„დღესვე მინდა ავდგე და წავიდე...“ - ნინი შერმადინი ემიგრაციაში განცდილ ნოსტალგიასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე - Marao

„დღესვე მინდა ავდგე და წავიდე...“ - ნინი შერმადინი ემიგრაციაში განცდილ ნოსტალგიასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე

2026-10-16 14:02:42+04:00

გადაცემა „უეჭველი ქართველის“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი მომღერალი ნინი შერმადინი იყო. გადაცემაში მან ემიგრაციაში ცხოვრებაზე, სამშობლოს უსაზღვრო მონატრებასა და იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსა და ამერიკას უკავშირდება.

"ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ჩავდივარ ბებიასთან და ვნახულობ; ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ძმებთან და ძმისშვილებთან ერთად ვიძინებ; ბედნიერი ვარ, როდესაც შემიძლია ყოველდღე მივიდე ჩემი მშობლების საფლავზე. ყველაზე მეტად მიხარია მაშინ, როდესაც ქუჩაში მხვდებიან და მეხუტებიან.

ამერიკა განა არ მიყვარს, ან როგორ შეიძლება უმადური ვიყო - ამ ქვეყანამ რაც მომცა და განმავითარა, ესეც ჩემი მეორე სახლია, მაგრამ ეს ნოსტალგია, რაც ემიგრაციაში ვიგრძენი, კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინებს, როგორ მენატრება და როგორ მინდა სახლში მალე წასვლა. არაფერი შემიშლის ხელს - დღესვე მინდა ავდგე და წავიდე, თუმცა ახლა მიჯაჭვული ვარ ჩემს სკოლაზე, სადაც ბავშვებს ვჭირდები.

აქაც მინდა და საქართველოშიც მინდა; მინდა ხიდი გავდო ამერიკასა და საქართველოს შორის, რადგან ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა და საქართველოდან ბავშვების ჩამოყვანა შემიძლია, რომ მათ ჩვენი ფოლკლორი, ქართული მუსიკა და ოპერა გავაცნოთ. ახლახან გაცვლით პროგრამაზე ვისაუბრეთ და მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაცით გამოვადგე საქართველოსა და ქართველებს. ამას ვერავინ გაიგებს, თუ ჩემს ადგილას არ არის - მე როგორ განვიცდი საქართველოსგან შორს ყოფნას," - ამბობს ნინი.

nini-shermadini

  • "ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით!" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს 

ნინი შერმადინი კარიერა

ნინი შერმადინმა 2003 წელს მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“ (იმედის არხი). 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსში. იქვე ფესტივალის მუზის, ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო. 2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა.

  • „სანამ სამართლებრივად არ ვაგებინებ პასუხს ამ ამბის მთავარ გამავრცელებლებს, ბოლო კომენტარს გავაკეთებ“ - რას წერს ნინი შერმადინი 

2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა. ამჟამად ნინი შერმადინი ცხოვრობს აშშ-ში და დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით. ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი.