გადაცემა „მედგიდის“ მორიგი ეპიზოდი აქტუალურ თემას - კვების რაციონსა, მკაცრ დიეტებსა და პანიკურ შეტევებს შორის არსებულ ფსიქო-ფიზიოლოგიურ კავშირს მიეძღვნება.
გადაცემის სტუმრები იქნებიან ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი და მსახიობი თათია სულუაშვილი, რომლებმაც პრობლემას როგორც პროფესიული , ისე პირადი გამოცდილების კუთხით შეხედეს.
„მივედი იმ ზომამდე, რომ მორჩა აღარ მინდა. უკვე სტრესი მქონდა ისეთი რომ ყველა მეზიზღებოდა. მთელი ცხოვრება არასრულფასოვნების კომპლექსი მქონდა. ბავშვობიდან წონას ვებრძვი. ძალიან მომწონს თუ ცარიელი თავი ვარ დარჩენილი. კულტურული მჭამელი არასდროს ვყოფილვარ“, – ამბობს თათია სულუაშვილი.

თათია სულუაშვილი
თათია სულუაშვილი ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობილი მსახიობია. ტელეეკრანებზე მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე მას არაერთი კოლორიტული, ენერგიული და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შეუქმნია. თუმცა, იმ სახეებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეკრანზე ვხედავთ, რეალურ ცხოვრებაში თათია ბევრად ჩუმი, სერიოზული და თავშეკავებული ადამიანია. იგი ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს და ინტერვიუებსაც იშვიათად თანხმდება, თუმცა სოციალურ ქსელში გამომწერებთან ყოველთვის გულწრფელია და საკუთარ გამოცდილებასა თუ სასარგებლო რჩევებს მათ სიამოვნებით უზიარებს.
წლების განმავლობაში მსახიობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჭარბ წონასთან ბრძოლა იყო. ეს იყო ხანგრძლივი და რთული გზა, რომელმაც ორგანიზმისა და საკუთარი სხეულისადმი სრულიად ახლებური მიდგომა მოითხოვა. დაახლოებით ორი წლის წინ თათიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.
მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა.
"მიშიმშილია, წამსვლია გული და დამიკლია, მაგრამ ცოტა ხანში უფრო მეტი მომიმატებია. ამიტომ, შევიმუშავე სწორი კვების რეჟიმი და ამით დავიკელი 12 კილო. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, აქტიურად დავიწყე სწორი კვება. სამშობიაროში შევედი 90 კილო, გამოვედი 86 და სარკესთან რომ დავდექი, დავინახე იქიდან მიყურებდა ფუმფულა ქალი, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ოღონდ, არა დიეტით. ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები. ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ... რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას" - ამბობდა თათია ერთ-ერთი ინტერვიუში