმედებს. ის ცვლის იმას, თუ როგორ ფიქრობ, რას გრძნობ და როგორ აღიქვამ საკუთარ ცხოვრებას. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი, რომ მკურნალობის გზა მხოლოდ მედიკამენტებით არ სრულდება“, - წერს ქეით მიდლტონი.

kate-midlton

  • 3 წლის შემდეგ პირველად! ქეით მიდლტონი BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე დაბრუნდა 

ჰოლისტიკური მიდგომა 

პრინცესა მიიჩნევს, რომ კიბოს მკურნალობისას ისეთივე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა, როგორც ქიმიოთერაპია, ოპერაცია თუ სხვა სამედიცინო ჩარევა. მისი თქმით, პაციენტები ხშირად ებრძვიან არა მხოლოდ დაავადებას, არამედ შფოთვას, მომავლის შიშს, საკუთარი თავის მიმართ შეცვლილ დამოკიდებულებასა და ურთიერთობებში წარმოქმნილ სირთულეებს.

სწორედ ამიტომ ქეითი ყურადღებას ამახვილებს ჰოლისტიკურ ჯანდაცვაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას მთლიანობაში განიხილავს და სამედიცინო მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერასაც მოიცავს.

kate-midlton

  • ქეით მიდლტონი, როგორც სამეფო ოჯახის "როკ-ვარსკვლავი" და უზარმაზარი პასუხისმგებლობა 

ახალი გამოწვევა დიაგნოზის შემდეგ

გამოჯანმრთელების გზაზე პრინცესამ ახალი მიზანიც დაისახა. ის მონაწილეობას იღებს National Three Peaks Challenge-ში, რომლის ფარგლებშიც ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ყველაზე მაღალი მწვერვალები დალაშქრა.

მისი თქმით, ეს გამოწვევა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების გამოცდა არ არის.

"ამ გზით მინდა ვაჩვენო, რომ დიაგნოზის შემდეგაც შესაძლებელია ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ამ რთულ გზას ახლა გადიან," - აღნიშნავს ქეითი.

kate-midlton

ემოციური მხარდაჭერა მკურნალობის ნაწილია

სპეციალისტებიც იზიარებენ პრინცესის პოზიციას. მაიამის ყოვლისმომცველი უროლოგიური ქირურგიის ინსტიტუტის ექიმი შირინ რაზდანი ამბობს, რომ კიბოს დიაგნოზი ადამიანზე მძიმე ემოციურ გავლენას ახდენს.

მისი თქმით, პაციენტებს ხშირად აწუხებთ დაავადების განმეორების შიში, ცხოვრების წესის ცვლილება, საკუთარი თავის სხვაგვარად აღქმა და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექიმებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მხარდამჭერ ჯგუფებთან ღია კომუნიკაციას.

მსგავსი მოსაზრება აქვს UT Southwestern-ის ენდოკრინული ქირურგს, დოქტორ სარა ოლტმანსაც. მისი თქმით, დიაგნოზის გაგონების მომენტი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური გამოცდილებაა და სწორედ ამიტომ საჭიროა, პაციენტი მარტო არ დარჩეს.

  • ბრძოლა მძიმე დიაგნოზთან - უელსის პრინცესამ 24 საათში ბრიტანეთის სამი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა 

ქეითის ბრძოლა კიბოსთან

ქეით მიდლტონს კიბოს დიაგნოზი მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ დაუსვეს. მან ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა და 2024 წლის შემოდგომაზე მკურნალობა წარმატებით დაასრულა. მოგვიანებით სამეფო მოვალეობებსაც დაუბრუნდა, თუმცა აღიარებს, რომ გამოჯანმრთელების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

"ახლა ჩემი მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ კიბო აღარ დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპია დასრულდა, სრულ გამოჯანმრთელებამდე გზა ჯერ კიდევ წინ არის და თითოეული დღე თავისებურ გამოწვევად რჩება,“ - ამბობს პრინცესა.

ქეით მიდლტონის გზავნილი კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა არ არის. მისი თქმით, ნამდვილი გამოჯანმრთელება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც სხეულს, ისე საკუთარ ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.