Google-ში მისი სახელის ძიებისას პირველივე სტრიქონებში წაიკითხავთ: სუპერმოდელი, ფოტოგრაფი, ფილანტროპი, დედა, ჟურნალ Nylon-ის თანადამფუძნებელი და ბრენდ Staerk & Christensen-ის ავტორი. ელენა კრისტენსენი იმ ლეგენდარული „შვიდეულის“ (Magnificent Seven) განუყოფელი ნაწილია, რომელმაც სინდი კროუფორდთან, ნაომი კემპბელთან, კლაუდია შიფერთან, ელ მაკფეროსნთან, კრისტენ ტურლინგტონსა და ლინდა ევანგელისტასთან ერთად მოდის სამყაროში სუპერმოდელების სრულიად ახალ ეპოქას შთაბერა სული.
მათ დაიპყრეს ყველა პოდიუმი, სარეკლამო კამპანია, ჟურნალის გარეკანი თუ ბილბორდი - და ეს ყველაფერი სოციალური ქსელების არსებობამდე მოხდა. „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეული“, - ასე ახასიათებდა მას ჯანი ვერსაჩე. „არავის აქვს მასზე უკეთესი ფეხები“, - ამბობდა კარლ ლაგერფელდი. „ის ტანსაცმელს სიცოცხლითა და ცეცხლით ატარებს“, - აღნიშნავდა ჯონ გალიანო.
მიუხედავად ასეთი გლობალური აღიარებისა, თავად ელენა საკუთარ სტატუსს საკმაოდ თავმდაბლად უყურებდა: „ჩემს თავს მოდის ხატად არ აღვიქვამ. უბრალოდ ძალიან მაგარი იყო 90-იანებში იმ განსაკუთრებული გოგოების ჯგუფის წევრი ყოფნა. იმ პერიოდში ბევრი ვიმუშავე და ამ ტიტულზე არ ვფიქრობდი. ახლა ვხვდები, რა უდიდესი საჩუქარი იყო იმ უნიკალური გოგოების ნაწილი ყოფნა, რომლებიც გაიზარდნენ და საოცარ ქალებად იქცნენ. თუმცა, ჩემი სტატუსისთვის მადლობა იმ ნიჭიერ ფოტოგრაფებს, სტილისტებსა და ძველი სკოლის ოსტატებს ეკუთვნით, რომლებთანაც ვმუშაობდი - ნამდვილი ხატები სწორედ ისინი არიან“.

დანიელი ლამაზმანი 1968 წლის 25 დეკემბერს, კოპენჰაგენში დაიბადა. 17 წლის ასაკში მან „მის დანია“ მოიგო, ხოლო 20 წლისას პარიზის მცირე სააგენტომ საფრანგეთში მიიწვია.
„სიმართლე რომ ვთქვა, მოდა და სამოდელო სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ ჭამა ძალიან მიყვარდა. ასე რომ, დავთანხმდი პარიზში წასვლას იმ პირობით, თუ კარგ მცირე რესტორნებში ვივლიდით. პარიზში კულინარიული თავგადასავლისთვის ჩავედი, მათ კი დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან შეხვედრებზე გამაგზავნეს. ძალიან გაგიმართლა, რომ უნიჭიერესმა ადამიანებმა მფარველობის ქვეშ ამიყვანეს. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა მოდელობა - სინამდვილეში ფოტოგრაფობა მინდოდა, სამოდელო კარიერა კი მსოფლიოს მოსავლელად და ფოტოების გადასაღებად იდეალურ საშუალებად მეჩვენებოდა“.
ახალ ქალაქში გადასვლა თავიდან რთული აღმოჩნდა: „საკმაოდ მარტოსულად ვგრძნობდი თავს, თუმცა მალევე შევეჩვიე, ოჯახიც ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან. პარიზში, კუნძულ სენ-ლუისზე, პატარა სტუდიაში ვცხოვრობდი. ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე ადგილობრივ საცხობში შევდიოდი, ბაგეტს კამამბერთან და ვაშლის პასტელას (chausson des pommes) ვიღებდი და ფეხით ან მეტროთი მივდიოდი. პარიზი ისეთი ჯადოსნური ქალაქია, თითქოს ისტორიულ რომანებში დავდიოდი“.
მისმა კარიერამ სწრაფი ტემპით დაიწყო სვლა: პირველი ჩვენება Valentino-სთვის გაამართა, ხოლო პირველი დიდი მიღწევა ჟურნალების სამყაროში British Vogue-ის გარეკანი იყო, რომელიც პიტერ ლინდბერგმა გადაიღო. კარიერის დასაწყისში განსაკუთრებული როლი ითამაშა კარლ ლაგერფელდმა - ელენა მასთან ერთად ხშირად მოგზაურობდა ნორმანდიასა და მონაკოში CHANEL-ის კამპანიების გადასაღებად. ხოლო 1990 წელს, კრის ისააკის საკულტო ვიდეოკლიპში Wicked Game მონაწილეობამ (რომელიც MTV-მ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვიდეოდ აღიარა) იგი კომერციული მოდის მწვერვალზე აიყვანა.

