იალოვის პროვინციის ჩინარჯიქის რაიონში გასულ წელს მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც ცნობილი თურქი მომღერალი გიულიუ (გოულ თუტი) საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, გამოძიება დასრულდა.
იალოვის გენერალური პროკურატურის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნით, არტისტის პატიმრობაში მყოფ ქალიშვილს, თუღიან ულქემ გიულთერს, „მშობლის განზრახ მკვლელობის“ ბრალდება წაეყენა. პროკურატურა ბრალდებულისთვის დამძიმებული გარემოებებით სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

საგამოძიებო მასალების თანახმად, 2025 წლის 26 სექტემბრის ღამეს მომხდარი ინციდენტის ყველა დეტალი დეტალურად შეისწავლეს. გიულიუ მეექვსე სართულის ბინიდან, დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლიდან, ბეტონის საფარზე ჩამოვარდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა თავისა და ხერხემლის მძიმე ტრავმა, შინაგანი ორგანოების დაზიანება და შემდგომი შინაგანი სისხლდენა.
გამოძიებით ირკვევა, რომ ტრაგედიის ღამეს სახლში მყოფმა პირებმა ჩართეს ბოშური ხალხური სიმღერა „Malkata“, რომელიც მომღერალს ძალიან უყვარდა. მუსიკის გაგონებისას გიულიუ ქალიშვილის ოთახში შევიდა. პროკურატურის დასკვნით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რათა არტისტი იმ გარემოში შეეტყუებინათ, სადაც დანაშაული უნდა მომხდარიყო.
სათვალთვალო კამერების აუდიოჩანაწერები სტამბოლის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეისწავლა. ექსპერტიზის დასკვნით, უშუალოდ გადმოვარდნამდე ისმის ახალგაზრდა ქალის ხმა, რომელიც ამბობს: „შეხვედრამდე“ („See you later“). პროკურორთა შეფასებით, ეს ფრაზა ბრალდებულს ეკუთვნის, რის შემდეგაც გიულიუზე ფიზიკური იერიში მიიტანეს და ფანჯრიდან გადააგდეს.
საქმეში არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა მოწმეთა ჩვენებებსაც. ინციდენტის დროს ბინაში მყოფმა ერთ-ერთმა მოწმემ, პირველადი ჩვენების შეცვლის შემდეგ, დეტალურად აღწერა, თუ როგორ ჩააფრინდა ქალიშვილი დედას ორივე ხელით და ფანჯრიდან გადაჰკრა ხელი. მოწმის აღნიშნული ჩვენება სატელეფონო ჩანაწერებითაც დადასტურდა.
საბრალდებო დასკვნაში ასევე მოხვდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბრალდებული დედას მანამდეც ემუქრებოდა. რამდენიმე მოწმის თქმით, თუღიან ულქემ გიულთერი არაერთხელ აცხადებდა, რომ დედას ფანჯრიდან გადააგდებდა. გარდა ამისა, ციფრულმა ექსპერტიზამ გამოავლინა მრავალი შეტყობინება, სადაც ის დედის სიკვდილს ნატრობდა.
ტექნიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინციდენტამდე ჩაწერილია დარტყმის სამი სხვადასხვა ხმა. პირველი ხმის შემდეგ, ოთახში მყოფი პირებისგან დაახლოებით შვიდი წამის განმავლობაში არანაირი პანიკა ან დახმარების ყვირილი არ ისმოდა. პროკურატურის შეფასებით, ეს გარემოება გამორიცხავს უეცარი უბედური შემთხვევის ვერსიას.
გამოძიებამ ასევე შეამოწმა უბედური შემთხვევისა და თვითმკვლელობის ვერსიები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით იატაკზე არ აღმოჩნდა ისეთი ნივთიერება, რაც ფეხის დაცურებას გამოიწვევდა. გიულიუს სამედიცინო ისტორიაში თვითმკვლელობის მიდრეკილება არ ფიქსირდებოდა, ხოლო ახლობელთა თქმით, მას სიმაღლის ძლიერი შიში ჰქონდა. ექსპერტთა შეფასებით, ფანჯრის კონსტრუქციისა და მსხვერპლის ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, გარეშე პირის ჩარევის ვერსია ყველაზე რეალურია.
ბრალდებულის ტელეფონის შემოწმებისას დადგინდა, რომ იგი ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას თმაში ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენის ვადებსა და დეტექტიურ თემატიკაზე. თუმცა, ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა ბრალდებულისა და მოწმის ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებების კვალი ვერ აღმოაჩინა.
გარდა ამისა, გამოძიების მასალებით დასტურდება, რომ ტრაგედიის შემდეგ თუღიანმა ციფრული მტკიცებულებების განადგურება სცადა - ყოფილ შეყვარებულს შეტყობინებების წაშლა სთხოვა, შეეცვალა ტელეფონი, გადაიყვანა მოწყობილობა ქარხნულ პარამეტრებზე და სცადა მოწმეთა ჩვენებებზე ზემოქმედება. საქმეში ასევე დევს მონაცემები იმის შესახებ, რომ ბრალდებული ქვეყნის დატოვების შესაძლებლობებსაც იკვლევდა.
მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, იალოვის გენერალურმა პროკურატურამ თუღიან ულქემ გიულთერისთვის დამძიმებული გარემოებებით სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა, სადაც თურქული მუსიკის ლეგენდის გარდაცვალების საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა დადგეს.

თურქული მუსიკის მოყვარულებისთვის გიულიუ (Güllü) უბრალოდ მომღერალი არ ყოფილა - ის 1990-იანი წლების ეპოქის სიმბოლო, ემოციური ვოკალითა და უნიკალური ტემპერამენტით ცნობილი არტისტი გახლდათ. გასულ წელს, 51 წლის ასაკში, მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა: მომღერალი იალოვის პროვინციაში, საკუთარი საცხოვრებელი ბინის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. დღეს კი ამ საქმეზე შოკისმომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი - პროკურატურა ეჭვობს, რომ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა და განზრახ მკვლელობაში ბრალს არტისტის საკუთარ ქალიშვილს ედებს.
მომღერალი, რომლის ნამდვილი სახელიც გულ თუტი (Gül Tut) გახლდათ, ფართო საზოგადოებამ 1990-იან წლებში, ფსევდონიმით Kasımpaşalı Güllü გაიცნო. წარმოშობით ბოშა არტისტმა სწრაფად მიიპყრო მსმენელის ყურადღება არაბესკისა და ფანტეზის (fantezi) ჟანრში.
მისი ჰიტები - „Ödüm Kopuyor“, „Her Şeyim Olun“, „Değmezmiş Sana“ და „Sabah Olmadan“ - ათწლეულების განმავლობაში ისმოდა რადიოებსა თუ ტელევიზიებში. გიულიუს შემოქმედება თურქეთის საზღვრებს სცდებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მცხოვრებ თურქულ დიასპორაში. ის იყო „ხალხური ვარსკვლავი“, რომლის სიმღერებიც თითოეული მსმენელის გულამდე აღწევდა.