"ღუნა…
გუშინ მიწას მიგაბარეთ, მაგრამ გონება მაინც უარს ამბობს ამ სიმართლის მიღებაზე, რომ ვეღარ დაგინახავთ, ვეღარ დაგელაპარაკებით, ვეღარ დაგიძახებთ და პასუხს ვეღარ გაგვცემ. შენ უბრალოდ ძმაკაცი არ ყოფილხარ, შენ ჩვენი ადამიანი იყავი, ჩვენი ყოველდღიურობის, ჩვენი მოგონებების, ჩვენი სიხარულისა და ჩვენი ცხოვრების ნაწილი.
შენი წასვლით მარტო ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს, ჩვენში რაღაცაც მოკვდა, რასაც ვეღარავინ დააბრუნებს. გუშინ შენთან ერთად მიწაში ჩვენი გულების ნაწილიც ჩავაყოლეთ. დარჩა სიცარიელე, რომელსაც ვერავინ შეავსებს, ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს და კითხვა, რომელსაც პასუხი აღარასდროს ექნება - რატომ შენ, ღუნა.
შენი სახე, შენი ხმა, შენი ხასიათი ,შენი კაცობა შენი ერთგულება და შენი სიცილი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ შენზე წარსულში გვიწევს ლაპარაკი.
მშვიდად განისვენე, ღუნა, შენ ჩვენგან წახვედი, მაგრამ ჩვენი გულებიდან ვერასდროს წახვალ, სანამ ჩვენ ვიქნებით, შენც იქნები ჩვენს სიტყვებში, ჩვენს ცრემლებში, ჩვენს მოგონებებში და იმ ტკივილში, რომელიც შენს ადგილს სამუდამოდ დაიტოვებს.
არასდროს დაგივიწყებთ, ძმაო", - ხორავას ქუჩაზე მოკლულ ნიკოლოზ ღუნაშვილის სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.

თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა. იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა დავწერო... უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესითა და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა - გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა... 22 ივლისის არასრულწლოვანებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. უწყების ცნობით, მან აყვანისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო.