"ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო - მტკივნეული და აუტანელია" - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი - Marao

"ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო - მტკივნეული და აუტანელია" - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი

2026-08-04 10:08:14+04:00

ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახში რამდენიმე თვის წინ დატრიალებული ტრაგედია კვლავ მძიმე იარად რჩება. მისი და, ირმა გაფრინდაშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა. დღეს კი ირმას დაბადების დღეა - პირველი დაბადების დღე მის გარეშე.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეს ოდესმე შენს საფლავთან მოგილოცავდი. ყოველი დღე შენს გარეშე უფრო და უფრო - მტკივნეული და აუტანელია. არაფერი აღარ არის ისე როგორც იყო... და აღარც იქნება... ყველაზე დიდი უსამართლობაა შენი წასვლა... გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენო მფარველო ანგელოზო"- წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

mariam-gaprindashvili

  • მარიამ გაფრინდაშვილის ინტერვიუ დედობაზე და იმ ტრაგედიაზე, რაც მის თავს დატრიალდა: "ამას არც ერთი მშობელი არ იმსახურებს. ახლაც მეშინია ჩემი თავის" 

მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია

რამდენიმე თვის წინ მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მას და ავტოკატასტროფაში დაეღუპა. 

"ირმა მე არ მგავდა, ძალიან კეთილი იყო. მან იმდენი სიკეთე დატოვა, რომ ჩვენც არ ვიცოდით. ჩვენთან მოდიან ადამიანები და ისტორიებს გვიყვებიან; მე ამდენი ისტორია მასზე არ ვიცოდი. სახლში „შინაგან საქმეთა მინისტრს“ ვეძახდით. საინფორმაციოს ყურება რომ მეზარებოდა და მეორე დღეს ეთერში ვიყავი, ირმა უყურებდა და ყველა დეტალს მიყვებოდა. ირმა პოლიტიკურ ამბებში იყო ჩართული და, მგონი, ჭიათურაში ერთადერთი სახლი იყო, სადაც უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ერთად ეკიდა.

მას ჰყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი. უფროსზე, ლევანიკოზე, სულ მეუბნებოდა, შენ გაჩუქეო. ისე მოხდა, რომ ყველას საჩუქარი დაგვიტოვა. ლევანიკო 23 წლისაა, სანდრო 17 წლის. ორივე ირმას საჩუქარია. ძალიან მძიმედ გადაიტანეს, ჯერ ამ ყველაფრის მიმღებლობა არ აქვთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში უკიდურესად გვაკლიან.

  • "სულ რამდენიმე საათში ახალი ცხოვრება იწყება“ - მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა: რა დაარქვეს პატარას? 

მე ღმერთზე გავბრაზდი. ვცდილობდი ამ ყველაფრის ახსნას, მაგრამ უსამართლობის განცდა მქონდა. დიდი უსამართლობაა, ამას არავინ იმსახურებს. არ მაქვს იმ ადამიანების მიმღებლობა, ვინც ამბობს, რომ ღმერთს საუკეთესოები მიჰყავს. ახლა უფრო ვუფრთხილდები ჩემს თავსა და და-ძმებს. მე ვერაფრით ვეტყვი დედაჩემს, რომ ირმა გარდაიცვალა და იქ უფრო კარგად არის. თან ისე მოხდა, რომ ვერ ახსნი, სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში. ნასვამი საჭესთან არავინ უნდა დაჯდეს. ადამიანმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. მკვლელობაა, როცა ნასვამი ჯდები საჭესთან. მას მხოლოდ კილომეტრნახევარი ჰქონდა გასავლელი. მთვრალი რომ არ ყოფილიყო, იმ ტრაგედიაში არ იქნებოდა ის ადამიანი და, შესაძლოა, ჩემი დაც ცოცხალი ყოფილიყო. დედასა და მამას ვეუბნები, რომ სანდროსა და ლევანიკოსთვის უნდა გააგრძელონ ცხოვრება.

ამ ტრაგედიამდე ირმას რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრეთ. სახლში შვილისთვის მოჰქონდა რაღაცები და მას სანდრო ელოდებოდა. როდესაც მე ჭიათურაში ჩავედი და გავარკვიეთ, რა მოხდა, ჩემმა მშობლებმა, ჩემი აზრით, უდიდესი დიდსულოვნება გამოიჩინეს და საჩივარი არ დაუწერიათ. მე არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი. ეს ბიჭი იყო ნასვამი და არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თუმცა ის ადგილზე დააკავეს; ჩემი და კი ადგილზე გარდაიცვალა. ჩემი და თავადაც მედიკოსი იყო და შველაც ვერ ითხოვა. ჩემი მშობლების პოზიციაა, რომ კანონი გადაწყვეტს ყველაფერს - მათ მისი დასჯა არ მოუთხოვიათ. მე ვთვლი, რომ ის ისედაც დასჯილია, რადგან ეს ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს. ის ირმას ძალიან კარგად იცნობდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და, როგორც ვიცი, განაჩენს ელოდება.

ეს სრულიად შემთხვევით მოხდა და ჩაუჯდა მანქანაში, ჩვენს უბანში ცხოვრობდა ეს ბიჭიც. როდესაც ნახა, რომ ეს ადამიანი ნასვამი იყო, პირველად არ ჩაუჯდა, თუმცა წუთ-ნახევარში მეგობარს უთხრა: მთვრალი როგორ უნდა გავუშვა, პატარა ბიჭია, შვილის ტოლაო, და მერე ჩაუჯდა. 30 წამში ისეთი მანევრი შეასრულა, რომ ირმა ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში კიდევ ორი ადამიანი იყო, საბედნიეროდ, მათ არაფერი დაშავებიათ. ირმა წინ იჯდა, ღვედი არ ეკეთა. ფეხით რომ წამოსულიყო, სახლში ხუთ წუთში იქნებოდა. ამის გააზრება კიდევ უფრო რთული," - ამბობდა მარიამი ვიკა ბუკიასთან.