"ეკრანზე ადამიანები გელოდებიან - არ გაქვს უფლება მოიწყინო - ამ დროს კი ურთულესი პრობლემა გაქვს, რომელიც შენს შვილს ეხება" - თათია სულუაშვილი შვილის მძიმე დიაგნოზზე - Marao

"ეკრანზე ადამიანები გელოდებიან - არ გაქვს უფლება მოიწყინო - ამ დროს კი ურთულესი პრობლემა გაქვს, რომელიც შენს შვილს ეხება" - თათია სულუაშვილი შვილის მძიმე დიაგნოზზე

2026-10-05 11:08:02+04:00

მსახიობი თათია სულუაშვილი გადაცემაში „პირველი სტუდია“ საკუთარი ცხოვრების ურთულეს ეტაპს იხსენებს - პერიოდს, როდესაც მის შვილს, დათას, აუტისტური სპექტრის დიაგნოზი დაუსვეს.

მსახიობის თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში საზოგადოებაში აუტისტური სპექტრის შესახებ ცნობიერება დაბალი იყო და ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა შექმნილ სირთულეს.

პირველი ეჭვები ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით თათიას მაშინ გაუჩნდა, როდესაც დათა 9 თვის იყო. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ტირილი კბილების ამოჭრით იყო გამოწვეული, თუმცა წლისანახევრის ასაკში მდგომარეობა დამძიმდა.

  • "მთელი ცხოვრება არასრულფასოვნების კომპლექსი მქონდა" - თათია სულუაშვილის გულახდილი ინტერვიუ

tatia-suluashvili

თათია სულუაშვილის ინტერვიუ

ბევრი წლის წინ, როდესაც ჩემი შვილი, დათა, წლისანახევრის იყო, მას აუტისტური სპექტრი დაუდგინდა. ძალიან რთული იყო ამ დიაგნოზის მოსმენა, როდესაც არ გაქვს ინფორმაცია, არ იცი, რა არის აუტისტური სპექტრი და როგორ უნდა გაუმკლავდე ამ სირთულეს. თან, ამ დროს მსახიობი ხარ - ეს ძალიან დამეხმარა. ის, რომ ეკრანზე ადამიანები გელოდებიან და ეკრანს მიღმა ხალხი უნდა გააცინო, ნიშნავს, რომ არ გაქვს უფლება მოიწყინო. ამ დროს კი ურთულესი პრობლემა გაქვს, რომელიც შენს შვილს ეხება.

მანამდე არც ვიცოდი, ნერვიულობა რა იყო. არ არსებობდა პრობლემა, რომელიც მე მომერეოდა, მაგრამ ეს შვილის ფაქტორი ყოფილა საშინელება, როდესაც არ იცი, რა გააკეთო. ეს არ არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომ იყიდო წამალი, გადაიხადო ათასები, დაალევინო, გადააფრინო თურქეთში, გაუკეთო ოპერაცია და ამით გამოაჯანმრთელო.

დათა საკმაოდ პატარა იყო, ცხრა თვის, როდესაც რაღაც არ მომეწონა, არ იყო ბავშვი კარგად. ვიფიქრე, რომ კბილები ამოსდიოდა და ამიტომ ტიროდა, მაგრამ გახდა წელიწად-ნახევრის და ის სიტყვები, რაც იცოდა - „დედა“, „მამა“, „ბაბუა“ - ყველაფერი დაავიწყდა. დაძახებაზე რეაქცია არ ჰქონდა, საერთოდ არ ჰქონდა შიშის ფაქტორი, ფუნქციური ნივთის აღქმა არ ჰქონდა, ჩემზე რეაქციაც კი არ ჰქონდა.

  • "პირველად ცხოვრებაში, როცა აღარ მინდა დაკლება" - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია სულუაშვილი 

საკმაოდ პატარა იყო და მითხრეს, რომ თუ ამაზე ვეჭვობდით, ამ ასაკში დიაგნოზი არ ისმებოდა - დიაგნოზი სამი წლიდან ისმებოდა... ფსიქიატრმა მითხრა, რომ იყო აუტისტური სპექტრის ნიშნები. დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მაშინ ჩემი ქმარი ამერიკაში იყო სამუშაოდ წასული.

ცხრა წელი ყოველდღე დავდიოდით თერაპიებზე. ჩემთვის არ არსებობდა ძილი. იყო პერიოდი, დილის ხუთ-ექვს საათამდე ქუჩაში მეძინა, იმიტომ რომ ძილი დარღვეული ჰქონდა, არ იძინებდა, სულ გარეთ უნდოდა, გარეთ იძინებდა. პლედმოხვეული ვიჯექი და ველოდებოდი, როდის ჩაეძინებოდა...

ახლა რომ ვიხსენებ, ეს პერიოდი ისევ რომ დამიდგეს, ალბათ, ვეღარ შევძლებ... დღეს დათა აღარ დადის თერაპიებზე, 9 წლის შემდეგ შედეგი მოიტანა... დღეს აღარ სჭირდება დათას თერაპიები, ჩვეულებრივ დადის სკოლაში, ფეხბურთზე, მეცადინეობს. ადამიანმა რომ შეხედოს, ვერც იტყვის, რომ მას ოდესღაც ეს დიაგნოზი ჰქონდა...