"თქვენ წერეთ, თქვენ იკითხეთ ის კომენტარები და ის სტატუსები, რომლებიც არაფერს არ შველის" - რუსკა მაყაშვილი ვერაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ - Marao

"თქვენ წერეთ, თქვენ იკითხეთ ის კომენტარები და ის სტატუსები, რომლებიც არაფერს არ შველის" - რუსკა მაყაშვილი ვერაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ

2026-07-24 10:51:46+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ვერაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობას გამოეხმაურა. 

"იცით, არც კომენტარს აქვს აზრი და არც არაფერს. რამის თქმას ახლა რა აზრი აქვს. აი, ამ სიტუაციაში, აი, ამ მოცემულობაში, რაც ახლა ხდება - რა აზრი აქვს კომენტარს, რა უნდა თქვა საერთოდ?

თქვენ წერეთ, თქვენ იკითხეთ ის კომენტარები და ის სტატუსები, რომლებიც არაფერს არ შველის" - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

  • 43 წლის ნიკოლოზ კაპანაძე წარსულში ნასამართლევია: ვერაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები 

მკვლელობა ვერაზე  

თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა. იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

 „ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა დავწერო... უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესითა და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა - გადაიქცა ზეციურ არსებად!

  • წერილი გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას: "მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ" 

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა... 22 ივლისის არასრულწლოვანებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. უწყების ცნობით, მან აყვანისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო