საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი თანამშრომელი, ტელეწამყვანი და მოდელი ლიზი მოისწრაფიშვილი გარდაიცვალა. ტრაგიკულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზია ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს, განსაკუთრებით კი მის დედას - მაუწყებლის თანამშრომელ ნანა ახვლედიანს - ღრმა თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს.
გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, ჟურნალისტი ნანა ახვლედიანი ქალიშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც მისი კარიერის განსაკუთრებული მომენტებია შეკრებილი.
ლიზი მოისწრაფიშვილი მაუწყებლის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობადი სახე იყო. მან უმაღლესი განათლება ხელოვნების უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო, რის შემდეგაც ძალები წარმატებით სცადა როგორც სამოდელო სფეროში, ისე ტელესივრცეში.

ინტერვიუ - 2014 წელი: ლიზა მოისწრაფიშვილი
"ბათუმელების" არქივში ინახება ახალგაზრდა ჟურნალისტისა და მოდელის, ლიზა მოისწრაფიშვილის ინტერვიუ. იმ დროს ლიზა ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებდა და დედობისთვის ემზადებოდა:
"მოდელობამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, თუ როგორ ვიყო ყოველთვის ფორმაში, როგორ გავიკეთო მაკიაჟი ისე, რომ შემდგომ არ დავინაოჭო სახე. ჩვენებებში და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, მერე გავთხოვდი, 27 დეკემბერს გავიპარეთ მე და ჩემი მეუღლე, მე ამ დღეს ერთი ფრაზით გამოვხატავ: „ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება“, - ამბობდა ლიზა მოისწრაფიშვილი.
"ძალიან მიხარია, რომ ვიქნები ახალგაზრდა დედა, ყოველთვის ვიზრუნებ საკუთარ გარეგნობაზე, 10 წლის შემდეგ ვიქნები კარგი დიასახლისი და მექნება წარმატებული კარიერა“.