„ვარდისფერმა სათვალემ 20 წლის მერე იცვალა ფერი... 51 წლის გავხდი, ასაკს არ ვმალავ და არც წლების მატება მაშინებს“ – ნინო კურატაშვილი გადაფასებულ წლებსა და კამერების მიღმა დარჩენილ ემოციებზე - Marao

„ვარდისფერმა სათვალემ 20 წლის მერე იცვალა ფერი... 51 წლის გავხდი, ასაკს არ ვმალავ და არც წლების მატება მაშინებს“ – ნინო კურატაშვილი გადაფასებულ წლებსა და კამერების მიღმა დარჩენილ ემოციებზე

2026-10-15 17:34:58+04:00

ახლახან ტელეწამყვან ნინო კურატაშვილს დაბადების დღე ჰქონდა, 51 წლის გახდა. ის არც ასაკს მალავს და არც წლების მატების ეშინია. ამბობს, რომ თავისი ცხოვრების მადლიერია და მისთვის ყველა განსაცდელი თუ წინაღობა ერთგვარი გაკვეთილი იყო სამყაროსგან – ასწავლა ბევრი რამ, მისცა გამოცდილება და წინ სავალი სწორი გზა დაანახვა.

nino-kuratishvili

ნინო კურატიშვილის ინტერვიუ

- ვარდისფერი სათვალით დიდხანს ვიყავი. ბევრი რაღაცების, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება, მათ შორის, ადამიანებში გარკვეული თვისებების აღმოჩენაც, საკმაო ასაკში დავიწყე. საბედნიეროდ, გამიმართლა და ჩემ გარშემო, ისეთი სამეგობრო, ოჯახი და საახლობლოა, რომ ნამდვილი სამყაროს საჩუქარია. მოკლედ, დიდხანს მეგონა, რომ სამყარო ვარდისფერი და ბრჭყვიალა იყო და იმ ვარდისფერმა სათვალემ 20 წლის მერე ნელ-ნელა იცვალა ფერი. ამ გადასახედიდან, საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრების გზა გამოვიარე, სადაც იყო ცუდიც და კარგიც, რამაც დიდი გამოცდილება მომცა და მერე გამომადგა.

  • "რაც გავთხოვდი, ათიდან ცხრა კონცერტსა და გასტროლზე, რომელიც შორ გზაზე იყო, უარს ვამბობდი" - ირმა სოხაძე წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ოჯახის შესახებ

შეიძლება, იმწუთას კონკრეტული მომენტი მტკივნეულია, ვერ აცნობიერებ, რატომ ხდება, მაგრამ მერე ხვდები, ყველა მომენტი რაღაცის სასწავლებელია, უკეთესი გამოცდილებისთვის და წინსვლისთვის. ამის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება და ვერ ვითარდება, ამიტომ ვამბობ, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ ხდება, რომ კანონზომიერია. წლებთან ერთად, ბევრი რამის გადაფასებაც მოხდა. რაც დრო გადის, ჩვენ გარშემო ბევრი რამ იცვლება, ბევრი რამ ჩნდება ისეთი, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი და ეს ეხება როგორც მოვლენებს, ისე ადამიანებს. გულიც მტკენია, როგორც ყველას, მაგრამ ვცდილობ, არ დამრჩეს გულში წყენა. არ არის პატიება მარტივი, მაგრამ ვცდილობ. პატიებაში ვგულისხმობ საკუთარ თავში იმ ძალის მოძებნას, გულში წყენა არ დავიტოვო და საკუთარი თავი არ დავიზიანო. გულისტკივილიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

– ახლახან გქონდა დაბადების დღე, რამდენად გიყვარს დაბადების დღის აღნიშვნა?

– 51 წლის გავხდი, ასაკს არ ვმალავ და არც წლების მატება მაშინებს. ასაკის დამალვის შინაარსს ვერ ვხედავ, პირიქით, მადლობა ღმერთს ყველა წლისთვის და დღისთვის. ის უფრო სასიამოვნოა, როცა გეტყვიან, წლები არ გეტყობა, კარგად გამოიყურებიო, ვიდრე პირიქით. ამ 51 წლის განმავლობაში ცხოვრების ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე და გადავლახე. ერთფეროვანი ცხოვრება არ არსებობს, ხან ისეა, ხან – ასე, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებელია განვითარებისთვის. ყველა ეტაპს ჰქონდა თავისი სირთულეები, ბევრი გამოწვევაც ყოფილა, მაგრამ ადამიანი სანამ ცოცხალი ხარ, ყველაფრის მოგვარება შეგიძლია.

  • "ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით და ბავშვებიც გვყავს, უბრალოდ ჯვარი არ გვქონდა დაწერილი“ - რას ჰყვება შეფი ლევან კობიაშვილი მეუღლეზე

არც რადიკალური ცვლილებები მიყვარს, მაგრამ თუ გარემოება იცვლება, ადაპტაციას ვახდენ. კიდევ ვამბობ, თუ რამე ხდება, ვფიქრობ: ასე იყო საჭირო, რომ მომხდარიყო, ეს ცვლილებაც უკეთესობისთვისაა. სხვათა შორის, ბავშვობაში დაბადების დღეების გადახდა ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვიხდიდი. 20 რიცხვი რომ მთავრდებოდა, 21-ში შემდგომი დაბადების დღის სიას ვწერდი . მერე, წლები რომ გავიდა, ნელ-ნელა გავზარმაცდი და აღარ ვიხდიდი.

– ვფიქრობ, ფართო საზოგადოებამ, რეკლამით გაგიცნო და დღემდე ახსოვთ „მაგთის“ ის რეკლამა, სადაც ულამაზესი ხუჭუჭა გოგონა ჩანს კლიპში.

– მაშინ, სოციალური ქსელები არ არსებობდა და რეკლამა ტელევიზიით კარგად მუშაობდა. გეთანხმებით, ის კონკრეტული ორი „მაგთის“ რეკლამა დღესაც ბევრს ახსოვს. ერთი, ინფორმაციული ხასიათის იყო და თან, მობილური ტელეფონი ახალი შემოსული იყო ჩვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის, სარეკლამო ბანერიც იყო გამოკრული ახლანდელი მერიის შენობაზე და მახსოვს, როცა თვალს მოვკრავდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი. ვხუმრობდი: საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ ყველა უყურებს და მაინც რეკლამიდან მცნობს ხალხი ქუჩაში-მეთქი.

წაიკითხეთ სრულად