სტატიაში წაიკითხავთ:
ორშაბათს, 14 სექტემბერს, ფილმ „Gone in 60 Seconds“-ის 51 წლის ვარსკვლავი მანჰეტენზე, კინოთეატრ „Village East by Angelika“-ში გამართულ ღონისძიებაზე 21 წლის ზაჰარასთან ხელჩაკიდებული გამოჩნდა. ჯოლის დახვეწილი შავი ორეული და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ზაჰარას - შავი, ყელზე შესაკრავი კაბა.
ზაჰარა ჯოლისა და მისი ყოფილი ქმრის, ბრედ პიტის უფროსი ქალიშვილია. ყოფილ წყვილს, რომლებიც ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, კიდევ ხუთი საერთო შვილი ჰყავს: 25 წლის მადოქსი, 22 წლის პაქსი, 20 წლის შილო და 18 წლის ტყუპები — ნოქსი და ვივიენი.

დედისა და შვილის ეს გამოჩენა მას შემდეგ შედგა, რაც მსახიობის უფროსმა ვაჟმა, მადოქსმა, გვარიდან „პიტი“ ოფიციალურად ამოიღო.
PEOPLE-ის მიერ განხილული საჯარო სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორშაბათის ჩვენების პარალელურად, ლოს-ანჯელესის ოლქის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მადოქსის გვარი ოფიციალურად შეიცვალა „მადოქს ჩივან ჯოლი-პიტიდან“ „მადოქს ჩივან ჯოლიზე“. მადოქსმა სახელის შეცვლის განაცხადი 28 მაისს შეიტანა. 62 წლის პიტის წარმომადგენელმა იმ დროს PEOPLE-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
იმავდროულად, ზაჰარამ მამის გვარი ჯერ კიდევ 17 მაისს, კოლეჯის გამოსაშვებ ცერემონიაზე უარყო. თუმცა ღონისძიების პროგრამაში ის „ზაჰარა მარლი ჯოლი-პიტად“ იყო მითითებული, სცენაზე ასვლისას მისი სახელი „ზაჰარა მარლი ჯოლიდ“ გამოაცხადეს. PEOPLE-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ივნისში — მადოქსის განაცხადიდან რამდენიმე დღეში — ოფიციალურად მიმართა სასამართლოს გვარიდან „პიტის“ ამოღების მოთხოვნით. ზაჰარას სასამართლო მოსმენა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს არის დანიშნული.

ანჯელინამ 7 თვის ზაჰარა 2005 წელს, ეთიოპიაში მადოქსთან ერთად ვიზიტისას იშვილა. პიტი ჯოლის ქვეყანაში მეორე ვიზიტისას გაჰყვა, რათა პროცესი ოფიციალური გახდომილიყო, მომდევნო წელს კი ზაჰარა და მადოქსი მანაც იშვილა. 2006 წლის იანვარში ლოს-ანჯელესის მოსამართლემ დაამტკიცა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც მადოქსისა და ზაჰარას გვარი ოფიციალურად გახდა „ჯოლი-პიტი“.
მადოქსის მიერ გვარიდან „პიტის“ ოფიციალურად ამოღება ზუსტად 10 წლის შემდეგ მოხდა მას შემდეგ, რაც კერძო თვითმფრინავში პიტსა და ჯოლის შორის ინციდენტი მოხდა.
ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადი ამ ინციდენტიდან ხუთი დღის შემდეგ შეიტანა, ხოლო პროცესი 2024 წლის დეკემბერში დასრულდა.
„არასდროს ყოფილა სრული გაგება იმისა, თუ რამ აიძულა იგი განქორწინებაზე განაცხადი შეეტანა, ან რა ხდებოდა მომდევნო წლებში“, — განუცხადა PEOPLE-ს ჯოლისთან დაახლოებულმა წყარომ ორშაბათს. — „ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ის დუმილს, რათა თავისი შვილების მამისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა. მან ღირსეული დუმილი შეინარჩუნა მაშინაც კი, როდესაც მის წინააღმდეგ დეზინფორმაციით შეტევა მიმდინარეობდა“.

პიტთან დაახლოებულმა წყარომ კი აღნიშნა, რომ მასსა და მის შვილებს შორის ამჟამად „ძალიან მცირე კომუნიკაციაა“ და ეს ფაქტი „ტრაგედიად“ შეაფასა.