"როგორ დაუშვებდა, რომ თავისი ცხოვრება ორნაცოლები და ორშვილიანი მამაკაცისთვის დაეკავშირებინა" - ბაბო მიქელაძისა და რეზო ჭიჭინაძის სიყვარულის ისტორია - Marao

"როგორ დაუშვებდა, რომ თავისი ცხოვრება ორნაცოლები და ორშვილიანი მამაკაცისთვის დაეკავშირებინა" - ბაბო მიქელაძისა და რეზო ჭიჭინაძის სიყვარულის ისტორია

2026-09-15 14:08:43+04:00

ლიტერატურათმცოდნე საბა მეტრეველი არაერთ გამორჩეულ პიროვნებასთან მეგობრობდა. მათზე საინტერესო მოგონებები ხშირად გამხდარა ჩვენი საუბრის და შემდეგ წერილის თემა. მან ახლახან გამოსცა წიგნი „მწერალი და თეატრი“, რომელიც მიუძღვნა ბაბო მიქელაძის ხსოვნას. ბატონ საბას ვთხოვე გაეხსენებინა ეს ქალბატონი, მისი მეუღლე - რევაზ ჭიჭინაძე, მათი სიყვარულის ისტორია...

rezo

გაცნობა და ოჯახის შექმნა

- ბაბო მიქელაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა უცხო ენების განყოფილებაზე ინგლისური ენის სპეციალობით (რუსულ ჯგუფში). ამდენად, მან რუსულიც და ინგლისურიც ბრწყინვალედ იცოდა.

1961 წლის გაზაფხულია ქუთაისში. იასამნების სურნელი იფრქვევა ქალაქში. იმ დღეს, ოჯახის ახლობლის პანაშვიდზე მწუხარების მძიმე, მდუმარე ატმოსფეროში ძმებთან ერთად ახალგაზრდა ბაბო მიქელაძე შემოვიდა. ის სულ რაღაც ოცდაერთი წლისა იყო - მაღალი, თხელი, გამოკვეთილი არისტოკრატული იერითა და თმაში ჩაქსოვილი უზარმაზარი ბაფთით. სწორედ იმ წამს, სანთლების მბჟუტავ შუქზე, მისმა თვალებმა დარბაზის კუთხეში მდგარ მამაკაცს მოჰკრა თვალი. ბაბომ ნაბიჯი შეანელა. მამაკაცს უჩვეულო, ვაჟკაცური და გამანადგურებლად ლამაზი იერსახე ჰქონდა. „ასეთი გარეგნობის ადამიანი არცერთ ფილმში არ მინახავს“, — გაუელვა გულში გოგონას და მზერა აარიდა.

  • რატომ ვერ გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა "შუშანიკის წამება“ - სოფიკო ჭიაურელი ფარაჯანოვის გენიალურ სცენარზე

იმავე წამს, ოთახის მეორე ბოლოში, რეზო ჭიჭინაძემ დეიდაშვილს, ფაცის, მკლავზე ხელი წაჰკრა. მისი თვალები ამ უზარმაზარბაფთიან გოგონას მიეჯაჭვა.

- ეს ვინ არის?! - ჰკითხა ჩუმად, აღელვებულმა.

- სუ, გაჩუმდი, ალეკო მიქელაძის ქალიშვილია, - გადაუჩურჩულა ფაციმ.

რეზომ იშვიათი ხიბლით ჩაიღიმა და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად კი ბედისწერის კარნახით თქვა:

- მოვკიდებ ახლა ხელს, წავიყვან და მდიოს მერე ალეკო მიქელაძემ!..

თუმცა, ნურას უკაცრავად! ქუთაისურ ადათ-წესებზე, ოჯახის სიწმინდესა და თავმოყვარეობაზე აღზრდილი მიქელაძის ქალიშვილის ასე უბრალოდ „მოტაცება“ შეუძლებელი იყო. ბაბო ზედმეტად თავდაჭერილი, ამაყი არისტოკრატი გახლდათ. როგორ დაუშვებდა, რომ თავისი ცხოვრება ორნაცოლები და ორშვილიანი მამაკაცისთვის დაეკავშირებინა, რომლის გარშემოც მთელი ქალაქი ზუზუნებდა და, რომელზეც თითქმის ყველა ქალი უიმედოდ იყო შეყვარებული...

მაგრამ რეზოს სიყვარული, ისევე როგორც ყველაფერი მასში, თავდაჯერებული და ერთგული გამოდგა. ამ შეხვედრიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ რეზომ ცოლობა სთხოვა. კიდევ ოთხი წელი ელოდნენ ერთმანეთს და ბოლოს, 1968 წლის 20 აპრილს, როდესაც გაზაფხული ისევ ყვაოდა და ისევ იასამნების სურნელი ათრობდა ქალაქს, ხელი მოაწერეს.

  • განსაკუთრებული სახელი, მამის მიერ შესრულებული პორტრეტი და ამბავი მშვენიერ ბალერინაზე: ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი, ჩუქურთმა გუდიაშვილი გარდაიცვალა

მალე ცხოვრებამ ისინი შორს, მოსკოვში გადაისროლა. რეზო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აქტების გამოქვეყნების განყოფილების ქართული სექტორის უფროსად დანიშნეს. იმავე წლის ოქტომბერში, პრეობრაჟენსკის მოედანთან, ოჯახს სამოთახიანი ბინა გამოუყვეს. ეს დღე ბაბოსთვის განსაკუთრებული გამოცდა იყო. რეზო დილით სამსახურში წავიდა და ცარიელი, ცივი კედლები დატოვა. ბაბომ კი, რომელსაც რეპეტიტორობით ნაგროვები ფული ჰქონდა გადანახული, ნამდვილი ქალური სასწაული მოახდინა. იმავე დილით ქუთაისიდან მატარებლით ჩამოტანილი მზა ქვეშაგები, საგულდაგულოდ შერჩეული ავეჯი და ფარდები რამდენიმე საათში თავის ადგილას განათავსა. საღამოს დაღლილმა რეზომ ბინის კარი შეაღო და გაოგნდა - სახლი სითბოთი, მყუდროებითა და ოჯახური სურნელით იყო სავსე.

ოჯახმა ოცდაერთი წელი იცხოვრა მოსკოვური ცხოვრებით, აქ გაუჩნდათ სამი შვილი - გოგი, ბება და ირაკლი. ეს იყო ორი სრულიად განსხვავებული, მაგრამ სიყვარულით შედუღებული სამყაროს თანაარსებობა. და, როდესაც 1989 წელს, ქვეყნისა და საკუთარი ცხოვრების დიდ გარდატეხამდე, ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ თბილისში, ყველამ იცოდა, რომ რეზო ჭიჭინაძის გამანადგურებელი სილამაზის უკან ყოველთვის იდგა ერთი მაღალი, თხელი გოგო, რომელმაც იცოდა რეზოსა და ოჯახის სიწმინდის ფასი.

წაიკითხეთ სრულად