„ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მამა კი არ გადავაგდე, არამედ პროფესიონალებს ჩავაბარე“ - ნანიკო ხაზარაძე მამის მოვლასა და საზოგადოების კრიტიკაზე - Marao

„ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მამა კი არ გადავაგდე, არამედ პროფესიონალებს ჩავაბარე“ - ნანიკო ხაზარაძე მამის მოვლასა და საზოგადოების კრიტიკაზე

2026-09-15 10:18:27+04:00

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე თემურ ეპიტაშვილის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საზოგადოებისთვის ორ საკვანძო და სენსიტიურ თემაზე - მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ტელეკომპანია „იმედიდან“ წამოსვლაზე ღიად ისაუბრა.

naniko-khazaradze

  • " ახლა მოვდუნდი და, თურმე, რა კარგი ყოფილა" - 37 წელი ეთერში და აუსრულებელი ოცნება: რატომ წამოვიდა ნანიკო ხაზარაძე ტელევიზიიდან? 

ნანიკო ხაზარაძის ინტერვიუ

  • მამა

- თავიდან ნახევარი საქართველო დამესხა თავს - მამა სანაგვეზე გადააგდოო. ჩემმა მამიდაშვილებმაც კი ფოტოები გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში და წერდნენ: „ჩვენ წამოვიყვანთ და მოვუვლითო“. ოღონდ ეს იყო ერთადერთი ხმამაღალი განცხადება — არც ერთხელ უნახავთ და არც ერთხელ მოუკითხავთ, როგორ იყო. ღმერთმა შეარგოთ ის პანიკა, რაც ატეხეს. საბოლოოდ, ვინც მლანძღავდა და მაგინებდა, ყველას დედა, ბებია, მამა თუ ბაბუა იქ აღმოჩნდა; სულ ვამბობდი, მთელი ვაკე მამაჩემთან არის-მეთქი.

ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მამა კი არ გადავაგდე, არამედ პროფესიონალებს ჩავაბარე ხელში, სადაც 24-საათიანი მეთვალყურეობა ჰქონდა: კვირაში ერთხელ სრულ დისპანსერიზაციას გადიოდა, წამლებს უნიშნავდნენ და პირველადი დახმარებისთვის ყველაფერი ადგილზე იყო. ამაზე კარგი რა შეიძლება გაუკეთო შენს საყვარელ ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს და რომელთან კონტაქტსაც სპეციალური უნარები და ისეთი ნერვები სჭირდება, რაც არავის აქვს?

  • რატომ წამოვიდა ნანიკო ხაზარაძე "იმედიდან" - ინტერვიუ ტელეწამყვანთან 

დამისახელეთ თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც მშვიდად ეკონტაქტება დემენციის მქონე ოჯახის წევრს, რომელიც აგრესიულია, სახლიდან გარბის და იკარგება, შლის შტეფსელებს და ამტვრევს ყველაფერს. მითხარით, ვინ უყურებს ამას მშვიდად, რკინის ნერვებითა და გაღიმებული სახით?

  • "იმედიდან" წამოსვლა

- არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, არავის უთხოვია ჩემთვის ტელევიზიის დატოვება - ეს ჩემი პირადი, სუბიექტური გადაწყვეტილება იყო. ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, კოლეგებსა და პროდიუსერებს თავზე არ გადავაბიჯე: ის თვე ბოლომდე მივიყვანე, აჟიოტაჟი რომ არ გამოწვეულიყო. არ მიყვარს, როდესაც ჩემ გარშემო ხმაურია. ის თვე ბოლომდე მივიყვანე მაშინ, როდესაც ყველამ იცოდა, რომ ტელევიზია დატოვებული მქონდა, და მერე წამოვედი. მეგონა, ჩუმად წამოვიდოდი, მაგრამ ეს წამოსვლა ჩუმი არ აღმოჩნდა. ის ცნობილი ამბავი არაფერ შუაშია - ეგ არ ყოფილა ბოლო წვეთი, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.