ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ხატია ქირიას გადაცემის „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში მან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საკუთარი თავის მიღებაზე, სიყვარულის ფენომენსა და წყვილებს შორის ბალანსის შენარჩუნების ხელოვნებაზე.

ნანიკოს თქმით, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება პირდაპირ აისახება გარშემომყოფებზეც. როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, მის ირგვლივ ყველა მშვიდად და კარგადაა.
"საკუთარი თავის სიყვარული ბოლომდე ვერ მაქვს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაქვს. ჩემი თავის სიყვარული ბევრ რამეში გამოიხატება: ჩემს საზღვრებში, სხვების დამოკიდებულებაში ჩემი საქმის მიმართ. ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, როდესაც ადამიანს საკუთარი თავი უყვარს და ეს ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ როდესაც მე ჩემი თავი მიყვარს, მომწონს და ჰარმონიაში ვარ ჩემს თავთან, ყველაფერი კარგად არის ჩემ გარშემო არავინ და არაფერი არ წუხდება იმით, რომ მე რაღაც დისკომფორტები მაქვს საკუთარ თავთან.
ძალიან ხშირად, იცი, რაზე ვფიქრობ? აი, მაგალითად, შენ რომ რაღაც გააფუჭო, სიტყვაზე, ხომ გეტყვი: „აუ, არაუშავს, რა მოხდა, ყველას მოსვლია“. ჩემს თავს ასე არასდროს არ ვეუბნებოდი. რაღაცას რომ გავაფუჭებდი, არაფერი ისეთი არ გამიფუჭებია, ვიწყებდი ჩემი თავის დასჯას, თვითგვემას, რაღაცნაირად დამცირებას. ერთ მშვენიერ დღეს კი მივხვდი: სხვასთან თუ შემიძლია ვიყო ლოიალური, თბილი, მოსიყვარულე, მას ვაპატიო ყველაფერი და მეორე შანსი მივცე, ჩემმა თავმა რა დააშავა?
როდესაც ეს დამოკიდებულება შევცვალე - „შეგეშალა? ოქეი, ეს შეშლა არ არის საბოლოო შედეგი, ეს არის შუალედური გამოცდილება, რომლიდანაც შეგიძლია განვითარდე; შეიძლება კიდევ დაუშვა შეცდომა, კიდევ წაიქცე, მაგრამ ესეც არ არის შედეგი, ესეც გამოცდილებაა“ - თუ ჩვენს თავს ამის საშუალებას მივცემთ, უფრო დავმშვიდდებით და ბევრი რამ უფრო კარგად გამოვა ცხოვრებაში.
ეს ყველაფერი, საბოლოოდ, შენი თავის სიყვარულია, რომ რაღაცებს პატიობ, აძლევ უფლებას, რომ დაუშვას შეცდომები... ოქეი, რა, ადამიანები ვართ! სხვას ეუბნები „არაუშავს“, მაგრამ შენს თავთან ხარ დესპოტი," - ამბობს ნანიკო.

ტელეწამყვანმა სიყვარულის განცდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ადამიანი ამ მდგომარეობაში მუდმივად, ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს.
"შეყვარებული რომ ხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახლა არ ვარ შეყვარებული და ძალიან ცუდია. რომ მკითხო, ყველა სულ უნდა იყოს შეყვარებული, მუდმივად. თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ სიყვარული ჩვეულებრივი დაავადებაა, რომელსაც კოდი აქვს მინიჭებული და დაავადებათა რეესტრში არსებობს, ცოტა რაღაცნაირად დავფიქრდი. ანუ ის სიმპტომები, რომლებიც თან ახლავს სიყვარულს, ზუსტად ისეთია, როგორც, ვთქვათ, ვირუსის: მაღალი პულსაცია, შფოთვა... ეს არ მომეწონა, მაგრამ დაე, ბევრჯერ შემეყაროს! უფრო ლაღი ხარ, უფრო კარგი ხარ, როცა შეყვარებული ხარ; პრობლემებს უფრო მარტივად აღიქვამ, რაღაცნაირად მარტივად მიდიხარ ცხოვრებაში. რა ვიცი, მე მინდა, რომ ყველა შეყვარებული იყოს მუდმივად, ყველა ასაკში.
თავიდან, როდესაც იწყებ ადამიანთან ურთიერთობას,ორივე - ქალიც, კაციც; ზოგი ქალი-ქალი, კაცი-კაცი, არ ვიცი, ვინ როგორ იწყებს, რაღაც ეტაპზე ყველა თვითრეკლამით ვართ დაკავებული, მაგას ვერ გავექცევით. რეკლამა რომ მთავრდება და შენი რეალური თავი რომ გამოდის წინა პლანზე, აი, მანდ უკვე იწყებს რაღაც პრობლემები აღმოცენებას. მანდ მერე დიდი შრომაა საჭირო ალბათ და მართლა სიყვარულია საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სწორად მიიღო.
ყვავილს წყალი თუ არ დაუსხი, ის აუცილებლად დაჭკნება. ასევეა სიყვარული, ურთიერთობა და ოჯახი: თუ არ იშრომე, თუ დიდი შრომა არ ჩადე და ამაზე სულ არ იფიქრე, ის აუცილებლად დაჭკნება, ყველა შემთხვევაში. და, როგორც ჩანს, მე ვერ დავასხი წყალი ვერცერთ ურთიერთობას... ორივე მხარე ზუსტად ერთნაირადაა დამნაშავე.
ბალანსი თუ დაირღვა, იქაც ყველაფერი გაფუჭდება. ჩემს შვილს სულ მაგას ვეუბნები: ეცადე, ცხოვრებაში ვიღაცას რომ ნახავ, ბალანსი არ დაგერღვეთ-მეთქი. ეს ბალანსი შეიძლება იყოს, იგივე, მატერიალური. როცა ერთი მხარე არის დომინანტი, იქ მეორე იჩაგრება და, გინდა თუ არ გინდა, ეს ჭამს რაღაცნაირად, რა. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. ძალიან რთულია, თუმცა ძალიან სასიამოვნო შრომაა.
ახლა ჩემი თავი უფრო მიყვარს და, ამიტომ, შეიძლება ისეთ ურთიერთობაში აღარ შევიდე, რომელიც აპრიორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩემთვის, ადრე, მაგალითად, შევიდოდი. აი, ახლა უკვე რაღაც ისეთ ნაბიჯებს არ გადავდგამ, იმიტომ რომ, ნუ, ახლა 53 წლის ვარ უკვე და ბიოლოგიურად უკვე ვეღარ ვიზამ რაღაცებს. თორემ ვერ ვიტყვი, რომ "აჰა, ვისწავლე ახლა" და რაღაც... ვერა. ისევ თუ შემეყრება ეს ვირუსი, პულსი ორასი რომ მექნება და გაღიმებული სახით ვიქნები, აუცილებლად დავუშვებ შეცდომას, მაგრამ ძალიან მინდა, რომ შემეყაროს ეს კიდევ ერთხელ