„სცენაზე სრულად სხვა სამყაროში გადავდივარ“ - თამარ დვალი „სუხიშვილების" 20 წელსა და განვლილ გზაზე - Marao

„სცენაზე სრულად სხვა სამყაროში გადავდივარ“ - თამარ დვალი „სუხიშვილების" 20 წელსა და განვლილ გზაზე

2026-08-14 14:35:02+04:00

მოცეკვავე თამარ დვალმა ანსამბლ „სუხიშვილებში“ 20-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. „საქართველოს ბანკთან“ საუბარში მან სცენაზე გატარებული წლები და საყვარელი ცეკვები გაიხსენა.

„ჩვენი ცეკვით სცენაზე ყველას თვალწინ ცოცხლდება საქართველოს კუთხეების უნიკალური ხასიათი. ხორუმი ყველაზე კარგად გამოხატავს საქართველოს ისტორიას, საბრძოლო სულს, დინამიკას და ტექნიკურ სიძლიერეს. არსებობს ქალთა ხორუმიც.

ცეკვა "სამანი", ეს გახდა ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ცეკვა. მე ვარ რაჭველი, ძალიან მიყვარს რაჭა და რაჭველები. ვფიქრობ, რომ მიუხედავად რაჭული სიდინჯისა, რომელიც ახასიათებს რაჭველ ხალხს, ცეკვა გამოირჩევა მოქნილობით, სისხარტით და იუმორისტული მოძრაობებით.

როდესაც ფეხს ვდგამ სცენაზე, სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. ხან ვხდები აჭარელი ლალი ქალი, რომელიც ზღვასავით ღელავს, ხან ვარ ხევსური, რომელიც მანდილის ჩაგდებით აჩერებს მამაკაცების ბრძოლას. ხან ვარ ჯეირანი, რომელიც თან გარბის და თანაც ეთამაშება მონადირეებს, ხან კი ვარ თავადის ქალი, რომელიც თავისი სიდიადით და სილამაზით აღაფრთოვანებს მაყურებელს.

უცხოელი ადამიანისთვის, რომ გამეცნო ქართული ცეკვა, ავირჩევდი ცეკვა "ქართულს", რომელიც ვფიქრობ ყველაზე კარგად გამოხატავს ტრადიციულ წარმოდგენას სიყვარულზე, ღირსებაზე, სიდიადეზე და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის დამახასიათებელი თვისებებია" - ამბობს თამარ დვალი.

tamar-dvali

  • "20 წლის განმავლობაში ის ჩემი და ილიკოს შთაგონება იყო" - 20 წელი "სუხიშვილებში" და თამარ დვალის ბოლო ცეკვა სცენაზე 

თამარ დვალი

თამარის შეხება დიდ ხელოვნებასთან 3 წლის ასაკიდან დაიწყო. 90-იანი წლების თბილისში, ომისა და გაჭირვების პერიოდში, დედამ იგი კლასიკური ბალეტის წრეზე მიიყვანა.

  • "სუხიშვილების" ვარსკვლავი და ქართული სილამაზის ეტალონი: "ჩემი წარმატების საიდუმლო არის დისციპლინა... დისციპლინა და გულით სურვილი" 

"სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ რკინიგზელთა სასახლეში კლასიკური ბალეტის წრეზე მიმიყვანა, ეს იმ ურთულეს პერიოდში მოხდა, თბილისში ომი და გაჭირვება რომ იყო. მიუხედავად ამისა, იმ დღიდან სისტემატურად დავდიოდი ბალეტის გაკვეთილებზე, დედა ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, პოტენციალი რომელიც ჩემში დაინახა ჩემმა პედაგოგმა ქალბატონმა ლანა აბულაძემ, განმევითარებინა და სათანადოდ გამომეყენებინა. ამ ამაგს არ ვიცი ოდესმე თუ გადავუხდი. სამი წლის ასაკიდან ვეზიარე დიდ ხელოვნებას. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებებში. (სხვათა შორის, 3 წლისამ ფილარმონიაშიც ვიცეკვე). შემდეგ ისევ ქალბატონი ლანას მოწოდებით  ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, გავიარე სწავლების სრული კურსი და გავხდი ბალეტის მსახიობი. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მქონდა ბედნიერება მოვხვედრილიყავი ისეთი გამორჩეული პედაგოგების კლასში, როგორებიც არიან ლანა აბულაძე, ლუბა შკუნოვა, ოლია მენიალენკო, თამაზ ვაშაკიძე, ნატალია დიღმელაშვილი და სხვა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავასრულე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურის გავლის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია „საეკლესიო ფერწერა“, როგორც საისტორიო წყარო ქართული ეროვნული სამოსისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პროფესორების უდიდესი წვლილი – ნათია ასათიანის, ნანა ხაზარაძის და მანანა აბუთიძის. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ შემეთვისებინა დოქტორანტის რთული სამუშაო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მეოთხე კურსიდან ვცეკვავდი ჯერ „სუხიშვილების“ სტუდიაში და შემდეგ უკვე ანსამბლში" - ამბობდა თამარ დვალი.