წერილი გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას: "მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ" - Marao

წერილი გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას: "მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ"

2026-07-24 10:18:49+04:00

"ალბათ, ასეთ დროს ყველაზე ბუნებრივი პირადი, უხმაურო სამძიმარია. თუმცა, ამ ღია წერილს შეგნებულად ვწერ. არის ტრაგედიები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი დედის საზღვრებში აღარ ეტევა. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეგობრებში ხართ და მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ. მინდა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ეს უმძიმესი ტვირთი და საჯაროდ გამოხატონ ის თანაგრძნობა, რაც ახლა ყველას საერთო ტკივილი და ვალია.

  • 43 წლის ნიკოლოზ კაპანაძე წარსულში ნასამართლევია: ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები 

მიწიერი ლოგიკით, შვილის დაკარგვა ხომ სამყაროს ყოველგვარი წესრიგის რღვევაა. იქ, სადაც დედა შვილს გლოვობს, ნებისმიერი ფილოსოფია ფერმკრთალდება და სიტყვები უბრალოდ აზრს კარგავს. მაგრამ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრი, გვასწავლის უმთავრესს(!) არ არსებობს სიკვდილი. არსებობს მხოლოდ გარდაცვალება, დროებითიდან მარადიულში, მიწიერი სისასტიკიდან საღვთო სიმშვიდეში გადასვლა.

ძალიან კარგად მესმის, რომ სანამ ეს რწმენა ტკივილს გადაწონის, წინ ჯვარცმისა და ნამდვილი გოლგოთის გზაა. ახლა ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია, ამიტომ არც შევეცდები ბანალური სიტყვებით მის შემსუბუქებას. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ამ უდიდეს განსაცდელში მარტო არ ხართ და თქვენი ტკივილი დღეს ბევრისთვის ძალიან ახლო და პირადი გახდა.

რადგან ახლა სიტყვები მართლაც ზედმეტია, ალბათ ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი ახალშესვენებულ ნიკოლოზს ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიებთ.

  • მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედის კომენტარი: "მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი"

შევთხოვ უფალს, მოგმადლოთ ის უხილავი, ზეადამიანური სიმტკიცე, რომელიც ამ ჯვრის სატარებლად გჭირდებათ. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ნიკოლოზის უკვდავ სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

გულწრფელი თანაგრძნობითა და ლოცვით,თქვენი ტკივილის თანამზიარებელი", - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ირაკლი ყიფიანი. 

mkvleloba

მკვლელობა ვერაზე  

თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა. იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

 „ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა დავწერო... უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესითა და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა - გადაიქცა ზეციურ არსებად!

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა... 22 ივლისის არასრულწლოვანებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი“.

  • "ჩემი ირაკლის უკარგესი მეგობარი! სასტიკად გამოასალმეს სიცოცხლეს" - რას წერენ ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. უწყების ცნობით, მან აყვანისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო.