"პირად ცხოვრებაში დიდად არ გამიმართლა, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ" - ნანიკო ხაზარაძე სიყვარულზე, შვილსა და ოჯახზე - Marao

"პირად ცხოვრებაში დიდად არ გამიმართლა, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ" - ნანიკო ხაზარაძე სიყვარულზე, შვილსა და ოჯახზე

2026-08-26 16:04:32+04:00

„ნამდვილად ბედნიერი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების, პირადი ურთიერთობებისა და 23 წლის ქალიშვილის შესახებ გულწრფელად საუბრობს. იგი ეხება დედობის გამოცდილებას, ფინანსურ დამოუკიდებლობასა და იმ ფაქტორებს, რაც მას რთული პერიოდების მიუხედავად, ბედნიერებას ანიჭებს.

khazaradze

ნანიკო ხაზარაძის ინტერვიუ 

ტელეწამყვანი საუბრობს შვილთან ურთიერთობაზე, დედობრივ მიდგომებსა და იმ შინაგან სიმშვიდეზე, რომელსაც ქალიშვილის თვისებები ანიჭებს:

— ერთი გოგონა გყავს და აღნაგობით ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს. როგორი დედა ხარ — მკაცრი, ლმობიერი, დამთმობი თუ მეგობრული?

— 23 წლის არის ჩემი გოგო და მისთვის ყველანაირი დედა ვარ — მკაცრიც, ლმობიერიც და მეგობრულიც. ხანდახან — სასტიკიც.

ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში დიდად არ გამიმართლა. თუმცა, ვერ ვიტყვი, როგორც ქალი არ ვარ ბედნიერი-მეთქი, რადგან მიყვარდა ჩემი ქმარი და მისგან შვილი მყავს. მოკლედ, არცერთ კაცთან დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ურთიერთობა, ვიყავი ბედნიერი, მაგრამ დიდხანს ურთიერთობის გაგრძელებისთვის ორივემ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს.

  • „გულწრფელად გეუბნები, არცერთი არ არის ჩემი მეგობარი“ - ნანიკო ხაზარაძე კოლეგებზე საუბრობს 

მარტო სიყვარული არ არის მთავარი, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს. ეს არის ჩვეულებრივი პარტნიორობა, რომელსაც ორივეს მხრიდან სჭირდება ძალისხმევა. მარტო ერთი ადამიანი ვერ „ქაჩავს“. ჯერჯერობით არ მქონია ისეთი ურთიერთობა, ორივეს სადავეები ხელში აგვეღო და ურთიერთობაზე გვემუშავა. თუმცა, შეიძლება, ამ კუთხითაც გამიმართლოს.

khazaradze

კიდევ ვიმეორებ — მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად ვამბობ, რომ ვარ ბედნიერი ადამიანი, ვცხოვრობ ლამაზ სახლში, სადაც შესვლა ესთეტიკურ სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს; მყავს შვილი — საოცრად კეთილშობილი და პატიოსანი, მართლა საოცარი გოგოა და მინდა, ოდნავადაც მივუახლოვდე მის სიკეთეს და პატიოსნებას. და, ყველაფერთან ერთად, საშინლად შრომისმოყვარეა.

  • "მაგინებდნენ, მწყევლიდნენ, ცუდი სიტყვებით მომიხსენიებდნენ, მირეკავდნენ ასაკით პატარა გოგოები და ბიჭები" - ნანიკო ხაზარაძე ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ

მყავს კარგი, ლამაზი და ჯანმრთელი დედა, რომელიც ჩემთვის მაგალითია; 17 წლიდან მუდმივად მაქვს ჩემი შემოსავალი და მხოლოდ ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საბაბს, ვთქვა, ბედნიერი ვარ, ცხოვრებისეული განსაცდელების და სტრესების გარეშე, არავის უცხოვრია.

  • "ახლა მოვდუნდი და, თურმე, რა კარგი ყოფილა" - 37 წელი ეთერში და აუსრულებელი ოცნება: რატომ წამოვიდა ნანიკო ხაზარაძე ტელევიზიიდან?

პირველ რიგში, მადლიერები უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს და იმის, რაც შეგვიმსუბუქებს იმ სტრესებთან გამკლავების გზას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია, მუდმივად არსებობდეს. მე კი ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ!

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“