„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალების გამო, ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი და ერთ-ერთი გამორჩეული სახე.
ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას, ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად.
ლიზას ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში”, - წერს აჭარის ტელევიზია - Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი სოციალურ ქსელში.

ლიზა მოისწრაფიშვილი
ლიზა მოისწრაფიშვილი ტელეწამყვანი და მოდელი იყო. მან ხელოვნების უნივერსიტეტში ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო განათლება. მოგვიანებით კი ბედი სამოდელო სფეროში, შემდეგ კი ტელევიზიაში სცადა.
„სილამაზისკენ სწრაფვა მქონდა მუდმივად. 14 წლის ვიყავი, როცა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი, შემომთავაზა მასთან დამეწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.
დაახლოებით 16 წლის ასაკში გამოვჩნდი სამოდელო სივრცეში. გოგას ჩვენებაზე გამოვედი პირველად, ეს იყო 2011 წელს, „აკროპოლისში“, ყველას გვეცვა ერთი სტილის კაბა და მაღალი ჩექმები, გული საშინლად მიცემდა, მეგონა, რომ დავეცემოდი, მაგრამ არა, ჩემი დებიუტი წარმატებით შედგა“, – ამბობდა ლიზა მოისწრაფიშვილი “ბათუმელებთან“ 2014 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.
ახალგაზრდა მოდელი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მას ერთი ქალიშვილი დარჩა.