ნუცა სურგულაძე წონის კლებასა და შენარჩუნებაზე: „როცა თავს არაფერს უკრძალავ, მერე აღარც გინდება“ - Marao

ნუცა სურგულაძე წონის კლებასა და შენარჩუნებაზე: „როცა თავს არაფერს უკრძალავ, მერე აღარც გინდება“

2026-09-24 10:48:14+04:00

ცნობილი კულინარი ნუცა სურგულაძე ხატია ქირიას გადაცემის, „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე, წონის კლების რთულ გზასა და სასურველი ფორმის შენარჩუნების საიდუმლოებებზე ღიად ისაუბრა.

როგორც ნუცა იხსენებს, „მასტერშეფის“ დასრულების შემდეგ მან 17 კილოგრამი დაიკლო და მიღებული შედეგი დაახლოებით 4 წლის განმავლობაში წარმატებით შეინარჩუნა.

nutsa-surguladze

  • "მიწერენ ხოლმე, შენ ხომ მოგწონდა შენი თავი და რატომ გაიკეთე ოპერაციაო?!" - ნინორე გიორგობიანის წონის კლება და ახალი ცხოვრების დასაწყისი 

ნუცა სურგულაძის ბრძოლა წონასთან

- "მასტერშეფის" შემდეგ 17 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა დაახლოებით 4 წელი შევინარჩუნე. გასულ წელს, სტრესის ფონზე, როდესაც ჩვენს საწარმოს რემონტის დროს პრობლემები შეექმნა, ძალიან ვინერვიულე და ორ კვირაში 10 კილო მოვიმატე. ამ ათ კილოს 5-6 თვის განმავლობაში ვერ ვიკლებდი. ძალიან გავსუქდი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი, მოწყენილი ვიყავი... მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ჭამა და ძილი მინდოდა, 16 საათიც კი მეძინა.

გაზაფხული როცა მოვიდა, მე და ჩემმა დამ ვარჯიში დავიწყეთ. ორი თვე ვვარჯიშობდი და ამ ვარჯიშით 3 კილოგრამი მოვიმატე, არადა ვცდილობდი, ჯანსაღად მეკვება. მერე დაბალანსებული კვება დავიწყე და, აქედან გამომდინარე, სულ ჯანსაღად ვიკვებებოდი. ასე, ნელ-ნელა, წონა 3-3 კილოთი ჩამოვიდა დაბლა. 4-5 თვეში 15 კილო დავიკელი. ახლა 61 კილო ვარ, 76-მდე ვიყავი ასული. მიზნად მაქვს, 53 კილო ვიყო. მიზნამდე 8 კილოგრამი დამრჩა და წლის ბოლომდე ამასაც ვნახავთ.

  • "სამივე ბავშვი როცა გავაჩინე, მივხვდი, რომ ამ წონით სიარული არ შეიძლებოდა" - 86-დან 60 კილოგრამამდე - თამუნა ლეკვეიშვილი წონის კლების გამოცდილებაზე საუბრობს 

შენარჩუნება რთულია, მაგრამ მერე, შედეგს რომ ხედავ და ტანსაცმელიც რომ გეტევა, მოტივაციაც მეტი გაქვს. არ ვსაუზმობ, პირველად ვჭამ ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ. პირველ საათზე ცილოვან საკვებს ვიღებ და მერე, 4-5 საათზე, ვჭამ მეორედ. 16-18-საათიანი შუალედი გამომდის. ახლა, ამ მომენტში, ყველაფერს ვჭამ, რის ხასიათზეც ვარ, მთავარია კალორიულ დეფიციტში ვიყო. თუმცა მაინც ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტები ავირჩიო. შეზღუდვები არ მაქვს, რადგან როცა შეზღუდვებს აწესებ, შემდეგ ორმაგად იმატებ. ჩემი მთელი ცხოვრების ციკლი ეს იყო - დავიკლებდი და შემდეგ ისევ ვიმატებდი. ახლა არაფერს ვიკრძალავ. ტირამისუ მინდა? შევჭამ. ამის უფლებას როცა თავს აძლევ, მერე აღარც გინდება.