5 მოცეკვავე წყვილი, რომლებმაც სცენაზე დაწყებული ისტორიები სიყვარულად აქციეს - Marao

5 მოცეკვავე წყვილი, რომლებმაც სცენაზე დაწყებული ისტორიები სიყვარულად აქციეს

2026-08-06 13:45:49+04:00

ქართულ სცენასა და შოუბიზნესში განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ის წყვილები იპყრობენ, რომლებსაც საერთო პროფესია, ხელოვნება და სცენისადმი უზომო სიყვარული აერთიანებთ. ქართული ნაციონალური ცეკვის ტრადიციული იდენტობიდან თუ პოპულარული სატელევიზიო შოუებიდან გაცნობილი ეს სახეები მაყურებელს არა მხოლოდ თავიანთი ოსტატობითა და გარეგნობით, არამედ გამორჩეული, შთამბეჭდავი სიყვარულის ისტორიებითაც ხიბლავენ.

გთავაზობთ ცნობილ მოცეკვავე წყვილებს, რომლებმაც სცენიდან თუ რეპეტიციებიდან დაწყებული ურთიერთობები მტკიცე გრძნობად და ოჯახებად აქციეს:

  • ელენე ნაჭყებია და ლუკა ჭანიშვილი

ახალგაზრდა მომღერალსა და მოცეკვავეს, ლუკა ჭანიშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის საკუთარი ვიდეოებით მალევე გახდა პოპულარული, მისი შესრულებული სიმღერები და ქართული ცეკვა კი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას. მისი მეუღლე, უმშვენიერესი ელენე ნაჭყებიაც პროფესიონალი მოცეკვავეა. გამორჩეული გარეგნობისა და პლასტიკის მქონე ელენემ მაყურებლის გული პირველივე გამოჩენისას მოიგო. 

"ჩვენი შეხვედრა შედგა ჩემს კონცერტზე, "სუხიშვილების" თაკარას კონცერტზე, სადაც ელენე მაყურებლის სტატუსით იმყოფებოდა. კონცერტამდე გენერალური რეპეტიცია გვქონდა, რომ შემოვიდა ელენე, თვალი მოკარი და დიდი ყურადღება მიიპყრო. მეგობრის წყალობით გავიცანი ზედაპირულად. ცოტა ხნის შემდეგ, როცა რეპეტიციაზე მივედი და კარი შევაღე, დამხვდა ელენე და აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოების ისტორია", - იხსენებდა ლუკა ჭანიშვილი.

nachyebia

  • ნინა თოთიაური და დავით გოგრიჭიანი

ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტი, ნინა თოთიაური, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ვიდეოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და სიყვარულს იმსახურებს. ნინის მეუღლე ასევე ცნობილი მოცეკვავე დავით გოგრიჭიანია, რომელმაც ფართო საზოგადოებას თავი პოპულარული პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაამახსოვრა. ნინას და დავითს ორი შვილი ჰყავთ და, ოჯახის პარალელურად, არაჩვეულებრივი კარიერა აქვთ.

  • "ერისიონის" ორი ვარსკვლავი და სიყვარულის ამბავი: ნინა თოთიაურისა და დავით გოგრიჭიანის ტანდემი სცენაზე და სცენის მიღმა

"ჩვენი ურთიერთობა იწყება 12 წლის ასაკიდან. 12 წლის ვიყავით ორივე - თანატოლები ვართ.

ჩვენმა საერთო მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად ცეკვავდა ანსამბლში და დათოს მეზობელი იყო, გაგვაცნო ერთმანეთი.

იმ დღიდან მოყოლებული ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა და ვმეგობრობდით, მაგრამ მე, მაგალითად, არ მიფიქრია არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო და არის დღემდე, რომ აი, მომეწონა და გავეპრანჭო. ასეთი მომენტი არ მქონია დათოსთან.

მაგრამ მერე, როცა წამოვიზარდეთ, მაინც, ალბათ, რაღაცა არსებობს... სკოლას ვამთავრებდით, მე-10, მე-11 კლასში ვიყავით დაახლოებით, რომ დავიწყეთ მიწერა-მოწერა. იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, არც სიყვარულის ახსნა. ყველაფერი თავისთავად გადაიზარდა სიყვარულში", - იხსენებდა ნინი.

totiauri

  • ანა სუხიშვილი და გიორგი სებისკვერაძე

ანა სუხიშვილი "სუხიშვილების" გზის კიდევ ერთი ღირსეული გამგრძელებელია. განსაკუთრებული გარეგნობისა და ნიჭის ახალგაზრდა მოცეკვავე აქტიურია სოციალურ ქსელშიც და კადრებს სცენიდან თუ სცენის მიღმა ხშირად გვიზიარებს. 

ანა სუხიშვილის რჩეული ასევე „სუხიშვილების“ მოცეკვავე გიორგი სებისკვერაძეა. წყვილის ნიშნობა 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მეგობრების თანდასწრებით შედგა.

  • "სუხიშვილების" მოცეკვავეების ზღაპრული ქორწილი, რომელიც დღესასწაულად იქცა: ანა სუხიშვილისა და გიორგი სებისკვერძის კადრები

ანა სუხიშვილისა და გიორგი სებისკვერაძის ქორწილი სავსე იყო ტრადიციული ქართული სიმღერითა და, რა თქმა უნდა, ცეკვით - ქორწილი, რომელიც წყვილმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა, ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა - კადრებმა ამ ჯადოსნური საღამოდან უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

sukhishvili

  • ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯულიანამ პირდაპირ თქვა, რომ მათ შორის არსებული ურთიერთობის საჯაროდ განხილვა არ სურს.

"ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფანტასტიკური მეგობრობაც. როგორც მეგობარიც, ძალიან კარგია. მე ვთვლი, რომ პირადი ურთიერთობა ამიტომაც ჰქვია, რომ პირადია. რამდენად მინდა, რომ სხვებმა განიხილონ ჩემი ურთიერთობა, ეს სხვა საკითხია," - ამბობდა ჯულიანა ბარგნარი.

juliana

  • კარინა ლისენკო და რატი გაჩეჩილაძე

მოცეკვავეების, კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის წყვილს საქართველოში ბევრი იცნობს - ისინი არაერთი სეზონის განმავლობაში პოპულარული პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები იყვნენ პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში. კარინასა და რატის საკუთარი ცეკვის სტუდია აქვთ, სადაც ახალ თაობებს ზრდიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

  • "ასეთი მომენტები..." - რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს საზაფხულო არდადეგები პატარა ემილიასთან ერთად

"მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი გაჩეჩილაძე.

karina