ცნობილმა შეფ-მზარეულმა ნუცა სურგულაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი კვების რაციონი და წონის დაკლების გამოცდილება გაუზიარა გამომწერებს. მისი მიდგომა გამოირჩევა ბალანსით, მოქნილობითა და მკაცრი აკრძალვების არარსებობით, რაც წონის კლების პროცესს ბევრად უფრო ჯანსაღსა და მდგრადს ხდის.
"ვცდილობ, ვახშამზე წვნიანი, რამე მსუბუქი კერძი, ბრინჯი ბოსტნეულით (შეიძლება ქათმითაც) ან წიწიბურა მივირთვა, თუ მომშივდება. ხოლო თუ არ მომშივდება, საღამოს საერთოდ არ ვჭამ. პროტეინის შეიკი დანაყრებას მიწყობს ხელს და რადგან საკმაოდ ადრე ვიძინებ, ვცდილობ, საღამოობით აღარაფერი მივირთვა.
თუმცა, თუ რამე მომინდება, მაგალითად, „ბაბლ თი“ მივდივარ და ვსვამ. თუ პიცა ან სუში მომინდება, მივდივარ და ვჭამ. ანუ, მკაცრი შეზღუდვები არ მაქვს.
მართალია, ახლა საკმაოდ ნელა ვიკლებ, ერთ თვეში დაახლოებით 2.5-დან 3 კილომდე დავიკელი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ დაბალ წონაზე პროცესი ნელდება. მიზნად კიდევ 5 კილოს დაკლება მაქვს დასახული. ამ 5 კილოგრამს რომ დავიკლებ, მერე დაკლება აღარ მინდა და ეს ძალიან მიხარია
საუზმე: ჩია პუტინგი / შვრია ხილით ან კვერცხი, ბოსტნეულით.
სადილი: ბოსტნეულის დიდი სალათი ხორცით.
ხემსი: პროტეინ შეიკი" - ამბობს ნუცა
ცნობილი კულინარი ნუცა სურგულაძე წლებია ებრძვის ჭარბ წონას. ის გამომწერებს მუდმივად უზიარებს მის გამჯოცდილებას
"მასტერშეფის" შემდეგ 17 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა დაახლოებით 4 წელი შევინარჩუნე. გასულ წელს, სტრესის ფონზე, როდესაც ჩვენს საწარმოს რემონტის დროს პრობლემები შეექმნა, ძალიან ვინერვიულე და ორ კვირაში 10 კილო მოვიმატე. ამ ათ კილოს 5-6 თვის განმავლობაში ვერ ვიკლებდი. ძალიან გავსუქდი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი, მოწყენილი ვიყავი... მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ჭამა და ძილი მინდოდა, 16 საათიც კი მეძინა.
გაზაფხული როცა მოვიდა, მე და ჩემმა დამ ვარჯიში დავიწყეთ. ორი თვე ვვარჯიშობდი და ამ ვარჯიშით 3 კილოგრამი მოვიმატე, არადა ვცდილობდი, ჯანსაღად მეკვება. მერე დაბალანსებული კვება დავიწყე და, აქედან გამომდინარე, სულ ჯანსაღად ვიკვებებოდი. ასე, ნელ-ნელა, წონა 3-3 კილოთი ჩამოვიდა დაბლა. 4-5 თვეში 15 კილო დავიკელი. ახლა 61 კილო ვარ, 76-მდე ვიყავი ასული. მიზნად მაქვს, 53 კილო ვიყო. მიზნამდე 8 კილოგრამი დამრჩა და წლის ბოლომდე ამასაც ვნახავთ.
შენარჩუნება რთულია, მაგრამ მერე, შედეგს რომ ხედავ და ტანსაცმელიც რომ გეტევა, მოტივაციაც მეტი გაქვს. არ ვსაუზმობ, პირველად ვჭამ ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ. პირველ საათზე ცილოვან საკვებს ვიღებ და მერე, 4-5 საათზე, ვჭამ მეორედ. 16-18-საათიანი შუალედი გამომდის. ახლა, ამ მომენტში, ყველაფერს ვჭამ, რის ხასიათზეც ვარ, მთავარია კალორიულ დეფიციტში ვიყო. თუმცა მაინც ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტები ავირჩიო. შეზღუდვები არ მაქვს, რადგან როცა შეზღუდვებს აწესებ, შემდეგ ორმაგად იმატებ. ჩემი მთელი ცხოვრების ციკლი ეს იყო - დავიკლებდი და შემდეგ ისევ ვიმატებდი. ახლა არაფერს ვიკრძალავ. ტირამისუ მინდა? შევჭამ. ამის უფლებას როცა თავს აძლევ, მერე აღარც გინდება" - ამბობდა ნუცა