მსახიობი მარინა საღარაძე ეკა ჩხეიძის გადაცემა "პირველი სტუდიის" სტუმარი იყო. გადაცემაში მან პირად ცხოვრებაზე, კერძოდ კი ყოფილ მეუღლეზე, მამუკა არეშიძესთან ურთიერთობასა და მათ დაშორებაზე გულახდილად ისაუბრა.
როგორც მსახიობი იხსენებს, 25-წლიანი თანაცხოვრების დასრულება მისთვის მძიმე და რთულად გადასატანი აღმოჩნდა.
"25 წლის მერე გავშორდი ჩემს ქმარს, მამუკა არეშიძეს. მასთან ერთად გავიარე ბევრი მძიმე პერიოდი, წლები, რა ვიცი რა არ გავიარეთ ერთად. დაშორება ძალიან განვიცადე. ეს წარმოუდგენელი სიტუაცია იყო. დიდხანს ვერ მივხვდი, რა მოხდა. ძალიან ბანალური ისტორიაა, დიდად არაფერია საინტერესო. მგონი მამუკა, რომ დაფიქრდება მიხვდება, რომ შეცდა, მაგრამ უკვე გვიანია" - ამბობს მარინა.

მარინა საღარაძე
მარინა საღარაძე ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობია. იგი 1956 წელს დაიბადა და ცნობილი ქართველი მსახიობის, გურამ საღარაძის, ერთადერთი ქალიშვილია.
მარინას თეატრის სიყვარული ბავშვობიდან გაუჩნდა. როგორც თავად იხსენებდა, პატარაობიდან ხშირად ხვდებოდა თეატრალურ გარემოში, რამაც მის პროფესიულ არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. წლების განმავლობაში იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან იყო დაკავშირებული, სადაც მსახიობად მუშაობდა. მოგვიანებით თეატრში ადმინისტრაციული საქმიანობაც შეასრულა.
მარინა საღარაძე მსახიობ მამასთან ახლო ურთიერთობას იხსენებდა. გურამ საღარაძის გარდაცვალება 2013 წლის 17 იანვარს მისთვის მძიმე დანაკარგი აღმოჩნდა.

"ჩემს ცხოვრებას ვყოფ ორ ეტაპად – მამასთან ერთად და მის გარეშე. მისი გარდაცვალება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წლები დამჭირდა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.
როცა ადამიანი ჩაწოლილია და ყოველ წუთს ელოდები სიკვდილს, ეს სხვაა, მაგრამ მამა ზუსტად 10 წუთში დავკარგე. კი, ავადაც იყო, დიაბეტიც ჰქონდა, გულიც აწუხებდა, მაგრამ თავს სერიოზულად უფრთხილდებოდა.
2013 წელი ჩემს ცხოვრებაში არის დიდი უბედურება. 17 იანვარს მოხდა ეს საშინელება და ერთ კვირაში თეატრიდან გამომიშვეს.
შოკიდან ძალიან ნელა გამოვდივარ. სულ ვფიქრობ, იმ ერთ კვირაში რა მოხდა ამისთანა ან ცაში, ან მიწაზე, რომ მამის წასვლა ამქვეყნიდან და თეატრიდან ჩემი გაშვება ერთდროულად დამატყდა თავს. ამით წერტილი დაესვა უზარმაზარ, ლამაზ, თბილ და მნიშვნელოვან ეტაპს" - ამბობდა მარინა