ამერიკელი მსახიობი სიდნი სუინი (Sydney Sweeney) ოლიმპიელი და სხვა სპორტსმენი ქალების მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მათ მსახიობი სპორტული პროგნოზების კომპანიის სკანდალურ რეკლამაში მონაწილეობის გამო ქალთა სპორტის დამცირებასა და სექსუალიზაციაში დაადანაშაულეს.
კომპანია Novig-ის ვირუსულ ვიდეორგოლში, რომელმაც გამოქვეყნებიდან პირველივე ორ დღეში 22 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, სუინის შიშველ სხეულს ფეხბურთის, კალათბურთისა და სხვა სპორტული სახეობების ბურთები და ინვენტარი ფარავს, სანამ ის მომხმარებლებს ეუბნება, რომ მათ ფსონის დადება „უბრალოდ სპორტზე“ შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც სიტყვა „სპორტს“ ცხრაჯერ იმეორებს, ის ბილიარდის მაგიდაზე წელსზევით შიშველი ჩნდება და ამბობს: „ამით ვერ ივაჭრებთ, მე უბრალოდ კარგად გამოვიყურები“.
რეკლამას საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელსაც სათავეში ბრიტანელი სპრინტერი ემი ჰანტი ჩაუდგა.
„სიდნი სუინი, აი, როგორ გამოიყურებიან ქალები სპორტში:კუნთები, მძიმე შრომა, სისხლი, ოფლი და ცრემლები.“ მან იმ მტკივნეულ რეალობაზე ისაუბრა, რომელსაც სპორტსმენები ყოველდღიურად აწყდებიან:
„როდესაც სპორტსმენი ქალი ხარ, ეს არ არის ლამაზი, არ არის გლამურული და ნამდვილად არ არის ყოველთვის სექსუალური. არის მძიმე მომენტებიც - ამ ჩემპიონატზე გამოსვლისას გუშინ მენსტრუაცია დამიწყო, რაც იდეალური ნამდვილად არ არის და რისი დაგეგმვაც წინასწარ შეუძლებელია.“
რეკლამა მკაცრად გააკრიტიკა ბრიტანელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ველოსპორტში, სოფი კეპველმაც:
„წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სექსუალიზებული რეპრეზენტაცია არ არის სპორტსმენი ქალების დანახვის ყველაზე პოპულარული გზა,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ავსტრალიაში პროტესტს სათავეში ჩაუდგა ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი ცურვაში, არიარნ ტიტმუსი:
„სიტყვებით ვერ აღვწერ, რამხელა ბრაზს ვგრძნობ ამის ყურებისას. ეს არ არის მხოლოდ სილა იმ თითოეული ქალისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრება ოსტატობის დახვეწას მიუძღვნა, არამედ ყველა იმ ქალისთვისაც, ვისაც სპორტი უყვარს იმისთვის, რაც ის სინამდვილეში არის - გუნდურობა, მეგობრობა, თავდადება, ოსტატობა და ერთიანობა. როგორ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ქალის სხეულით მონეტიზაცია და ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ მიღებული რამ არის?“
ასობით სპორტსმენმა შთაგონება ამერიკელი ტანმოვარჯიშისგან, გრეისი კრამერისგან აიღო, რომელმაც შეჯიბრების ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: „აი, როგორ გამოიყურება ქალი სპორტში“. მისმა პოსტმა ინსტაგრამზე მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.
თავად სუინიმ კრიტიკის პასუხად გამოაქვეყნა ცნობილი სპორტსმენების - მათ შორის სერენა უილიამსის, ფეხბურთელ მიგან რაპინოსა და კალათბურთელ სუ ბერდის ფოტოები, სადაც ისინი ჟურნალებისთვის შიშვლები პოზირებენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა მარკ ბორკოვსკიმ აღნიშნა, რომ რეკლამა არის „ცინიკური სოფტ-პორნო“, თუმცა ამ სკანდალით კომპანია Novig მაინც მოიგებს დიდი ყურადღების გამო.
„სექსი კვლავ ყიდის. ხოლო აღშფოთება და კულტურული ომის გარშემო კამათი ერთ რამეს გაძლევს - უზარმაზარ პოპულარობას,“ - განაცხადა ბორკოვსკიმ. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა, სანანებელი ხომ არ გახდება ეს ნაბიჯი სუინისთვის, რომელმაც სახელი ისეთ წარმატებულ პროექტებში თამაშით გაითქვა, როგორებიცაა Euphoria, The White Lotus და The Housemaid:
„სუინი მოკლე დროში ბევრ ფულს იშოვის, მაგრამ ხშირად მთავარია, როგორ ინარჩუნებ შენს ბრენდს წლების განმავლობაში და არა პირველი წარმატებისას. ასეთი სარეკლამო კამპანიები კი შესაძლოა მომავალში ცუდად შემოუბრუნდეს ადამიანს.“
რეკლამა დაიცვა Novig-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იაკობ ფორტინსკიმ:
„სიდნი შესანიშნავად ახერხებს მაყურებლის მიზიდვასა და ყურადღების ცენტრში ყოფნას. გარკვეულწილად, ამან აიძულა საზოგადოება, ჩვენზე დაეწყო მსჯელობა.“
ფორტინსკიმ ასევე უარყო კრიტიკა შინაარსის ზრდასრული ხასიათის შესახებ და აღნიშნა, რომ Novig-ის გამოყენება მხოლოდ 21 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვისაა ნებადართული. მან დასძინა, რომ სუინიმ თავად მიმართა კომპანიას პარტნიორობის შეთავაზებით და ვიდეოს მთავარი სათქმელის ჩამოყალიბებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სუინის მონაწილეობით გადაღებული რეკლამა სკანდალში ეხვევა. გასულ წელს, American Eagle-ის კამპანიამ „Sydney Sweeney Has Great Jeans“ (სიტყვების თამაში — Jeans / Genes - ჯინსი / გენები) დიდი დაპირისპირება გამოიწვია, სადაც ზოგმა ევგენიკის მინიშნებებიც კი დაინახა.
იმ სკანდალიდან რამდენიმე თვის შემდეგ სუინიმ თქვა, რომ ამ კრიტიკის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან იმ პერიოდში Euphoria-ს გადაღებებით იყო დაკავებული:
„ვინც მიცნობს, იცის, რომ ყოველთვის ვცდილობ ხალხის გაერთიანებას. მე სიძულვილისა და დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ.“
