„ბევრი წყვილის ხვედრი ალბათ არ არის... სახლშიც ერთად ვართ და - სცენაზეც“ – „ერისიონის“ გამორჩეული სახის, ნინა თოთიაურის ამბავი სცენაზე და სცენის მიღმა - Marao

„ბევრი წყვილის ხვედრი ალბათ არ არის... სახლშიც ერთად ვართ და - სცენაზეც“ – „ერისიონის“ გამორჩეული სახის, ნინა თოთიაურის ამბავი სცენაზე და სცენის მიღმა

2026-10-13 11:21:35+04:00

ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტი, ნინა თოთიაური, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ვიდეოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და სიყვარულს იმსახურებს. ნინის მეუღლე ასევე ცნობილი მოცეკვავე დავით გოგრიჭიანია, რომელმაც ფართო საზოგადოებას თავი პოპულარული პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაამახსოვრა. ნინას და დავითს ორი შვილი ჰყავთ და, ოჯახის პარალელურად, არაჩვეულებრივი კარიერა აქვთ.

  • "ერისიონის" ორი ვარსკვლავი და სიყვარულის ამბავი: ნინა თოთიაურისა და დავით გოგრიჭიანის ტანდემი სცენაზე და სცენის მიღმა

ცოტა ხნის წინ ნინა თოთიაურმა განვლილ გზაზე, ცხოვრების გარდამტეხ მომენტებსა და ოჯახზე - მეუღლისა და დედის ამპლუაზე ვრცლად "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა.

erisioni

ნინა თოთიაური - "ერისიონის" მოცეკვავე ოჯახსა და პროფესიაზე

- თქვენს მეუღლეზე გკითხავთ, რომელიც მოცეკვავეა… როგორ შედგა თქვენი სიყვარულის ამბავი?

- დათო 12 წლის იყო, რომ ცეკვაზე შემოვიდა, მაგრამ არა „ლილესებში“. სხვა სტუდიაში ცეკვავდა, მაგრამ გვყავდა საერთო მეგობარი. 12 წლის ასაკში გავეცანით ერთმანეთს. კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრული. სკოლას რომ ვამთავრებდი, მე-11 კლასში, ისე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, რომ თავისდაუნებურად მოხდა ყველაფერი. ყოველდღიურობაში გადაგვეზარდა საუბარი, ერთმანეთის ნახვა. იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე ასე ვართ ერთად. 21 წლის ვიყავით ორივე, როცა გადავწყვიტეთ დაოჯახება. რვა წელია, ცოლ-ქმარი ვართ.

- როდესაც სცენაზე ცოლ-ქმარი ცეკვავს, რა ქიმიაა, გარდა პარტნიორობისა?

- მთელი ცხოვრება „ერისიონის“ გარეშე არ მახსოვს ჩემი თავი და დათოსაც იმდენი ხანია ვიცნობ, სხვებისთვის უფრო შესამჩნევია ჩვენი ქიმია. სახლში, ყოველდღიურობაში ერთად ვართ და სცენაზეც ასე ვართ, ძალიან ოჯახური და თბილია ეს ცეკვა.

  • 5 მოცეკვავე წყვილი, რომლებმაც სცენაზე დაწყებული ისტორიები სიყვარულად აქციეს

შენი პარტნიორიცაა და შენი ნაწილიც… ცოტა სხვანაირი შეგრძნებაა და ბევრის ხვედრი ალბათ არ არის, რომ ერთად ასრულებდნენ სამუშაოს, უხეშად რომ ვთქვათ, რომელიც არის ცეკვა, ხელოვნება და სცენაზე დგომა. რომ ჩავუღრმავდები ხოლმე, მერე უფრო ვიაზრებ, მაგრამ ყოველდღიურად თითქოს ჩვეულებრივი ამბავია.

erisioni

- რადგან სულ ერთად ხართ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობა არ გახუნდეს და ახალი ფერები შეიძინოს?

- როგორც ყველა წყვილის ურთიერთობაში, ჩვენთანაც არის არცთუ ისე სასიამოვნო ფრაგმენტები, ეს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სავსებით ნორმალურია. რეპეტიციაზე რომ მოვდივართ, შეიძლება, მთელმა დღემ ისე ჩაიაროს, რომ ვერც შევხვდეთ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ ერთად მოგვიწევს ცეკვა. ყოველდღე ხომ არ ვასრულებთ ამ ცეკვებს. სახლშიც და სამსახურშიც ერთად ვართ, მაგრამ ერთმანეთს თავისუფლებას ვაძლევთ, რომ პირადი საქმეებიც გვქონდეს. ვცდილობთ მაქსიმალურად, ერთად ყოფნაც და არყოფნაც დავაბალანსოთ, რომ პრობლემები არ წარმოიშვას, მოსაბეზრებლები არ გავხდეთ ერთმანეთისთვის, მეც მჭირდება პირადი სივრცე და მასაც, არასამუშაო გარემოში. ეს თავისუფლება გვიბალანსებს ბევრ რამეს…

nina-totiauri

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ "რადიო ფორტუნას" გვერდზე