გელა და ირაკლი ჩარკვიანების ოჯახმა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული, წარუშლელი კვალი დატოვა. მამა- გელა ჩარკვიანი, გამორჩეული დიპლომატი, მწერალი და პედაგოგი; შვილი - ირაკლი ჩარკვიანი, „მეფე“, რომელმაც ქართულ მუსიკას სრულიად ახალი ჟღერადობა და თავისუფლების სული შთაბერა.

მოგონებები გელა და ირაკლი ჩარკვიანებზე
გამოცემა „ინტელექტთან“ ინტერვიუში გელა ჩარკვიანის ქალიშვილმა, თეონა ჩარკვიანმა, მამასა და ძმასთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენა.
"რაღაც ერთ ფრაზას იმღერებდა და მე ვაგრძელებდი, მერე ირაკლი და ერთად... ლექსიდან ერთ ხაზს იტყოდა და ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა. ყველაფერი, რაც კი მახსოვს, გელასგან მახსოვს, იმიტომ რომ სულ რაღაცას გვასწავლიდა.
მთავარი რამ გვასწავლა: ყოველთვის რაღაც აკეთე. არსად არასოდეს მინახავს მამა უბრალოდ დამჯდარი, ისე რომ არაფერი გაეკეთებინა. დილას წიგნებს რომ წერდა, იმ ბოლო პერიოდშიც კი, 10 საათზე ჯდებოდა, 2-მდე წერდა, მერე ლანჩი ჰქონდა და ისევ 4-5-დან 7-მდე წერდა. 7 საათზე ვახშამი გვქონდა, შემდეგ ისევ ან წერდა, ან კითხულობდა, ან პიანინოზე უკრავდა. გელას თვითონ იმდენად უყვარდა წიგნი, მისთვის წიგნი მთავარი იყო. მის ნაწარმოებებში ყველაფერია: რომანტიზმიც, სატირაც... გააჩნია, რომელ წიგნს აიღებ. ის ქიმერები საერთოდ მთელი მისი ცხოვრებაა - ჩვენი ოჯახიც, პოლიტიკაც, ყველაფერია შიგნით. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა წასაკითხად და ბევრ ახალსა და საინტერესო რამეს გაიგებთ.
ყველაზე საყვარელი მოგონება ბოლო პერიოდია, როცა მარტოები ვისხედით ხოლმე და ვახშმობდით. თითო ჭიქა თეთრი ღვინო გვქონდა და ვსაუბრობდით. ეს მართლა ყველაზე თბილად მახსენდება და ძალიან მენატრება.
უფრო ფილოსოფიური საუბარი გვქონდა, ვეძებდით ცხოვრების აზრს. მე ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება მასთან გატარებული საღამოები და საერთოდ მთელი ცხოვრება, რომელიც მასთან ერთად ვიცხოვრე, ძალიან მენატრება და ძალიან მინდა ახლაც აქ იყოს, მაგრამ აღარ არის...
გელასთან ერთად ვუსმენდი მუსიკას, მაშინ ის დიდი ფირფიტები რომ იყო. უამრავი მიუზიკლი - „Jesus Christ Superstar“ და სხვა, ამაზე გავიზარდეთ. მერე უკვე „Pink Floyd“... ყველაფერს ერთად ვუსმენდით, ერთნაირი მუსიკა მოგვწონდა, მათ შორის თავისი მუსიკაც.
ახლა ირაკლის მუსიკა ჩემთვის პირველია და ასეთი მუსიკა არ არსებობს - ჩემთვის მართლა მეფეა. მუსიკაში ასეთი კომპოზიტორი და ასეთი მელოდისტი იშვიათობაა, იმიტომ რომ მის მელოდიას ისე იმახსოვრებ, თითქოს არანაირი პრობლემა არ არის, ერთხელ რომ მოუსმენ, უკვე იცი," - ამბობს თეონა.