მოცეკვავე თეა დარჩია გადაცემა „სტუმრად ანასთან“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ ოჯახზე, დედობის გამოცდილებასა და იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც მისმა ქალიშვილმა, მარიამ მათიაშვილმა მიიღო.
თეა დარჩიასთვის მარიამის წარმატება ეროვნულ ბალეტში უდიდესი სიამაყის წყარო იყო, თუმცა შვილის მიერ „სუხიშვილების“ დატოვებამ მისთვის ყველაფერი შეცვალა.

რატომ დატოვა მარიამ მათიაშვილმა "სუხიშვილები"?
"ჯერ დედას სიამაყე, მერე „სუხიშვილების“ და მერე - საქართველოსი. მადლობა ღმერთს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასეა. მე ცუდი დედა ვარ, ანუ ისეთი ყურადღებიანი დედა არ ვარ - მიიყვანე ბავშვი სკოლაში, წამოიყვანე, პედაგოგებთან ატარე... ეს მე არ შემიძლია. ცუდი დედა ვარ ქართული გაგებით, მაგრამ კარგი დედა ვარ, იცი, რა გაგებით? ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან, როგორ არ უნდა მოიქცნენ. მე ვარ ცოცხალი მაგალითი ჩემი შვილებისთვის, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. გადაახტე ბევრ ტკივილს, ბევრ განსჯას, ბევრ კრიტიკას, ბევრ ლანძღვას, ბევრ გინებას... მაგრამ, ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ გადასარევი მოკლე გზებით ვატარე ჩემი შვილები - ჩემივე მაგალითით და არა ჩიჩინით.
მარიამი მეუბნება: „დედა, ერთი ახალი ამბავი უნდა გითხრა, ოღონდ არც კი გაიფიქრო, რომ აზრი შემიცვალო“. იცოდა, რაც დამემართებოდა - ამით ვცხოვრობდი, რა ხდებოდა ახალი, სად მიდიოდნენ, როგორი იყო... მისი იქ ყოფნით ვიხანგრძლივებდი და ვივსებდი იმ საშინელ, მძიმე დანაკლისს, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ამ დროს კი მეუბნება, რომ ანსამბლს ტოვებს. მეხი რომ დაგეცემა, მიწა რომ გამოგეცლება ფეხქვეშ, გულში ლახვარი რომ დაგეცემა - ყველაფერი ერთად დამემართა. რატომ? როცა ვკითხე, მითხრა: „შენს შვილებს მამა მაინც ჰყავდათ სულ გვერდით, ჩემსას მამაც არ ჰყავს გვერდით. მამა მთელი 24 საათი მუშაობს, მე კი 24 საათი რეპეტიციაზე და მოგზაურობაში ვარ. ამ დროს ძიძა რომ ჩემზე მეტად უყვარდეს ჩემს შვილს, მე ამას ვერ გადავიტან“, - ამბობს თეა დარჩია.