ელენა მრავალმხრივი ხელოვანია - იგი ფლობს ხუთ ენას, მონაწილეობდა ფილმებში, ხოლო როგორც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, წამყვანი ჟურნალებისთვის გადაიღო ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ნატალია ვოდიანოვა, The Weeknd, ნაომი კემპბელი და ჯიჯი ჰადიდი.
„ფოტოგრაფიით გატაცებული ვარ, ამიტომ სიამოვნებას ვიღებ ობიექტივის ორივე მხარეს ყოფნით. როცა მოდელი ვარ, ჩემს გონებაში არსებულ პატარა სამყაროში გადავდივარ, ხოლო როცა ფოტოს ვიღებ, ხანდახან სიამოვნებისგან სუნთქვაც კი მავიწყდება. ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა ფრიდა კალოს სტილი, ჟან სებერგი და გუსტავ კლიმტის ნახატების ქალები“.
თანამედროვე ციფრულ ეპოქაზე საუბრისას, კრისტენსენი მკაფიო პოზიციას გამოხატავს: „დღეს რომ ვიწყებდე კარიერას, ალბათ დიდხანს ვერ გავძლებდი. მოდელობის სოციალური ქსელების მხარე საერთოდ არ მიზიდავს. არ მომწონს ბიზნესი, რომელიც ნახვების რაოდენობით გაფასებს და არა ორიგინალურობით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერის ნახევარი სოციალური ქსელების გარეშე გავატარე. მირჩევნია მოდელები ინდუსტრიის მოლოდინებს არ ერგებოდნენ, იყვნენ რეალურები და პერსონალურები - აი, ასეთ მოდელს ავიყვანდი, კლიენტი ან ჟურნალის რედაქტორი რომ ვიყო“.

ელენა კრისტენსენი ეკო-აზროვნებასა და მდგრად (sustainable) მოდას ჯერ კიდევ მანამ მისდევდა, სანამ ეს გლობალურ ტრენდად იქცეოდა:
„მოზარდობის ასაკიდან ვყიდულობ მეორად და ვინტაჟურ ტანსაცმელსა თუ ნივთებს. ალბათ იმიტომ, რომ გავიზარდე ქვეყანაში, რომელიც მდგრადობის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია. ტანსაცმელი ჩვენი შინაგანი სამყაროსა და ემოციების პირდაპირი გაგრძელებაა. მაღალი ხარისხის მასალები და ხელოსნობა ყოველთვის ძვირი ღირს და ეს ნორმალურია, თუმცა ფასები ამას უნდა ასახავდეს და არ უნდა იყოს უაზროდ მაღალი. იაფფასიან, მასობრივ წარმოებაზე უარს ვამბობ, რადგან არ მინდა მხარი დავუჭირო შრომის მიუღებელ პირობებს“.
დანიელ მეგობართან, კამილა სტარკთან ერთად, მან შექმნა ბრენდი Staerk and Christensen. წყვილი ქმნის საცურაო კოსტიუმებს, პერანგებს, ფეხსაცმელს, სათვალეებსა და ინტერიერის დიზაინის ნივთებს. ამჟამად ისინი მუშაობენ დასაშლელი (prefab) ხის ვილების ექსკლუზიურ პროექტზე, სადაც გაერთიანებულია ისეთი არქიტექტურული გიგანტების ნამუშევრები, როგორებიც არიან ზახა ჰადიდი, ჟან ნუველი და ფილიპ ჯონსონი.

ელენას იდენტობის დიდი ნაწილი მის ფესვებს უკავშირდება - მამა დანიელი ჰყავს, ხოლო დედა - პერუელი.
„ჩემი დედა ჩემი პირადი გმირია. მან არაერთი სირთულე გადაიტანა და ნამდვილი ბუნების სტიქიაა, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ესპანურს თავისუფლად ვფლობ, ჩემი ვაჟი ლუსიენიც საუბრობს ამ ენაზე“.
მისი 21 წლის ვაჟი, მინგუს ლუსიენი, ასევე მოდელად მუშაობს. დედობასა და თვითსიყვარულზე საუბრისას ელენა აღნიშნავს: „დედობამ გული სრულიად ახლებურად გამიხსნა, შენი შვილი ცვლის იმას, თუ როგორ ფიქრობ და როგორ გიყვარს. სიცოცხლის გაჩენა და მისი აღზრდა უდიდეს ძალასა და ცოდნას გიბრუნებს უკან. საკუთარ თავზე ფიზიკურად და სულიერად უნდა იზრუნო - ამით გიყვარს საკუთარი თავი, ხოლო როცა საკუთარი თავი გიყვარს და პატივს ცემ, მხოლოდ მაშინ შეგიძლია სხვების სიყვარული და ზრუნვა. ჩემი შვილის გაჩენა და გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) გლობალურ ელჩად გახდომა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევებია“.

როგორც UNHCR-ის გლობალური ელჩი, ელენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ლტოლვილთა ბანაკებს სტუმრობს, ისმენს მათ ისტორიებს, იღებს ფოტოებს და მათ ხმას მსოფლიოს აწვდის. „ეს არის ჩემი საქმიანობის ის ნაწილი, რომლის მიმართაც ყველაზე დიდ პასუხისმგებლობასა და მადლიერებას ვგრძნობ“. გარდა ამისა, იგი აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და ძუძუს კიბოს კვლევების დაფინანსებაში.
დღეს ელენა ნიუ-იორკში ცხოვრობს, ზაფხულებს კი დანიაში ატარებს. უყვარს ცივ მდინარეებსა და ოკეანეში ცურვა, ბოქსი, ძაღლების გასეირნება და კულინარია.
როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ აღწერდა საკუთარ თავს, ელენამ უპასუხა: „ძალიან დანიელი, ძალიან პერუელი ქალი, რომელსაც უყვარს ბუნება, არის კვების კოორდინირებული მოყვარული და გატაცებული წყლით. უბრალოდ მინდა ვაკეთო საინტერესო, ღრმა და მხიარული პროექტები, შევინარჩუნო ინტერესი და შთაგონება.“
