ქორწილი ბათუმში - ცნობილი სტუმრები და გრანდიოზული წვეულება
ბათუმში ყოფილი შს მინისტრის, ე.წ. "რკინის კაცის", კახა თარგამაძის შვილი, სალომე თარგამაძე დაქორწინდა რჩეულზე, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟზე, გიგა პაპუნაიშვილზე. ქორწილზე კი უკვე რამდენიმე დღეა, უამრავს წერენ და საუბრობენ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური, გრანდიოზული და ვარსკვლავური ქორწილები ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი ინტერესის საგანია.
წერდნენ, რომ ჯვრისწერის ცერემონიისთვის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან მისასვლელი გზა დროებით ჩაკეტილიც იყო - ქორწილს ესწრებოდა ქართული შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი, ნათია შენგელია, ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი - სწორედ ბერა ივანიშვილი იყო გიგა პაპუნაიშვილის მეჯვარე.

ქორწილიდან უამრავი ფოტო- თუ ვიდეოკადრი გავრცელდა, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები კი ქორწილის ვიდეოგრაფმა, Zeynal Mammadli-მ გამოაქვეყნა. განსაკუთრებული ყურადღება ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ოჯახურმა კადრებმა მიიპყრო.
ნანუკა გუდავაძეს ქორწილში Safiyaa-ს ბრენდის ღია ცისფერი კაბა ეცვა. Safiyaa არის ლონდონში ბაზირებული მდიდრული „დემი-კუტიურ“ (demi-couture) ბრენდი, რომელიც 2011 წელს დანიელა კარნუტსმა დააარსა. ბრენდი ცნობილია მკვეთრი, დახვეწილი თარგებით, გამოყვანილი (სკულპტურული) სილუეტებითა და მდიდარი ფერებით. Safiyaa გლობალურად ოპერირებს და მისი ატელიეები ლონდონში, ნიუ-იორკსა და სტამბოლში მდებარეობს. ამ ბრენდს ხშირად ირჩევენ ისეთი გავლენიანი და ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან მეგან მარკლი, ჯენიფერ ლოპესი და ქეით უინსლეტი. კაბის თავდაპირველი ღირებულებაა $1,815.
