"ზოგჯერ გენატრება შენი ძველი ცხოვრება, შენი თავისუფლება, ის დრო, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი…" - ჯანეტ ქერდიყოშვილი დედობასა და დედობის სირთულეებზე - Marao

"ზოგჯერ გენატრება შენი ძველი ცხოვრება, შენი თავისუფლება, ის დრო, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი…" - ჯანეტ ქერდიყოშვილი დედობასა და დედობის სირთულეებზე

2026-10-13 14:01:42+04:00

"დედობა საოცარი და ამავდროულად უცნაური გრძნობაა… 

ზოგჯერ ისე ძალიან გინდა, სულ ცოტა ხნით მაინც მარტო დარჩე, საკუთარ თავს დაუთმო დრო, სიჩუმით დატკბე… მაგრამ როგორც კი შვილს შორდები, უკვე მისი მონატრება გიპყრობს.

ზოგჯერ დაღლილობისგან ძალაც აღარ შეგრჩენია, მთელი დღე ფიქრობ, როდის დადგება საღამო, როდის დაიძინებენ ბავშვები… მაგრამ როცა სახლში სიჩუმე დგება, შენ მაინც არ იძინებ, რადგან ეს ერთადერთი დროა, როცა შეგიძლია, უბრალოდ საკუთარი თავი იყო.

ზოგჯერ გენატრება შენი ძველი ცხოვრება, შენი თავისუფლება, ის დრო, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი… მაგრამ ახლა ვეღარც კი წარმოგიდგენია სამყარო შენი შვილების გარეშე.

შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ყველას საჭიროება, სურვილი და ტკივილი ახსოვს. ცდილობ, ყველასთვის ყველაფერი მოასწრო, ყველას სითბო და სიყვარული ეყოს… და ამ ყველაფერში ხშირად გავიწყდება საკუთარი თავი.

ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, გინდა, ეს რთული დღეები მალე დასრულდეს… მაგრამ იმავე წამს გულში ჩუმად ნატრობ, ნეტავ დრო ცოტა ხნით გაჩერდეს.

ნეტავ კიდევ დიდხანს დარჩნენ პატარები…

ნეტავ კიდევ დიდხანს გეძახდნენ ყოველ წუთს „დედას“…

ნეტავ კიდევ დიდხანს ეტეოდნენ შენს მკლავებში ისე, როგორც დღეს…

რადგან იცი, ერთ დღესაც ეს პატარა ხელები გაიზრდება, ეს ხმაური მოგენატრება და ის დღეები, რომლებიც ახლა უსასრულოდ გეჩვენება, შენს ყველაზე ძვირფას მოგონებებად იქცევა.

ალბათ, სწორედ ეს არის დედობის ყველაზე დიდი პარადოქსი . ზოგჯერ გინდა, ერთი დღით მაინც დაისვენო ყველაფრისგან, მაგრამ ამავდროულად მთელი გულით ნატრობ, რომ ეს დღეები არასოდეს დასრულდეს.

დედობა გვასწავლის, რომ შეიძლება ერთდროულად იყო უსაზღვროდ დაღლილი და უსაზღვროდ ბედნიერი.

და ალბათ, ყველაზე დიდი სიყვარულიც სწორედ ეს არის…" - წერს სოციალურ ქსელში ჯანეტ ქერდიყოშვილი, "მის საქართველო 2011", რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა. 

janet

ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახი და კარიერა

ჯანეტ ქერდიყოშვილი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და გამორჩეული სახეა. ის 1991 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მან უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ფართო საზოგადოებამ კი სილამაზის კონკურსიდან გაიცნო. მან 2011 წელს ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით მან მონაწილეობა კიდევ არაერთ საერთაშორისო პროექტში მიიღო.

  • "ახლა ვხვდები – ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭირო იყო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი, ძმაზე, გარდაცვლილ დაზე, მეუღლესა და ოჯახზე

2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

  • "ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით" - ჯანეტ ქერდიყოშვილის წერილი

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. მოგვიანებით კი კიდევ ორი გოგონას, ლილისა და ემმის მშობლები გახდნენ.