საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახში სიახლეა - მისი უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაწერა.
მოგვიანებით ნინო ჟვანიამ კადრები კადრებს საქორწინო წვეულებიდან გამოაქვეყნა: "ღმერთო", - დაწერა მან ანა ჟვანიასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ფოტოს ქვეშ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილია - ოჯახის ბედნიერებას მათი მეგობრები და ახლობლები იზიარებენ.

ზურაბ ჟვანია დაიბადა 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც 1988 წელს შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს იგი გახდა აღმოსავლეთ ევროპიდან ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1992–2004 წლებში იგი გახლდათ საქართველოს მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი („მწვანეთა პარტიისა“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სიებით). 1993 წელს აირჩიეს „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალურ მდივნად, ხოლო 1995 და 1999 წლებში — პარლამენტის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო სისტემა. 2001 წლის ოქტომბერში, კორუფციისა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმების გამო, იგი გადადგა. 2002 წელს დააფუძნა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“, ხოლო 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა სახელმწიფო მინისტრი, 2004 წლის 17 თებერვალს კი - პრემიერ-მინისტრი.
ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალურად: ნახშირჟანგის აირით) და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. დაკრძალვისას ილია II-მ აღნიშნა:
„ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.“
2006 წლის 9 დეკემბერს პარლამენტში გაიხსნა მისი ბრინჯაოს ბიუსტი (მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე). თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა და მოედანი. ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე, სამი შვილი - ლიზა, ბუსა, ანა - და ძმა - გიორგი ჟვანია.
„ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში - თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც არ უნდა დაეცე ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ“, - ამბობდა ნინო ჟვანია მეუღლის, ზურაბ ჟვანიას შესახებ.

მაშინ, როცა ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, ნინო ჟვანია 38 წლის იყო, მათი უფროსი შვილი, ლიზა - 10 წლის, ბუსა - 8 წლის, ანჩო კი - 6 წლის. შვილები მამაზე კამერების წინ იშვიათად საუბრობენ, თუმცა ლიზა ერთ-ერთ ინტერვიუში მამას ასე იხსენებდა:
„ზურა ჟვანიას შვილობა, დიდი მადლია ჩემთვის. გამორჩეული იყო ოჯახისთვის, ასევე, თავისი მოღვაწეობით. ბევრმა უცხო ადამიანმა ისეთი მოგონებები გამანდო მასზე, მეამაყება რომ მისი შვილი ვარ. გამიმართლა, ასეთი მამის შვილი რომ ვარ და ის რომ მყავდა. ძალიან ძვირფასია ჩემთვის“.
ლიზა ჟვანიამ შეერთებულ შტატებში ისწავლა - იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. საქართველოში როგორც კი დაბრუნდა, ჯერ ჟურნალ „ლიბერალში“ დაიწყო მუშაობა, შემდეგ „მწვანეთა მოძრაობას“ შეუერთდა.
დღეს თავის მეგობრებთან ერთად სახელოვნებო ცენტრ „მაუდს“ ხელმძღვანელობს. ამავე დროს, ცდილობს შეაგროვოს და შეისწავლოს ყველაფერი, რაც მამამისის, ზურაბ ჟვანიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.

ბუსა ჟვანია მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა, განსკაუთრებით კი მაშინ, როცა ბუსა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3-წლიანი მსჯავრი 2021 წლის 5 თებერვალს შეეფარდა. ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებდა, დარჩენილ 1,5 წელს კი პირობითი მსჯავრით.
„კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში", - ამბობდა ნინო ჟვანია შვილის შესახევ 2023 წელს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მოგვიანებით, 2026 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი ედება კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში.

ნინო ჟვანიასა და ზურაბ ჟვანიას უმცროსი შვილი, ანა ჟვანია კამერებთან ყველაზე იშვიათად ჩნდება. არ გამოირჩევა არც სოციალურ ქსელში აქტიურობით. მისი ნიშნობისა და ქორწინების შესახებ მეგობრებს სიახლე ნინო ჟვანიამ გაუზიარა. ანა ჟვანიას რჩეული სპორტსმენი ხვიჩა ჯახაიაა.

ხვიჩა ჯახაია დაიბადა 1996 წლის 16 სექტემბერს, არის ქართველი წყალბურთელი, რომელიც თამაშობს მცველის პოზიციაზე. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
ოფიციალური ინფორმაციით, ხვიჩა ჯახაია წლების განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, რის შემდეგაც კარიერა მოსკოვის „დინამოში“ გააგრძელა. იგი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. ნაკრებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ევროპის წყალბურთის ჩემპიონატში, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებში.

სპორტული მიღწევებიდან აღსანიშნავია მსოფლიო უნივერსიადა (2021 ჩენგდუ): ბრინჯაოს მედალი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებთან ერთად.
