"ქალები ეხვეოდნენ, მაგრამ არ ვიყავი ეჭვიანი და დღემდე ვერ გამიგია, ეს რა ფენომენია..." - ქეთათო ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანის შესახებ - Marao

"ქალები ეხვეოდნენ, მაგრამ არ ვიყავი ეჭვიანი და დღემდე ვერ გამიგია, ეს რა ფენომენია..." - ქეთათო ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანის შესახებ

2026-09-11 15:31:55+04:00

ქართული ალტერნატიული მუსიკისა და პოპ-კულტურის ისტორიაში ირაკლი ჩარკვიანი - „მეფე“ - და ქეთათო პოპიაშვილი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ეპოქალურ წყვილად რჩება. ირაკლი ჩარკვიანი იყო პოეტი, მუსიკოსი და მწერალი, რომელმაც 90-იანი და 2000-იანი წლების ქართულ სცენაზე რევოლუციური გარღვევა მოახდინა. მისი შემოქმედება დღემდე ინარჩუნებს უდიდეს გავლენას.

  • "ახლა რთულ პერიოდში ვარ - გოგოობიდან - ქალობის პერიოდში" - ნანა ჩარკვიანი მამაზე, დამოუკიდებლობასა და ოჯახზე

ქეთათო ირაკლის არა მხოლოდ მეუღლე, არამედ მისი მუზა, თანამოაზრე და მუსიკალური პარტნიორიც გახდა. მათმა სიყვარულმა და ერთობლივმა ნამუშევრებმა ეპოქა შექმნა. წყვილის თანაცხოვრება 2006 წლის 24 თებერვალს, ირაკლის უეცარი და ტრაგიკული გარდაცვალებით დასრულდა - 37 წლის მუსიკოსი საკუთარ სახლში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

დღეს ქეთათო ჩარკვიანი აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას, მუშაობს მუსიკალურ პროექტებზე და პარალელურად უდიდეს დროს უთმობს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური და ლიტერატურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.

  • "სულ მქონდა განცდა, რომ ასეთი ბედნიერება დროებითი იყო" - ქეთათო ჩარკვიანის ინტერვიუ 

მსახიობ ეკა ჩხეიძის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას, ქეთათომ გულახდილად ისაუბრა იმ განცდებსა და შინაგან თავდაჯერებულობაზე, რომელიც ირაკლის გვერდით, თუნდაც თაყვანისმცემელი ქალების გარემოცვაში ყოფნისას ჰქონდა.

ketato

ირაკლის პოპულარობა და ეჭვიანობის საბაბი

ეკა ჩხეიძე: ირაკლი ძალიან პოპულარული, სიმპათიური, ძალიან... ძალიან ნიჭიერი იყო და ალბათ ეხვეოდნენ ქალები. არ ეჭვიანობდი? არ გაძლევდა ეჭვიანობის საბაბს?

ქეთათო ჩარკვიანი: ჰო, მაგაზე მაქვს პასუხი... ეხვეოდნენ ქალები, კი, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, არ ვიცი, რატომ. დღემდე, სხვათა შორის, მაგაზე ვფიქრობ და მიკვირს - რატომ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული-მეთქი. 

ასაკის უპირატესობა თუ კონკრეტული ადამიანის ფენომენი?

ეკა ჩხეიძე: ასაკის უპირატესობა იყო შეიძლება ამის მიზეზი?

ქეთათო ჩარკვიანი: აი, ეგეც ალბათ და აი, ამ კონკრეტულ ადამიანთან რომ თავდაჯერებული ვიყავი, დღემდე მიკვირს, როგორ, რანაირად.

ეკა ჩხეიძე: საერთოდ ხარ თავდაჯერებული თუ ირაკლის გვერდით იყავით? ირაკლისგან გამომდინარე?

ქეთათო ჩარკვიანი: ირაკლისთან მიმართებაში... ირაკლის გვერდით ვიყავი ძალიან თავდაჯერებული. ეჭვიანი ვარ ამ დროს, ვერ ვიტყვი, რომ არ ვარ... ქალები ეხვეოდნენ, მაგრამ არ ვიცი, არ ვიყავი ეჭვიანი და დღემდე ვერ გამიგია, ეს რა ფენომენია. ზოგადად, საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებს ადამიანი და ვერ ვხსნი ხოლმე. სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვიქცევით და მერე ვერ ვხვდებით, რომელია ნამდვილი ჩემი ქმედება, ანუ ქეთათო რომელია, სად არის მართალი. ალბათ, ირაკლის ჰქონდა ჩემ მიმართ ეს განწყობა.