შვედეთის დედოფალი სილვია - მისი  ისტორია კი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს: გერმანელი გოგონა, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დედოფლის ტიტული მოიპოვა - Marao

შვედეთის დედოფალი სილვია - მისი  ისტორია კი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს: გერმანელი გოგონა, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დედოფლის ტიტული მოიპოვა

2026-07-21 15:04:28+04:00

ევროპის სამეფო ოჯახებს შორის შვედეთის დედოფალი სილვია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ათწლეულების განმავლობაში მან არა მხოლოდ ქვეყნის პირველი ლედის, არამედ ქველმოქმედების, ბავშვთა უფლებებისა და დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების დამცველის რეპუტაცია მოიპოვა. მისი  ისტორია კი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს – ახალგაზრდა თარჯიმანი, რომელიც შემთხვევით შეხვდა პრინცს, მოგვიანებით შვედეთის დედოფალი გახდა.

Queen Silvia-of-Sweden

  • სორაია ესფანდიარი-ბახტიარი - ირანის პრინცესა, რომელმაც სიყვარული ტახტზე მაღლა დააყენა 

სილვიას ბიოგრაფია

სილვია ზომერლათი 1943 წლის 23 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში დაიბადა. მისი მამა გერმანელი ბიზნესმენი იყო, დედა კი ბრაზილიელი. სწორედ ამიტომ, ბავშვობის ნაწილი ბრაზილიაში გაატარა, მოგვიანებით კი ოჯახი კვლავ გერმანიაში დაბრუნდა.

სილვია რამდენიმე ენას ფლობდა, მათ შორის გერმანულს, პორტუგალიურს, შვედურს, ინგლისურს, ფრანგულსა და ესპანურს. ეს უნარი მომავალში მის კარიერასა და პირად ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სიყვარულის ისტორია

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების დროს სილვია საორგანიზაციო კომიტეტში თარჯიმნად მუშაობდა. სწორედ იქ შეხვდა შვედეთის ტახტის მემკვიდრეს, კარლ XVI გუსტავს.

მათი ურთიერთობა რამდენიმე წლის განმავლობაში საიდუმლოდ გრძელდებოდა. 1973 წელს კარლ გუსტავი შვედეთის მეფე გახდა, ხოლო 1976 წლის 19 ივნისს წყვილმა სტოკჰოლმის ტაძარში იქორწინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთის მოქმედმა მონარქმა უბრალო მოქალაქეზე იქორწინა.

ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამეფო ქორწილად ითვლება.

Queen Silvia of Sweden

  • მეფე ჩარლზის ძმისშვილები, რომლებზეც აღარავინ საუბრობს - დედოფლის საყვარელი შვილიშვილები ჩრდილში აღმოჩნდნენ 

დედოფალი, რომელმაც სამეფო როლი ქველმოქმედებას დაუკავშირა

დედოფალ სილვიას საქმიანობა გაცილებით სცდება სამეფო პროტოკოლს. მისი მთავარი მიმართულებებია: ბავშვთა უფლებების დაცვა; ოჯახში ძალადობის პრევენცია; დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხარდაჭერა.

1980-იან წლებში მან დააარსა World Childhood Foundation, რომელიც მსოფლიოში ბავშვების ძალადობისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ მუშაობს. სილვია ასევე აქტიურად მონაწილეობს დემენციის კვლევებისა და პაციენტების მხარდაჭერის პროექტებში, რადგან ეს დაავადება მის ოჯახსაც შეეხო.

Queen Silvia of Sweden

სამი შვილის დედა და ბებია

სამეფო წყვილს სამი შვილი ვიქტორია, შვედეთის მემკვიდრე პრინცესა; პრინცი კარლ ფილიპი; პრინცესა მადლენი ჰყავთ.დღეს დედოფალი სილვია ბებიაც არის და ხშირად ჩნდება მათთან ერთად ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებზე.

  • დედოფალ ელისაბედ II-ის თვალისმომჭრელი ტიარების კოლექცია: რუსეთიდან ფარულად გამოტანილი ალმასის დიადემიდან საგვარეულო რელიქვიამდე 

ელეგანტურობის სიმბოლო

წლების განმავლობაში დედოფალი სილვია არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური სამეფო ქალბატონების სიაში. განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის მის ტიარებს, კლასიკურ კაბებსა და ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიებზე შერჩეულ დახვეწილ სამოსს ექცევა.

მოდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სილვიას სტილი არასოდეს მიჰყვებოდა დროებით ტენდენციებს - მისი მთავარი ხელწერა ყოველთვის კლასიკა, დახვეწილობა და სამეფო ღირსება იყო.

Queen Silvia of Sweden