ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და მოსალოდნელი პრემიერა ამ სექტემბერს, უჩვეულოდ, არ გახლავთ 3-საათიანი ოსკაროსნული პრეტენდენტი. ამჯერად ყურადღების ცენტრშია 17-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მერილის მონროს ცხოვრებასა და მემკვიდრეობაზე, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მეგი ჯილენჰალია, ხოლო სურათის სახელწოდება - Flesh Impact („ხორცშესხმული ეფექტი“).
აი, ყველაფერი, რაც ამ გამორჩეული პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ.

ერთი შეხედვით, მსახიობი ვიზუალურად საერთოდ არ ჰგავს მონროს, თუმცა მათ შორის ემოციური და სიმბოლური კავშირი არსებობს - დაკოტა ჯონსონი 36 წლისაა, ზუსტად იმ ასაკის, როდესაც მერილინი დიდების პიკზე, ბარბიტურატების ზედოზირებით ტრაგიკულად გარდაიცვალა.
Vanity Fair-ის მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ პირველ ფოტოებში, ჯონსონი საოცრად დამაჯერებლად ირგებს ეკრანის სირენის ამპლუას - ღია ქერა, მოკლე ვარცხნილობით, დახატული ხალით, თეთრი, ტანზე მომდგარი ფანქარი-ქვედაბოლოთი და აბრეშუმის პერანგით.
მეგი ჯილენჰალმა ჯონსონთან ერთად თავის სარეჟისო დებიუტში, The Lost Daughter-ში იმუშავა. რეჟისორი გამოტყდა, რომ ამ სცენარის წერისას დაკოტა მუდმივად გონებაში ეხატებოდა. თავდაპირველად ნერვიულობდა, რომ ჯონსონი გარეგნულად საკმარისად არ ჰგავდა მონროს, თუმცა შემდეგ მიხვდა:
„მერე ვიფიქრე, 'ეს სისულელეა, ვის ადარდებს?' არც მგონია, რომ დღეს ვინმემ ზუსტად იცოდეს, როგორ გამოიყურებოდა მერილინი, რადგან ის იმდენად იქცა კომერციულ პროდუქტად და მითად, რომ მის რეალურ სახეს ყველას ცნობიერებაში ბუნდოვანი ელფერი აქვს“.

ელენ ბერსტინი, 93 წლის ოსკაროსანი ვარსკვლავი ფილმებიდან Alice Doesn’t Live Here Anymore, The Last Picture Show და The Exorcist, ფილმში Flesh Impact ხანდაზმულ მერილის ითამაშებს.
(აღსანიშნავია, რომ მსახიობი წელს ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომს“ მიიღებს კარიერული მიღწევებისთვის, ჯილდო კი მას სწორედ ამ ფილმის ჩვენებისას გადაეცემა).
მოკლემეტრაჟიანი სურათი მონროს ორ ვერსიას მიჰყვება - როგორიც ის რეალურად იყო და მერილინს, რომელიც სამყარომ ვერასდროს იხილა.
„ის 93 წლისაა. არ ვიცოდი, შეძლებდა თუ არა ამის გაკეთებას. ეს, გარკვეულწილად, 15-გვერდიანი მონოლოგია,“ - განაცხადა ჯილენჰალმა. „თუმცა ვფიქრობ, ეს როლი ელენს ზუსტად იმ მომენტში შეხვდა, როცა ისეთი თემების განხილვა და გააზრება სურდა, რასაც ეს ფილმი სთავაზობდა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბერსტინი თავის დროზე პირადად იცნობდა მერილის და ჰოლივუდის იმავე წრეებში ტრიალებდა.

Flesh Impact-ის ოფიციალური აღწერა ასე ჟღერს: „საიდუმლოებით მოცული მოხუცი ქალი ნიუ-იორკის პატარა თეატრში პიესის კასტინგზე მიდის. როდესაც ის თავის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას აღწერს, ზედაპირზე ამოტივტივდება საიდუმლოებები მისი იდენტობისა და იმ მცდარი წარმოდგენების შესახებ, რომლებიც მის ცხოვრებას სდევდა“.
ფილმის სათაური ბილი ვაილდერის ფრაზას უკავშირდება. რეჟისორმა, რომელმაც მერილინი გადაიღო ფილმებში The Seven Year Itch და Some Like it Hot, ტერმინი „flesh impact“ (ხორცშესხმული/ფიზიკური ეფექტი) მონროს მიმზიდველობის აღსაწერად გამოიყენა - იგულისხმებოდა, რომ ის ეკრანზე იმდენად რეალურად გამოიყურებოდა, მაყურებელს ექმნებოდა განცდა, თითქოს მასთან შეხება შეეძლო.

1926 წელს დაბადებულ მერილის წელს 100 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული პორტრეტების გალერეის გამოფენიდან დაიწყო თუ ბრიტანეთის კინოინსტიტუტის (BFI) სპეციალური სეზონით, ბოლო თვეების განმავლობაში მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად უამრავი ღონისძიება გაიმართა. Flesh Impact ამ მისიის გაგრძელებაა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ფილმი ვენეციაში? მეგი ჯილენჰალი წელს კინოფესტივალის ძირითადი კონკურსის ჟიურის პრეზიდენტია. დაამატეთ ამას ელენ ბერსტინის „ოქროს ლომი“ და დაკოტა ჯონსონის ვარსკვლავური ქარიზმა - ნათელია, რომ ეს იყო შეთავაზება, რომელზეც ვენეციის კინოფესტივალი უარს ვერ იტყოდა.