ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ „ტვ პირველის“ გადაცემაში „პირველი სტუდია“ უმძიმეს და ამავდროულად საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულ თემაზე ისაუბრა. ტელესახემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც ალცჰაიმერით დაავადებული მამის სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანის რთული გადაწყვეტილება მიიღო, ნაბიჯი, რომელსაც გარშემომყოფთა მხრიდან მწვავე კრიტიკა და ბრალდებები მოჰყვა.
"ხალხისგან მზად ვიყავი, რომ გადამივლიდნენ და ნათესავებისგან არ ვიყავი მზად. ამბობდნენ, რომ მე მამა გადავაგდე, ჩავაბარე სადღაც, სადაც არ აჭმევენ, აშიმშილებენ, ცუდად ექცევიან, ცხოვრობს ანტისანიტარიაში. თითქოს ამას ვერ მპატიობდნენ, რანაირად უნდა გადააგდოს საყვარელი მამა, ჩვენ წამოვიყვანთ და მოვუვლითო. არც ერთი ნათესავი, ვინც მამაზე ხმამაღლა ყვიროდა, არ მინახავს მასთან მოსული. არც ყურადღება გამოუჩენიათ, არც ერთს დაურეკავს, იმ ნათესავებისგან, ვინც ასე ხმამაღლა ყვიროდა...
ხალხის რისხვა ნაკლებად მტკივნეული იყო. საზოგადოებისგან რისხვა რომ დამატყდებოდა, ცალსახად ვიცოდი. ტელევიზიაში რომ მუშაობ ბევრი წელი, კარგად იცი მაყურებლის მენტალიტეტი, აზროვნების ლოგიკა და ფასეულობები. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ნაბიჯი ამ ყველაფრის მეორე მხარე იყო, თუმცა ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემთვის ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო ჩემი ნათესავები, ბევრად უფრო მტკივნეული და ამოუხსნელი იყო, როდესაც შენიანი გეტაკება, რომელმაც ყველაზე კარგად იცის შენი მოცემულობა" - ამბობს ნანიკო.

ნანიკო ხაზარაძის ბიოგრაფია
ნანიკო ხაზარაძე ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და სტაჟიანი სახეა, რომელიც ეკრანზე წლებია აქტიურად ჩანს და მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ ფიგურას წარმოადგენს.
ნანიკო ხაზარაძის ძირითადი პროფილი Talk-Show და გასართობი ფორმატია. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი უკავშირდება დღის გასართობ-შემეცნებით გადაცემებსა და თოქ-შოუებს. ის ყოველთვის გამოირჩევა თავისი თავისუფალი, უშუალო და ემოციური წაყვანის სტილით.
წამყვანის ამპლუის გარდა, ნანიკოს აქვს სხვადასხვა რეიტინგული სატელევიზიო შოუსა და მეგა-პროექტის ჟიურიში მუშაობის გამოცდილება, სადაც ის კონკურსანტებს თავისი პროფესიული თუ მსახიობური ხედვით აფასებდა.
ტელევიზიის მიღმა, მისი კარიერა ასევე მოიცავს მუშაობას რადიოეთერში, როგორც რადიოწამყვანის, და სამსახიობო გამოცდილებას ქართულ კინოპროექტებში.