ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა სოციალურ ქსელში ახალი ალბომის, „Time and Gravity“, შესახებ ემოციური ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მსმენელს საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და ალბომის კონცეფცია გაუზიარა.
"CD ალბომი - „დრო და გრავიტაცია“
დრო - სამყაროს საათი, რომელიც ფეთქავს არა მხოლოდ ზოგადად ან აბსტრაქტულად, არამედ როგორც შინაგანი ხმა და დინება. გარდაუვალი გაგრძელება, პულსაცია, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და ბიძგს აძლევდა ჩემს დაფიქრებას.
ამიტომ, ის რჩება ყველაფრის - ჩვენი არსებობის აბსოლუტურ შეხსენებად და მაგალითად.
მუსიკაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმისათვის, რომ სრულად შეისუნთქო დროის შეგრძნება: მისი საკუთარი ხასიათი, წარსული - როგორც მეხსიერება, მომავალი - როგორც იმედი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მოცემული მომენტი, პროცესი, გადაწყვეტილების მიღება, თავისუფლება, რისკი, მოძრაობა, გრავიტაცია - მიზიდულობის უხილავი ძალა და ენერგიის მასა.
პროკოფიევის მუსიკალურ ენასა და სიღრმეს შეუძლია ეს ფიქრები საკუთარ თავში აღადგინოს, უხვად აავსოს ენერგიით მაქსიმალურ ხმოვანებამდე, თან საშუალება მოგცეს, იყო ამის ნაწილი, იყო კომპლექსური, იყო მოწმე, იყო შემოქმედი, იპოვო ან დაკარგო, გაიმარჯვო ან სასოწარკვეთას მიეცე, იყო საკუთარი თავი.
ჩემთვის - ამ სამი სონატის პალიტრა არის მოცემული სივრცე, რომელიც მოიცავს ადამიანს თავისი ემოციური ბარგითა და მოცემული სისტემით. ეს არის სკალა პირადი აფეთქებიდან საყოველთაო ომამდე - თავისი სიცოცხლისუნარიანობითა თუ სისასტიკით, თავისი იდეალიზმით, სიყვარულის მაგნეტიზმით, დაწნული ტკივილითა თუ თავისუფლების აუცილებლობითა და საჭიროებით.
ჩემი მადლიერება მუსიკაში ამ მოცემული სივრცისადმი უსაზღვროა, რადგან არსის გააზრება აქ ბევრად უფრო მკაფიო და ახლობელია.
ჩემი თავმდაბალი სურვილია - მსმენელმა დაინახოს ეს სივრცე და მოისმინოს ის, როგორც აღსარება," - წერს ირმა.

ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს, თბილისში დაიბადა. მისი მუსიკალური მოგზაურობა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო - 5 წლის ასაკში იგი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“, შევიდა პედაგოგ ფირალიშვილის კლასში. პიანისტის ნიჭი და პროფესიონალიზმი მალევე იქცა საერთაშორისო აღიარების საგნად. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, 2002 წლის 16 ივნისს, იტალიის ქალაქ მინერბიოში გამართულ შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე, მან 8-დან 13 წლამდე კატეგორიაში გრან-პრი მოიპოვა. იმავე წლის 9 ივლისს, თბილისის მწერალთა კავშირის დარბაზში, კამერული ორკესტრის თანხლებით ბახის კონცერტი (f-moll) შეასრულა რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 2002 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“.

მუსიკოსის კარიერა აღმავალი ტემპით გაგრძელდა. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მან სოლო კონცერტი გამართა ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 2010 წელს პიანისტი ფრედერიკ შოპენის სახელობის მეორე საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ირმა გიგანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ასევე მოიცავს მონაწილეობას ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორიცაა ედინბურგის, ტრიესტეს, ბერლინისა და კოტბუსის კინოფესტივალები. დღეისათვის პიანისტი ვენაში ცხოვრობს, სადაც აგრძელებს თავის აქტიურ მუსიკალურ კარიერას, თუმცა მუდმივ შემოქმედებით კავშირს ინარჩუნებს მშობლიურ თბილისთან.