ანა ტყებუჩავას გადაცემას „მეხუთე ელემენტი“ სტუმრები, მომღერალი ირმა სოხაძე და მისი უმცროსი ქალიშვილი, ნატა ასათიანი ეწვივნენ. გადაცემის მთავარი თემა დედაშვილობა, ოჯახური ურთიერთობები და თაობათა შორის არსებული ზღვარი იყო.

ირმა სოხაძის და ნატა ასათიანის ინტერვიუ
ირმა სოხაძემ გადაცემაში საკუთარი გამოცდილება გულახდილად გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნატასთან ურთიერთობაში პირველ შვილთან, სალომესთან დაშვებული შეცდომები გამოასწორა.
"ჩვენ ძალიან კარგი დედაშვილობა გვაქვს. უფროსი შვილი სალომეა, ნატა - უმცროსი. ალბათ შეცდომები, რომლებიც სალომესთან დავუშვი, ნატასთან გამოვასწორე. მე და ნატა ძალიან მეგობრული დედა-შვილი ვართ. ვფიქრობ, დედასა და შვილს შორის და ზოგადად ოჯახშიც, მეგობრობა გადამწყვეტია.
შვილი უნდა ეცადო, რომ შენს ჭკუაზე არ გაზარდო. დიდაქტიკურად საერთოდ არაფერი გამოდის - პირიქით, უცხოვდები, შორდები, შენი ავტორიტეტი არაფერში წერია და არ აინტერესებს. მე და ნატას სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა. ბევრი საერთო გვაქვს: ღირებულებები, იუმორის გრძნობა, ერთნაირ რაღაცებზე გვწყდება გული.
19 წლის ასაკში დავოჯახდი და 20 წლისა დედა გავხდი. ძალიან ძნელია... სალომე სულ მსაყვედურობდა, რომ მზად არ ვიყავი. მახსოვს, პირველად სამშობიაროში რომ მომიყვანეს ბავშვი, არ ვიცოდი, ვინ იყო, ვერ ვაცნობიერებდი, რომ მე უკვე დედა ვიყავი. უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომ უნდა აღვზარდო, კარგი განათლება მივცე, გზაზე დავაყენო. ამ ყველაფერმა ძალიან შემცვალა - ისეთი კატეგორიული აღარ ვარ, როგორიც ახალგაზრდობაში ვიყავი. ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ ჩემი შვილების," - ამბობს ირმა სოხაძე
საკუთარი მხრიდან დედაშვილურ ურთიერთობას გამოეხმაურა ნატა ასათიანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ პირველ შვილთან დაშვებული შეცდომების გაცნობიერება კარგი მშობლობის ნიშანია.
"მართლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის, რაც ირმამ თქვა - პირველ შვილთან დაშვებული შეცდომები გამოასწორაო - მართლა ჟანრის კლასიკაა. პირველ შვილებთან მშობლები ყოველთვის ვცოდავთ და კარგია, რომ ამას ვაცნობიერებთ. ეს ნიშნავს, რომ კარგი და ყურადღებიანი მშობელი იყავი.
ირმა ძალიან სახლის ადამიანია, მეოჯახე. ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს არცერთი ეტაპი, როდესაც ირმა სახლში არ ყოფილიყო და დედის მოვალეობები არ შეესრულებინა. რიგ შემთხვევებში, ის უფრო მეტად დედა იყო, ვიდრე საჯარო ფიგურა,“ - ამბობს ნატა ასათიანი.