მსახიობი მარინა კახიანი გადაცემა „Speak Easy-ის“ სტუმრობდა, სადაც სიყვარულზე გულახდილად ისაუბრა.
მისი თქმით, სიყვარულის საკითხში კატეგორიულობა არ მოსწონს, რადგან ყველა ადამიანთან ეს გრძნობა განსხვავებულად მოდის.
"სიყვარული ვისთვის როგორ მოდის. მე მსგავს საკითხებში კატეგორიული არ ვარ და ცოტა მაოცებს კიდეც, როდესაც სხვების მიმართ ასეთ კატეგორიულობას იჩენენ. მხოლოდ იმის გამო, რომ თვითონ ჰქონდათ ასე ცხოვრებაში ან ასე ფიქრობენ, მიაჩნიათ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
არა, მე ასე არ ვფიქრობ. ვიღაცისთვის სიყვარული მართლაც ერთადერთი და განუმეორებელია, ვიღაც კი, შესაძლოა, ცდილობს, ეს განცდა ხელახლა გაიმეოროს... უდიდესი სიყვარული ერთხელ მქონდა, თუმცა ტყუილი იქნება ვთქვა, რომ სხვის მიმართ ინტერესი ან რაღაც პატარა გრძნობა არასდროს გამჩენია," - ამბობს მარინა.

მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები, 1974-76 წლებში, მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვა.
მარინა კახიანი პატარა ასაკში დაქვრივდა, მისი მეუღლე გია მატარაძე იყო. მარინას ერთი შვილი ჰყავს.
"ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი, როცა ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვიყავი. ჩემი მეუღლე, გია მატარაძე ჩემზე საკმაოდ უფროსი იყო და უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. ჩვენმა ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, სხვების აზრს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, შემდეგში კი თავს იმართლებ, რომ ეს შენი ბედისწერა იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. გია კინორეჟისორი, ყოფილი მსახიობი გახლდათ და ჩემი საქმიანობის გამო საყვედური არასდროს გამოუთქვამს. ჩვენი ქორწინება 12 წელიწადს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, სტუმრადაც კი ერთად დავდიოდით. მხოლოდ მაშინ ვშორდებოდით, როცა მე გასტროლზე მივდიოდი და ეს საკამათო არასოდეს გამხდარა. ის ზომიერად ეჭვიანი იყო. ამას ვუგებდი, რადგან მე ალბათ, ძველი ყაიდის ქალი ვარ და მომწონს, როცა მამაკაცი ცოტათი ეჭვიანობს.
ჩემი შვილი ურთულეს პერიოდში - 1990-იან წლებში გაიზარდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, ვათა ჯერ 12 წლისაც არ იყო. ერთი წლით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ უკვე გია... მოკლედ, ეს ურთულესი ეტაპი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში! ძალიან ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა: 12 წლის ბიჭი გარეთ რომ არ გამეშვა, ესეც არ ივარგებდა - კაცი ხომ უნდა გაზრდილიყო? ყოველთვის მძიმე არჩევანის წინაშე ვიყავი - სად და როდის უნდა გამეშვა და როდის ამეკრძალა - როდის დამედო მშობლის "ვეტო" სადმე წასვლაზე. დედაჩემს ეშინოდა და მეგობრებთან წასვლასაც უკრძალავდა, მე მაინც ვუშვებდი და ეს დიდი სტრესი იყო. ალბათ, ყველაფერმა ერთად იმოქმედა: გენეტიკამ, მისმა ხასიათმა და ბუნებამ, მე და დედაჩემმაც დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ და დღეს ის ძალიან კარგი ადამიანია. მეამაყება, როცა მეუბნებიან, რა კარგი შვილი გაგიზრდიაო" - ამბობდა მარინა.