"მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, რომ ნაყოფი არის ფანტასტიკური" - პირველი ლედის ამპლუა, შვილების აღზრდა და გზა შინაგან ჰარმონიამდე - Marao

"მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, რომ ნაყოფი არის ფანტასტიკური" - პირველი ლედის ამპლუა, შვილების აღზრდა და გზა შინაგან ჰარმონიამდე

2026-08-31 16:28:25+04:00

„მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, რომ ნაყოფი არის ფანტასტიკური და მართლაც ფანტასტიკურია... ყველაზე კარგი ბიჭი. და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგია, რომ არ ვიცოდი მისი სინდრომის შესახებ. რატომ, იცით? ეს იქნებოდა ჩემთვის ორსულობის დროს სტრესი.

  • "ძალიან მოვწონდი ყველას - საზღვრებს შიგნით თუ გარეთ" - მაკა ჩიჩუა, როგორც სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლო

რა თქმა უნდა, სხვას არაფერს არ შევცვლიდი, არა... მაგრამ სტრესი იქნებოდა, რომ ვიცხოვრებდი აი, ამ განცდით - რა იქნება, როგორ უნდა ვმართო და რა პრობლემებს დავეჯახები... ამისთვის მაინც დავიძაბებოდი", - ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოფო ჯაფარიძის გადაცემაში Medguide-მედგიდი სტუმრობისას. 

maka-chichua

მაკა ჩიჩუა - ოჯახი, დედობა და განვლილი გზა

მაკა ჩიჩუა ქართული საზოგადოებისთვის ყოველთვის ასოცირდებოდა განსაკუთრებულ უშუალობასთან, ბუნებრივ სილამაზესა და შინაგან თავისუფლებასთან. მხატვარი, მსახიობი და ყოფილი პირველი ლედი - მან შეძლო, საჯარო სტატუსის მიუხედავად, შეენარჩუნებინა ის ორგანული ინდივიდუალიზმი, რაც მის მიმართ საზოგადოების მუდმივ პატივისცემასა და სიყვარულს განაპირობებს.

  • „ჰოლივუდის სცენარივით განვითარდა მოვლენები...“ - სიყვარულით გადაწერილი სცენარები და დედობის ორი ასაკი: მაკა ჩიჩუას გულწრფელი აღსარება

მაკა ჩიჩუას განვლილი გზა მჭიდროდ არის დაკავშირებული შემოქმედებასთან. ხელოვნებისადმი ინტერესი მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდანვე გაჩნდა. წლების განმავლობაში ის მუშაობდა როგორც მხატვარი და ვიზაჟისტი, მონაწილეობდა კინოპროექტებსა და მუსიკალურ ვიდეოებში.

მისი სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა აკადემიური ჩარჩოებისგან დისტანცირებითა და თავისუფლების სიყვარულით. სწორედ ამ თვისებამ გახადა ის გამორჩეული ფიგურა ქართულ კულტურულ სივრცეში ჯერ კიდევ მანამ, სანამ მისი ცხოვრება პოლიტიკური პროცესების ფონზე საჯარო ყურადღების ცენტრში მოექცეოდა.

როდესაც საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე გახდა, მაკა ჩიჩუამ სრულად შეცვალა პირველი ლედის ტრადიციული აღქმა საქართველოში. მან უარი თქვა ხელოვნურ პროტოკოლურ ჩარჩოებზე და შეინარჩუნა ის უშუალობა, რაც მას ახასიათებდა.

მისი მოღვაწეობა ამ პერიოდში ძირითადად მიმართული იყო სოციალური პროექტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. მაკა ჩიჩუა გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საჯარო პოზიციის გამოყენება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების წინ წამოსაწევად - ზედმეტი პომპეზურობის გარეშე.

დედობა მაკა ჩიჩუას ცხოვრების მთავარი ღერძია. უფროსი ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას გარდა, გიორგი მარგველაშვილთან თანაცხოვრებაში მას ორი ვაჟი - თემო და თომა შეეძინა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი დამოკიდებულება შვილების აღზრდის მიმართ. მაკა ღიად და გულწრფელად საუბრობს იმ სირთულეებსა თუ ემოციურ განცდებზე, რაც ორსულობასა და ბავშვების აღზრდას ახლავს თან. მისთვის დედობა არის არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ მუდმივი თვითშემეცნებისა და ემოციური ზრდის პროცესი. შვილებთან ურთიერთობაში ის ყოველთვის ანიჭებს უპირატესობას მეგობრულ კავშირს, ნდობასა და ბავშვის პიროვნულ თავისუფლებას.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მაკა ჩიჩუამ და გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის ხმაურიან ცხოვრებას დუშეთში გადასვლა და ბუნებასთან სიახლოვე არჩიეს. ეს არჩევანი მათი მსოფლმხედველობის ლოგიკური გაგრძელება იყო.

დღეს მათი ოჯახური ცხოვრება სიმშვიდით, მიწასთან მუშაობით, შვილების აღზრდითა და შემოქმედებითი საქმიანობით არის დატვირთული. დუშეთის სახლი გახდა სივრცე, სადაც მაკა ჩიჩუა აგრძელებს ხატვას და ცხოვრობს იმ ჰარმონიით, რომელსაც ყოველთვის ეძებდა.