მომღერალი სოფი სააკაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „X Factor“-იდან გაიცნო, უკვე რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მან „X Factory“-თან ინტერვიუში საკუთარი მუსიკალური ოჯახის, კარიერული გზისა და ამერიკული ყოველდღიურობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

- დედაჩემი არის მაია ყარყარაშვილი, რომელიც ძალიან ცნობილი იყო 90-იან წლებში. მამაჩემი დედაჩემის პროდიუსერი გახლდათ, რომელმაც, ასე ვთქვათ, პროდიუსერობა გაუწია პირველი და მეორე ალბომის ჩაწერისას. ასევე, დეიდაჩემიც მომღერალია და მეორე დეიდაჩემიც. დედაჩემის დეიდა არის მანანა თოდაძე - ვარსკვლავი საქართველოში და არაჩვეულებრივი მომღერალი. გარდა ამისა, ნათლიაჩემი უნიჭიერესი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, რომლის სიმღერებსაც ძალიან ხშირად ვასრულებ „X Factor“-ის სცენაზე და ძალიან მიყვარს.
მაიას გამორჩეული სიმღერა, ალბათ, არის „თბილისო“, რომელიც მარტო მე კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. როცა ამ სიმღერას ვიწყებ, თითქმის მთელი დარბაზი ყოველთვის მომყვება ხოლმე: „თბილისო, ჩემო მზის და ვარდის ქალაქო...“
ჩემთვის განსაკუთრებული პერფორმანსი იყო „I Believe I Can Fly“.
თურქეთის „Voice“-ც ერთ-ერთი წარმატებული საფეხური გახლდათ ჩემთვის. ამ გადაცემაში, სხვათა შორის, ფინალში მოვხვდი, ისევე როგორც „X Factor“-ში. ფინალამდე მივდივარ ხოლმე ყველგან.
სტეფანესთან 5 წელი ვიმუშავე ბექ-ვოკალში, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს საქმე მაშინ ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, ამასთან, უდიდესი გამოცდილებაც მივიღე. ვმუშაობდი ყველაზე მაგარ მუსიკოსებთან ერთად, ვისთანაც კი შეიძლება მუშაობა, და ამან ლაივ-კონცერტების უდიდესი გამოცდილება შემძინა. დამირეკა და მითხრა: „შენთან მოვდივარ, სიმღერას ვწერო და ბექები ჩამეწერეო“. რა თქმა უნდა, უარი არ მიგიცია. როცა მივედი და ჩავწერე, მერე მითხრა: „ხომ არ იმღერებ ჩემთან ბექ-ვოკალშიო?“, მეც ვუთხარი: „კი“

- ამერიკაში ცხოვრება მარტივი არ არის. ჩემი ეს ნაბიჯი შედარებით გააზრებული იყო იმ ასაკში, როდესაც უკვე დარჩენა გადავწყვიტე, იმ ასაკთან შედარებით, როდესაც პირველად ჩამოვედი. დაახლოებით 19-20 წლის ვიყავი, პირველად რომ ჩამოვედი, და მაშინ ძალიან არ მომეწონა აქ ცხოვრება, ამიტომ უკან დავბრუნდი. მერე, უკვე უფრო გააზრებულ ასაკში, მივხვდი, რომ ალბათ ამერიკაში უნდა გამეგრძელებინა და დამეწყო რაღაც. ამ ეტაპზე... როგორ გითხრათ, ძალიან მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, ახლა აქ რომ ვარ. ნამდვილად ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი, თუმცა ამერიკაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის.

მოგეხსენებათ, აქ ერთი სამსახურით ცხოვრება შეუძლებელია, რადგან ძალიან ძვირია. რთულია, ერთმა სამსახურმა მოგცეს ისეთი შემოსავალი, რომ სხვა არაფერი დაგჭირდეს. ამიტომ მეორე სამსახურიც მაქვს - ვმუშაობ ამერიკელ ადვოკატთან, ვარ მისი იურიდიული ასისტენტი. ძალიან ვამაყობ, რომ მასთან მოვხვდი, ესეც ერთ-ერთი გამართლებაა ჩემთვის. საქართველოში მიღებული განათლება აქ რაღაცნაირად დამიფასდა. ის ენები, რომლებიც ვისწავლე, ის დრო და ენერგია, რაც დავხარჯე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ დამიფასდა და სწორ ადგილას მოვხვდი. ასე მგონია და, ვნახოთ.
ჩემი და რესტორან „X Factor“-ის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ჩამოვედი - დაახლოებით ორ-სამ კვირაში. აქ ჩემს კლასელს უნდა შევხვედროდი, რომელიც ამ რესტორანში მუშაობს. 10 წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. უბრალოდ მოვედი, რომ სალომე მენახა, და რაღაცნაირად „X Factor“-ის სცენაზე აღმოვჩნდი. უკვე სამწელიწად-ნახევარია აქ ვარ და ამ დროის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ რესტორანში მაქვს გატარებული.