"ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე... შრომის ფასი მასწავლა, მაგარი გოგოა" - თიკა ფაცაცია დედაზე - Marao

"ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე... შრომის ფასი მასწავლა, მაგარი გოგოა" - თიკა ფაცაცია დედაზე

2026-08-14 10:08:22+04:00

თიკა ფაცაცია ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ქარიზმატული პერსონაა. მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი წლებია, რაც ტელეეკრანებიდან თუ სცენიდან საზოგადოებას დადებითი ენერგიით ავსებს.

თიკასთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი დედაა, რომელსაც იგი განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ახასიათებს

"ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე. ის არის ყველაფრის ამოსავალი, ყველაფრის დასაწყისი და ძალიან სახასიათო პერსონაა. მაგარი გოგოა.

იმ დღეს დამირეკა: „ეს ქუდი, რომელიც გახურავს, ერთი სანტიმეტრით ქვემოთ უნდა დაწიო შუბლზეო“ - მითხრა. თან დაამატა: „ჩამიგდე ფოტოები სხვადასხვა კუთხიდან და მე გეტყვი, რომელი ჯობიაო“.

მან საკუთარი სურვილები თუ საჭიროებები გადადო და ჩათვალა, რომ შვილების განვითარება არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს. შრომის ფასი მასწავლა, როგორც საკუთარი შრომის მნიშვნელობა, ისე სხვისი შრომის დაფასებაც. ასევე, ოქროს შუალედი, რომელიც მისთვის ყველაფრის განმსაზღვრელია, ქმედებაში, ურთიერთობებსა თუ სხვა სფეროებში.

საკმაოდ კრიტიკული ადამიანია. ხანდახან ვეუბნები ხოლმე: „ჯერ რაღაც კარგი მითხარი და ხარვეზები მერე აღნიშნე, რა მოხდა?“ ის კი სულ ასე იწყებს, უნდა რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს ყველაფერი, რასაც ვეხები," - ამბობს თიკა "რუსთავი 2-თან".

  • თიკა ფაცაციას პირველი ინტერვიუ მეუღლეზე: "ჩემს ქმარს არ უყვარს, მასზე რაიმეს რომ ვყვები, მაგრამ ეს ისტორია კარგად აღწერს მას" 

თიკა ფაცაცია - ოჯახი და კარიერა

თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი. „მის თბილისის“, „მის საქართველოსა“, „მის ოქროს გლობუსის“ კონკურსების მონაწილე. 

 1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი დიზაინერების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ-ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში 11 ახალი სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.

2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს ევროვიზია 2008-ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

2009 წელს თიკამ კვლავ ევროვიზია 2009–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ ევროვიზიაზე წარსადგენად სტეფანე და სამი გოგო აირჩიეს.

  • "ნახეთ, თიკას რა მაგარი ქმარი ჰყავს-მეთქი!" - თიკა ფაცაციას 28-წლიანი სიყვარულის ამბავი და ბედნიერი ოჯახი 

2010 წლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა.  ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.

სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერაზე, სახელწოდებით "ბედნიერების მჯერა" მომღერალი წელიწადზე მეტი მუშაობდა. როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ხოლო ტექსტი თავად თიკასა და ირინა სანიკიძეს ეკუთვნით. არანჟირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავა. სიმღერამ მალევე მოიპოვა მსმენელის მოწონება. სიმღერის პრემიერას თიკას მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ეს დღე მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან 20 წლის შემდეგ საყვარელ საქმეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა. 

tika-patsatsia

თიკა ფაცაცია დაქორწინებულია ბიზნესმენ დავით ანთელიძეზე. მათ სამი შვილი, ანდრო, იოანე და ალექსანდრე ჰყავთ.  დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც. „ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“ - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა.

„პირველი შვილი რომ იბადებოდა, ეს მოხდა აშშ-ში. იქ ცოტა სხვა გარემოა. იმავე ოთახში ვიმშობიარე, სადაც თავდაპირველად შემიყვანეს. დედაჩემიც ესწრებოდა მშობიარობას, გადიოდა და შემოდიოდა. ჩემთან ერთად იყო, თავთან იდგა, ზურგს მიმაგრებდა…“ - იხსენებდა თიკა ფაცაცია  "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში. თიკას პირველი შვილი, ანდრო ანთელიძე საკალათბურთო კარიერას იწყობს. ის მწვრთნელია და ბოლო დროს არაერთ წარმატებასაც მიაღწია. თიკაც შუათანა და უმცროსი ვაჟები კი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა ინტერესი ამ სპორტის მიმართ მათაც აქვთ.