ნანი – ეს სახელი გვარის გარეშეც საკმარისია ქართული და რუსული საზოგადოებისათვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღემდე ვერ გამოდიან მისი ხიბლიდან. 21 ივლისს ქართული სცენისა და სრულიად საქართველოს მშვენებას, ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 90 წელი შეუსრულდა.

– ქალბატონო ნანი, საიდან იწყება თქვენი ასეთი ბრწყინვალე ცხოვრება, რომელიც თქვენ შეუქმენით საკუთარ თავს. გასახსენებელი ნამდვილად ბევრი გექნებათ.
– ეს იყო ძალიან საინტერესო ცხოვრება და დღემდე გრძელდება. შემოქმედებითი მხრიდან რომ დავიწყო, ძალიან დიდი როლი ითამაშა „ორერამ“. ვიდრე „ორერაში“ მოვხვდებოდი, იცით, რომ ვმღეროდი სახელმწიფო ორკესტრში – „რეროში“, რომელსაც კონსტანტინე პევზნერი ხელმძღვანელობდა, ეს შესანიშნავი პიროვნება და კომპოზიტორი. მანამდე კი, ისე, ჩემთვის ვმღეროდი. ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ჩემს საქმეს და არა სიმღერას. მიმაჩნდა, რომ სიმღერა არ იყო ჩემი საქმე. მე დავამთავრე მუსიკალური ტექნიკუმი ფორტეპიანოს კლასით და მერე – კონსერვატორია.
სიმღერაზე მართლა არასოდეს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე, ორი წლის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ მე ჩემი თავი უფრო ექვსი წლიდან მახსოვს – აი, სტუმრები როცა გვყავდა სახლში, მაშინ გამოვდიოდი და ვმღეროდი. საერთოდ, ჩემი ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო – დაწყებული დიდი ბებიით, დამთავრებული დედაჩემით და დეიდაჩემებით. დეიდაშვილებიც – 11 დეიდაშვილი მყავდა და ყველა მღეროდა. ადრე სიმღერისადმი სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ხალხს – სცენისკენ სერიოზულად არავინ ილტვოდა. ჩვენ ვმღეროდით ჩვენთვის სახლში, ის იყო ჩვენი სცენა. რაც თავი მახსოვს, სულ გვყავდნენ სტუმრები და როგორც გითხარით, ყველა ვმღეროდით. ერთ-ერთი დეიდა – ქეთუნია მიქელაძე კი, პროფესიონალი მომღერალი იყო. პირველ სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა. სტალინთან ერთად გამოვიდა დეკადაზე 1937 წელს, 18 წლის რომ იყო. ერთად იმღერეს. მის მერე დეიდა და დედაჩემიც, სანამ გათხოვდებოდნენ, პროფესიონალურ სცენაზე მღეროდნენ.
– ქალბატონო ნანი, მაშინ და ახლა – ვფიქრობ, ნამდვილად არის ეს ვიზუალური განსხვავება. ამიტომ გკითხავთ. ცხოვრების ეტაპებზე რამდენად აქცევდით ყურადღებას ვიზუალურ მხარეს, მომზადებას, მაკიაჟს, ტანსაცმელს, ვარცხნილობას?
– რა თქმა უნდა, გარეგნობას ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, აი, ერთხელ, კანადაში ვართ გასტროლებზე, რაღაც ექსპოგამოფენა იყო, საქართველოდანაც იყვნენ წარმომადგენლები ამ გამოფენაზე, მუსიკალური მხარე კი „ორერა“ იყო. ვმღერი: „დაროგუ დლინნუიუ“ – ძალიან პოპულარული იყო რუსული რომანსები. მაშინ პრაქტიკა არ მქონდა, არ ვიცოდი და ძალიან შევიღებე წამწამები შავი ტუშით. მგონია, რომ გადასარევად ვარ. ყველანი იქ არიან, ბიჭები. დავიწყე სიმღერა. ძალიან დიდი პროჟექტორები მომანათეს სახეზე და დადნა ეს ტუში. ვამჩნევ, რომ ცალ თვალზე უკვე ცრემლი მომდის, მაგრამ შავი ცრემლი.
მერე ძალიან ვიცინოდით ამაზე, მეორეზეც რომ წამოვიდა, ვიმღერე, მაგრამ ვატყობ ვეღარ ვდგავარ სცენაზე და ბიჭებს ვეუბნები ჩურჩულით, მომეცით ხელი, თორემ დავვარდები ახლა-მეთქი. მადლობა გადავუხადე დარბაზს, შავი ცრემლებით ვტიროდი და ასე გამიყვანეს. დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე: როგორი არაჩვეულებრივი მომღერალია, ისე განიცადა, რომ ტიროდა და ჩვენც აგვატირაო...
– ყველას აინტერესებს, როგორი ხართ ყოფით ცხოვრებაში.
– ყოველდღიურობაში ვარ ჩვეულებრივი, როგორც ყველა უბრალო ადამიანი. ახალგაზრდა როცა ვიყავი, სულ გავდიოდი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად, სტუმრად მოდიოდნენ ჩემთან, კარს არ ვკეტავდით და ტელეფონიც არ იყო გადატვირთული. არც კი რეკავდნენ, ისე იყო სავსე ჩემი ოჯახი სტუმრებით – ეს სხვა მხარეა და ამ სიბერეში რა უნდა გითხრა, ვერც გავდივარ გარეთ, ლიფტი არ გვაქვს და მეხუთე სართულიდან ძალიან მიჭირს ფეხით. როცა კონცერტია ხოლმე, ვბრაზობ უკვე, ვეუბნები: დამანებეთ თავი, რაღა დროს ჩემი სიმღერაა. ძალიან დიდი ხანი, ალბათ, ორი საათი მაინც მჭირდება მომზადება. ადრე ვიწყებ მომზადებას. რომ მიდიხარ და უცებ წაისვამ რაღაცას, უცებ რაღაცას გადაიცმევ, მე ასეთი რამ ახალგზარდობაშიც არ მქონია. ძალიან ვიღლები, ალბათ, უფრო ემოციებისგან. სცენაზე რომ დგახარ, შენ შენს თავს არ ეკუთვნი. თუ გადაღლილი ვარ, თავი თუ არ მუშაობს, ის კონცერტი ჩემთვის კონცერტი არ არის. გონება მაქვს ჩართული ყველანაირად, კონცენტრირებული ვარ მხოლოდ კონცერტზე და კონცერტიც რომ არ მაქვს, ჩემს სახლში სულ სიმღერაა. დღე არ არის, არ ვიმღერო. რომ წახვალ, მე აუცილებლად მივუჯდები როიალს.